30
დეკ
2016

Anano.e Never Enough – აქსესუარები, რომელიც არასოდესაა საკმარისი

30 დეკ 2016


ანანო ეზიეშვილი

ანანო ეზიეშვილი

ახალგაზრდა დიზაინერის, ანანო ეზიეშვილისთვის ახლანდელი საქმიანობა თავდაპირველად მხოლოდ დროის გასაყვანი საშუალება იყო. პირველი ნამუშევრები რუსთავის მაღაზიებში გაყიდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საკუთარი ბრენდი, Anano.e Never Enough შექმნა. პროფესიით მარკეტერი ანანო თიხით, ბისერებითა და ძაფების საშუალებით ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის. უფრო დეტალურად თავისი საქმიანობისა და ნამუშევრების შესახებ ანანომ მარკეტერთან ისაუბრა.

M: მოგვიყევით, როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების გაკეთება და როგორ აქციეთ ბიზნესად?

13-14 წლის ასაკში ჩემი დღევანდელი საქმიანობა მხოლოდ დროის გასაყვანი სასიამოვნო პროცედურა იყო, თუმცა მალევე გავაანალიზე, რომ თიხაზე მუშაობა ჩემთვის უბრალო ბავშვურ ჰობიზე ბევრად მეტი იყო. პირველად მაშინ გადავწყვიტე საკუთარი შემოსავალი იმ საქმიდან მქონოდა, რაც ასე მაბედნიერებდა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დაუხვეწავი ვიყავი, თუმცა არასდროს შემიწყვეტია საკუთარ თავზე მუშაობა და შედეგიც მივიღე.  რუსთავის მაღაზიებში დავიწყე ჩემი ნამუშევრების ჩაბარება და თვიური შემოსავალიც გამიჩნდა.

სამწუხაროდ, გარკვეული დროით ჩემს ფავორიტ ჰობზე უარის თქმა მომიწია, თუმცა მალევე მივხვდი, რომ საქმე, რომელიც კარგად გამოგდის და რომელიც გიყვარს არასოდეს არ უნდა მიატოვო. ბოლო ორი წელია განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობ.

M: როგორ შეურჩიეთ სახელი?

Anano.e Never Enough- ის დარქმევის იდეა თავად მომივიდა, რადგან, როგორც ქალი, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის აქსესუარები და ზოგადად ყველაფერი რაც გვამშვენებს, არასოდესაა საკმარისი.

M: მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა პროფესიის ხართ?

პროფესიით მარკეტოლოგი ვარ და თვითნასწავლი დიზაინერი, ვფიქრობ, რომ შემოქმედებითუნარიანობა ჩემს პროფესიაშიც ძალიან მეხმარება. დღესდღეობით ჰოლდინგ YOUR Group-ის დამფუძნებელი გახლავართ, რომელიც ასევე კრეატივისა და მშვენიერების აღქმის მოტივებზე ვითარდება.

M: რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს და ვინ გეხმარებათ ნამუშევრების შექმნაში?

ყველაზე აქტიურად ბროშების დამზადებაზე ვმუშაობ, – ფორმით დაწყებული, ფერთა გამით დასრულებული, ყველაფერს თავად ვარჩევ. ასევე, ტანსაცმლის დიზაინს და სხვადასხვა სახის აქსესუარებს ვქმნი. ძირითადი სამუშაო მასალა თიხა, ძაფები და ბისერებია.

მუშაობის პროცესში მხოლოდ ჩემი პატარა ძმისშვილი მეხმარება, რომელიც ორიგინალური იდეებით მუდმივად მამარაგებს. უშუალოდ ნამუშევრებზე კი, მარტო ვმუშაობ.

M: რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენს ნამუშევრებზე და რაში მდგომარეობს თქვენი გამორჩეულობა?

თითოეული ნამუშევარი მთელი ყურადღებითა და სიყვარულითაა შექმნილი. ყველაზე დიდი განმასხვევებელი ნიშანი ალბათ თავად ჩემი სტილის განსხვავებულობაა, ასევე ფერთა გამები და პროდუქტის ხარისხი.

მოთხოვნა ნამუშევრებზე საკმაოდ დიდია, ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავენ ჩემი ნამუშევრების დახვეწილობას, თუმცა მუდმივად ვცდილობ განვითარებას. საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით სერიოზულ სირთულეებთან გამკლავება არ დამჭირვებია, თუმცა ყოველთვის მზად ვარ გამოწვევებისათვის.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩემი ბრენდის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრის „დაპყრობას“, რაც, ჩემი აზრით, არც თუ ისე ირეალური ამბიციაა, როცა შრომობ და იბრძვი ამისათვის. ასევე დაწყებული მაქვს ხეზე მუშაობა, რომელიც მეტად გაამრავალფეროვნებს ჩემს ნამუშევრებს.

განხილვა