10
იან
2017

ახალი წლის პერიოდის ყველაზე პოპულარული 4 ქართული ბრენდი

10 იან 2017

ახალ წელი საჩუქრების ყიდვისა და გაცემის პერიოდია, თუმცა წლევანდელი წელი მაინც გამორჩეულად მრავალფეროვანი იყო ამ მხრივ, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც Secret Santa-ში ჩართულობა აღმოჩნდა. 2016 წლის ბოლოს ბევრი საჩუქარი გაიყიდა და შეიფუთა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით რამდენიმე ქართული პროდუქტი გამოირჩეოდა, მათ შორისაა MyMaika-ს მაისურები, AlterSocks-ის წინდები, Kura-Kura-ს “ტყლარწები” და John Wrap-ის სასაჩუქრე შეფუთვა.

ნოდო ლობჟანიძე

MyMaika.ge-ის დამფუძნებელი, ნოდო ლობჟანიძე ახალი წლის პერიოდში მაისურებზე გაზრდილი მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის გამომწვევი მიზეზების შესახებ საუბრობს:

„ყოველი ახალი წლის წინ დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა და ვცდილობთ მაქსიმალურად მზად დავხვდეთ გაზრდილ მოთხოვნას. მიუხედავად ამისა, წელს იმაზე 4 ჯერ მეტი შეკვეთა შემოვიდა, ვიდრე ამისთვის ვიყავით მზად. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენთანაც ყოველთვის გვიან ახსენდებათ ხოლმე ახალი წლის საჩუქრები და შესაბამისად, ეს “საგიჟეთი” 26 დეკემბრიდან დაიწყო. იმდენად არ ვიყავით ამ რაოდენობისთვის მზად, რომ გავაჩერეთ ონლაინ საკომუნიკაციო კამპანია და ონლაინ მაღაზიაზე შეკვეთის მიღების ფუნქციაც გავთიშეთ.

ასეთ გაზრდილ აქტიურობას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, პირველ რიგში ეს არის Secret Santa-ს თამაში. ყველა დიდ სიხარულს განიცდიდა საჩუქრის გაკეთებით/მიღებით და შემდეგ სოციალურ ქსელში გაზიარებით. თუმცა, რომ არა ჩვენი აქტიური ონლაინ საკომუნიკაციო კამპანია, ასეთი რამ არ “დაგვატყდებოდა თავს”. დღეს უკვე ვსხედვართ და ვაანალიზებთ “შავი ყუთის” ჩანაწერებს, რათა შემდეგ დეკემბერს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.”

რეზი ბესელაშვილი

მოთხოვნადი იყო AlterSocks-ის ფერადი წინდებიც.  ბრენდის დამფუძნებელი, რეზი ბესელაშვილი ამბობს, რომ ნოემბერთან შედარებით, დეკემბრის თვეში გაყიდვების მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა:

„დეკემბერში, წინა თვეებთან შედარებით, ალტერსოქსის წინდებზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს თავისთვის სურდა ფერადი და ნახატიან წინდების შეძენა, ძალიან დიდი ნაწილი ყიდულობდა საახალწლო საჩუქრად. ჯამში, ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 8000-მდე მომხმარებელს გავუწიეთ მომსახურება. მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა 16 დეკემბრიდან, 25-31 დეკემბრის პერიოდში კი, პიკს მიაღწია. ოთხივე ფილიალში დილიდან საღამომდე რიგები იდგა, რის გამოც დღეში რამდენჯერმე გვიხდებოდა პროდუქციით მომარაგება.

გაზრდილი მოთხოვნის მიზეზი პირველ რიგში ისაა, რომ ნახატიანი და ორიგინალური წინდა კარგი საახალწლო საჩუქარია. ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ “ალტერსოქსს” აქვს თავისი ბრენდირებული სასაჩუქრე ყუთები, რის გამოც მომხმარებელს აღარ უწევდა დამატებით შეფუთვაზე ზრუნვა. ასევე, სწორედ ამ პერიოდისთვის შევქმენით წინდების და ბრენდირებული ყუთების საახალწლო ვერსიაც, ჩავუშვით სრულიად ახალი კოლექცია, რამაც ძალიან გაამართლა და მოახდინა გაყიდვების სტიმულირება. Secret Santa-ს კამპანიაში ჩართული ადამიანებიც ძალიან ხშირად ყიდულობდნენ “ალტერსოქსის” წინდებს, რადგან სრულიად უცნობი ადამიანისთვის შესაბამისი საჩუქრის შერჩევა შეეძლოთ.”

ნატალია თარხან-მოურავი

საკმაოდ მოთხოვნადი იყო Kura-Kura-ს ფერადოვანი პროდუქციაც. ბრენდის მარკეტინგის კოორდინატორინატალია თარხანმოურავი: „ახალი წლის პერიოდში მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 5-ჯერ, საუბარი მაქვს დღეში დაახლოებით 1500 ადამიანსა და 800 ერთეულზე. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად შეიძლება დავასახელოთ ე.წ. “ბადე ტყლარწი” და “ჟელე”. განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნა იყო 31 დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს მაღაზიები ორი საათით ადრე დაიკეტა, სხვა პერიოდებთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით 300%-ით გაიზარდა.

ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა დამოკიდებულია პროდუქტის მარაგზე: თუ თაროები სავსე გვაქვს, მყიდველი ყოველთვის არის. ამასთან ერთად განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები აღნიშნუილი პერიოდისთვის: გრანდიოზული ფასდაკლებები, კონკურსები, საგანგებო შეფუთვები, სარეკლამო ვიდეოები და ა.შ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ “კურა-კურა” არაა მხოლოდ მაღაზია, ეს არის ადგილი, სადაც ბავშვებსა, თუ დიდებს ეხალისებათ მოსვლა და ურთიერთობა, გამოხატავენ დიდ სიყვარულს და ნდობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენს საქმიანობაში.“

რეზო ჩარკვიანი

საჩუქრების ყიდვის შემდეგ მათ შესაფუთად ბევრმა არჩევანი John Wrap-ზე შეაჩერა, რომელიც ახალი წლის დღეებში სრული დატვირთვით მუშაობდა. „ჯონ ვრაპის“ დამფუძნებელი რეზო ჩარკვიანი: „ახალი წელი საჩუქრების სეზონია. შესაბამისად, ამ პერიოდში John Wrap სრული მობილიზაციით მუშაობს და ჩვენ დღეში საშუალოდ 800-900 ადამიანს ვემსახურებით. პარალელურად ვმუშაობთ კორპორატიულ შეკვეთებზეც. ყოველი ახალი წელი ჩვენთვის იმის დასტურია, რომ ბაზარი უფრო და უფრო იზრდება და შესაბამისად, ჩვენც გვაქვს ზრდის დიდი პოტენციალი.

საჩუქრის შეფუთვაზე მოთხოვნა დეკემბრის დასაწყისში იწყებს ზრდას და პიკს 20 დეკემბრისთვის აღწევს. 20-31 დეკემბრამდე სტაბილური სრული დატვირთვით ვმუშაობთ.  John Wrap-ისთვის ახალი წლის პერიოდში კლიმატს წინასაახალწლო ციებ-ცხელების ყველა ასპექტი ქმნის. ამ პერიოდში თბილისის ყველა მოქალაქეს სურს საჩუქრის ლამაზად და გემოვნებით შეფუთვა.  ეს დიდი გამოწვევაა პატარა ბიზნესისთვის, რომ სწორად მოახდინოს რესურსების მენეჯმენტი და მაქსიმუმამდე გაზარდოს მომსახურების ეფექტურობა.“

პოპულარული ბრენდისთვის ახალი წელი თავად განაპირობებს გაყიდვების ზრდას, თუმცა ახალგაზრდა ბრენდებისთვის სწორი მენეჯმენტი, აქტიური კამპანიები და ეფექტური მომსახურება წარმატებული ფუნქციონირების გარანტია. მიღებული გამოცდილების დაგროვებით, გააზრებით და სამომავლო განვითარების დაგეგმვით კი, კომპანიებს მომავალი გამოწვევებისთვის უკეთესად მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ.

განხილვა