სატრანსპორტო ბიზნესი საქართველოში

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მცირე ბიზნეს-საქმიანობა საკმაოდ ბევრი ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთი და მუდმივი წყაროა, მარკეტერი დაინტერესდა, საქართვლოში ერთ ერთი სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე საშუალო ბიზნესით და ამ მიზნით გლდანში არსებულ ავტოსადგურს ესტუმრა.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, მართალია, საწვავის ფასმა მგზავრობის საფასურიც გაზარდა, მაგრამ ადამიანებს ძველებურად ხშირად უწევთ გადაადგილება. მარკეტერი ,,შპს სვირის” დამფუძნებლებს, გია ევსიასა და ნოდარ ხარაიშვილს ესაუბრა

რამდენი წელია, რაც თქვენი ავტოსადგური ფუნქციონირებს? რატომ შეიქმნა და ვინ არიან ,,შპს სვირის “ დამფუძნებლები?

მცირე ბიზნესი 1993 წელს დავაარსეთ, იდეის ავტორები ტრანსპორტელები, ამ საქმეში ჩახედული და მცოდნე ადამიანები იყვნენ. მიზნად გვქონდა აგვეთვისებინა ეს მრავალრიცხოვანი დასახლებები: გლდანი, მუხიანი, თემქა. მოგეხსენებათ, ძალზედ რთული დრო იყო. დანგრეული ეკონომიკა, გაწყვეტილი კავშირები, სახელმწიფო სტრუქტურები გაუქმებული, სამოქალაქო ომის კვალი აჩნდა თბილისს. ნელ-ნელა მწყობრიდან გამოდიოდა საქალაქთაშირისო ტრანსპორტი, თუკი ქალაქის სამგზავრო საშუალებები ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, მეტრო დოტაციაზე მყოფი საწარმოები იყვნენ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მოგებაზე მუშაობდა. იმდენად მძიმე დრო იყო, მგზავრიც ჭირდა ანუ ხალხი უკიდურეს შემთხვევაში გადაადგილდებოდა. თავიდან შვიდნი ვიყავით, ახლა ოთხნი დავრჩით. სრული ქაოსი იყო, მაგრამ არც ახლაა სატრანსპორტო სისტემაში გარკვეულობა. თავიდან ჩვენ წარმატებით ვმუშაობდით რუსეთის მარშრუტებზე, გვყავდა კარგი სატრანსპორტო საშუალებები, შიდა მარშრუტები არ გვქონდა. მას შემდეგ, რაც დაიძაბა დიპოლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, დავითხოვეთ ჩვენი მძღოლები, რომლებთან სახელშეკრულებო დამოკიდებულება გვქონდა. დღეს საერთაშორისო მარშრუტები თურქებს უჭირავთ. ორთაჭალაში რვა ფირმაა დარეგისტრირებული, დღეში 40 მანქანა გადის, სრულიად დატვირთულია სადგური. სამგზავრო ავტობუსების ფასი 200 000 დოლარია. ჩვენს მძღოლებს და ფირმებს გაუჭირდებათ მათი შეძენა. თურქები 2-3%-იან სესხს იღებენ 20 წლით , ნელ-ნელა ისტუმრებენ ვალს. ჩვენთან ამხელა ვალის აღება ამ საქმეში არანაიარად არაა გამართლებული.

რამდენად დიდია ამ სფეროში კონკურენცია? ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად, რა არის ის გამასხვავებელი ნიშანი, რითაც ისინი თქვენზე მომგებიანნი არიან?
დღეს ამ სფეროში, ისევევ როგორც სხვაგან, დიდი კონკურენციაა. ჩვენი დაკვირვებით, უცხოეთის ქალაქებში ცდილობენ ავტოსადგურები ქალაქის გარეუბანში გადაიტანონ, რათა ტრანსპორტმა ნაკლებად იაროს ქალაქში, ნაკლებად დაბინძურდეს ჰაერი და გადაადგილებაში ხელი არ შეუშალოს მსუბუქ მანქანებს. გლდანი დიდი დასახლებაა, პატარა ქალაქია, შეიძლება ითქვას, 200-250 ათასი მცხოვრებით. ბიზნეს-გათვლებით დასავლეთისკენ მიმავალი ყველა მგზავრი ჩვენი კლიენტი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი კონკურენტი დიდუბის ავტოსადგურია, უფრო სწორად, ავტოსადგურები, რადგან ძველი სადგურის ტერიტორიაზე უკვე ოთხი სადგური მოქმედებს. არცთუ ისე დიდია ტერიტორია, მაგრამ ძალზედ გადატვირთული, ერთი შეხედვით ქაოსია, უფრო ბაზარს ჰგავს ვიდრე ავტოსადგურს, მაგრამ არის კუნძულები, სადაც არის სალარო, ავტოსადგომი და, რაც მთავარია, მრავალნაირი მარშრუტები. სადგურმა ,,ოკრიბამ” მგზავრთა მიზიდვისა და კონკურენტებზე ფინანსური დარტყმის მიზნით, იმ დროს, როცა საჩხერე-ჭიათურაში მგზავრობა 10 ლარი ღირდა, სამ ლარზე ჩამოიყვანა მგზავრობის ღირებულება, საკუთარი ჯიბიდან ასხამდა საწვავს ავტოსადგურის მფლობელი, ამით ყველას წაართვა მგზავრი. გარკვეული დროის შემდეგ, რა თქმა უნდა, ფასებმა ისევ აიწია, მაგრამ იმ აქციამ კარგი შედეგი გამოიღო მაშინ ,,ოკრიბასთვის”. მთავარი განმასხვავებელი კი არჩევანის მრავალფეროვნებაა. დიდუბეში მისულმა მგზავრმა იცის, რომ რამდენიმე ვარიანტს შეარჩევს სამგზავროდ და ცდა არ მოუწევს შემდეგი რეისის გასვლის მოლოდინში.

რა მიმართულებით მოძრაობენ თქვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები? როგორ ხდება მარშრუტების შერჩევა? რომელია ყველაზე მომგებიანი და დატვირთული მარშუტი?

როცა რუსეთის მარშრუტებზე ვმუშაობდით არ გვიზრუნია სხვა ხაზების ნებართვა მოგვეპოვებინა, რადგან ჩვენი ტერიტორია სრულიად დატვირთული იყო. ამჟამად ძირითადად საჩხერე-ჭიათურის, ზუგდიდის მიმართულებით გადაგვყავს მგზავრები. Gგვაქვს ასევე ბათუმის მიმართულებით დილის რეისები, ისიც ზაფხულის სეზონზეა მომგებიანი, ზამთარში ნაკლებად. ჩვენს საკუთრებაში მყოფი ტერიტორია რუსთავის მიკროავტობუსებისთვის გვაქვს მიქირავებული, საკმაოდ დატვირთულად მუშაობენ.

თქვენ რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს, რითი დააინტერესებთ?

ჩვენი სამარშრუტო ავტობუსები, ძირითადად, იტვირთება დღესასაწაულებსა და შემოდგომაზე, როცა ხალხი სოფლებისკენ მიეშურება. მრავალი წელია რეისი ერთსა და იმავე დროს გვაქვს, არ ვცვლით გრაფიკს. ბათუმის მიმართულებით დილის 7 საათიანი რეისი გვაქვს სეზონზე, ზამთარში ნაკლებად მუშაობს ეს ხაზი ჩვენგან. თუ ისე მოხდა, რომ რამდენიმე მგზავრი მოგვადგა და არ ღირს მანქანის გაშვება, ასეთ შემთხვევაში ვატყობინებთ დიდუბის სადგურში ნაცნობ მძღოლებს და ვატანთ ჩვენს მგზავრებს. ამაში მომსახურების პროცენტს ვიღებთ. საერთოდ სხვებზე უკეთესი მომსახურება გვაქვს. ვაკითხავთ შინ მგზავრს, თუ გვთხოვს, ვურეკავთ, ვახსენებთ. ამ სერვისების გამო ხშირად მოდიან, ჩვენი სავიზიტო ბარათებიც აქვთ, ბევრს სახეზეც ვცნობთ, ურთიერთობები გვაქვს. არც ფასებს ვზრდით, დღესასწაულებზეც კი, როცა ბევრია მგზავრობის მსურველი. ბათუმისკენ მგზავრობა ყოველთვის 20 ლარი ღირდა, ქობულეთი-18. ზუგდიდის მიმართულება სხვაგან 15 ლარია, ჩვენ მუდამ 13 ლარად ვყიდით ბილეთს. საჩხერე-ჭიათურაში 10 ლარად შეგიძლიათ გაემგზავროთ. ამას გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი,რომელშიც ჩვენ გამორჩეულ უპირატესობას ვგრძნობთ. ჩვენი მძღოლები კვალიფიციურნი არიან, მათი პირადი საქმეები აქ კაბინეტში ინახება. ჩვენს მანქანებს არასოდეს ჰქონიათ ავტოსაგზაო შემთხვევა, ამით ვამაყობთ კიდეც. აქვე გვაქვს მცირე შემკეთებელი საამქრო, ხელშეკრულება დავუდეთ მეოთხე ავტოშემკეთებელ საწარმოს. მართალია, მძღოლი მოდის საკუთარი მანქანით და იგი ვალდებულია მანქანა წესრიგში ყავდეს, მაგრამ საჭირო დროს ჩვენც ვეხმარებით, რომ მოქალაქემ უსაფრთხოდ იმგზავროს. სამწუხაროდ, ხშირად მომხმარებელი ყურადღებას არ აქცევს რამდენად კვალიფიციურია მძღოლი დასადღაც, ავტოსადგურის გარეთ, ჩამომდგარ მანქანას მიჰყვება. მართვის უფლება სხვადასხვანაირია, მოყვარულის მოწმობა არ არის საკმარისი, როცა დიდ მანძილზე მგზავრებით სავსე ავტობუსი მიგყავს.

რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული? რამდენია მათი შემოსავალი საშუალოდ? რა კრიტერიუმებით სარგებლობთ, როცა მძღოლს სამსახურში იღებთ?

ოთხი დამფუძნებელი, ავტოსადგურის თანამშრომლები, მძღოლები, სულ 15 ადამიანი გვყავს დასაქმებული. Yყველა მძღოლი ინდმეწარმეა, საგადასახადოსთან თვითონ აწარმოებენ ანგარიშგებას. სალაროში გაყიდული ბილეთებიდან პროცენტული რაოდენობაა მათი, გზაში აყვანილი მგზავრის საფასურიც მათია. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მანქანა გამართული უნდა იყოს, მძღოლის საბუთები წესრიგში, სმის მოყვარულებს ვერიდებით, კვლიფიციური და გამოცდილი კადრი აგვყავს სამუშაოდ.

რამდენად მომგებიანი ბიზნესია? რა გამოცდილება გქონდათ, როდესაც ეს დაიწყეთ?

ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი ნოდარ ხარაიშვილი ტრანსპორტელია. 1993 წლიდან ამ ბიზნეს-საქმიანობას ეწევა. მანამდე ერთი დიდი საწარმოს დირექტორი იყო. იგი მეტად მკაცრი და მომთხოვნია განრიგის, ფასების, მანქანების ტექნიკური გამართულობის საკითხებში. დღეისათვის უკეთესის მოლოდინის რეჟიმში ვართ. სატრანსპორტო საქმე ახლა ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებაშია. ჩვენი აზრით, ამ უწყებამ თვითონ უნდა მოახდინოს ამ მარშრუტების გადანაწილება. როგორც აღვნიშნეთ, ქალაქში ამჟამად ხუთი ავტოსადურია: ორთაჭალა, გლდანი, დიდუბეში ორი, და კახეთისკენ მიმავალი სამგზავრო ტრანსპორტის სადგური. მალე მუხიანში ახალი ავტოსადგური დაიწყებს ფუნქციონირებას და ჯერ არ ვიცით მისი ამოქმედება რას მოუტანს შპს ,,სვირს”.





Comments