17
მარ
2017

ეკა ყიფიანი – #პირველისამსახური

17 მარ 2017

დღემდე ვერ ჩამოვყალიბდი პირველ სამსახურად რომელი მოვიხსენიო… მეათე კლასში – სასკოლო გაზეთში რომ ინტერვიუებს ვწერდი, თან არც ისე კარგად, მეთერთმეტე კლასში – გაცვლითი პროგრამის დროს ბავშვთა საფეხბურთო გუნდს რომ ვწვრთნიდი ამერიკის ერთ ერთ მოკრძალებულ სოფელში, თუ პირველ კურსზე ინგლისურს რომ ვასწავლიდი ჯიბის ფულის საშოვნელად. ალბათ მაინც იმას, რომლის ფარგლებშიც პირველი ოფიციალური ხელფასი დამენიშნა. ჰოდა, ეს უკანასკნელი სტუდენტობის პერიოდში მოხდა – 19 წლის ასაკში სრულიად შემთხვევით (შემთხვევით იმიტომ, რომ მანამდე ერთხელაც არ მიფიქრია სარეკლამო კარიერაზე), სარეკლამო სააგენტო “მაკენ ერიქსონ ჯორჯიაში” მოვხვდი სტაჟიორად. დასაწყისისთვის, სატელეფონო ზარებს ვპასუხობდი და ოფის მენეჯერის ფუნქციებს ვასრულებდი. შემდგომ, პირველ სავიზიტო ბარათს – სტრატეგი ეწერა, მეორეს ექაუნთ მენეჯერი, მესამეს კი ორივე პოზიცია ერთად. მევალებოდა სტრატეგიული გეგმის მომზადება, კლიენტთან პრეზენტაციის ჩატარება. არ მევალებოდა, მაგრამ ძალიან მომწონდა კრეატიულ სესიებზე დასწრება, სადაც ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა შემიტყუა და ამით წარმოუდგენელი წვლილი შეიტანა ჩემს ცხოვრებაში. ეს ადამიანი შემდგომი 11 წლის განმავლობაში ხან ჩემი უფროსი იყო, ხანაც პარტნიორი, შემდეგ მრჩეველი, ბოლოს კლიენტი და უცვლელად მეგობარი. პირველი დაბრკოლება იყო ხმის ამოღება და საკუთარი იდეის ამოღერღვა. ამიტომ უბრალოდ იდეის პრეზენტაციას ვაწყობდი და კრეატიულ გუნდს ვუგზავნიდი. ასე უფრო მარტივი იყო თითქოს. მერე გამიარა, კიდევ კარგი. ბოლო 7 წელია ჩემს სავიზიტო ბარათს JWT Metro-ს კრეატივის დირექტორი აწერია, მაგრამ არ აწერია ის, რომ სტრატეგია ისევ ისე მიყვარს და ერთი წამითაც არ მიმიტოვებია. ახლა დავფიქრდი და კაი ბევრი დრო კი გასულა.

განხილვა