10
Apr
2017

მამაკაცთა აქსესუარების ახალი ქართული ბრენდი – Fazzoletto

10 Apr 2017

Startauperi
Startauperi


ქართულ ბაზარზე ახალი კონცეფციისა და პროფილის ბრენდი Fazzoletto გამოჩნდა. კომპანიას პრიორიტეტულ მომხმარებელთა კატეგორია განსაზღვრული აქვს – ბიზნეს კლასის წარმომადგენელი მამაკაცები, რომლებიც საქმიან, კლასიკურ სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ამ ეტაპზე, კომპანია ორი ქართველი დიზაინერი გოგონას მიერ შექმნილ აქსესუარებს – ტორშეტებს (პიჯაკის წინა ჯიბეში ჩასადები აქსესუარი) და ჰალსტუხებს სთავაზობს მომხმარებელს. Fazzoletto-ს ნაწარმი, სულ რაღაც 2 დღეა, რაც თბილისში, სავაჭრო გალერეა „მერანში” და მაღაზია „და ვინჩიში” გამოჩნდა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებაც დაიწყო. კომპანია ახალი დიზაინისა და მაღალი ხარისხის აქსესუარების შეთავაზებას გეგმავს, ქართველი და არამხოლოდ ქართველი, საქმიანი მამაკაცებისთვის. ბრენდის შექმნის ისტორიისა და განვითარების სტრატეგიის გასაცნობად მარკეტერი Fazzoletto-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს – ანა შაინიანს ესაუბრა:

M: როგორ გაგიჩნდათ Fazzoletto-ს შექმნის იდეა და როგორი იყო ბრენდის შექმნის ეტაპები?

ბრენდის შექმნაზე მუშაობა დავიწყეთ 3 თვის წინ, მე და ჩემმა პარტნიორმა, მარიამ თავბერიძემ. ორივე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობთ, მოდის დიზაინზე და ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება გვქონდა. გვიმუშავია მოდის კვირეულებზე, ვიყავით ჩართულები დიზაინის შექმნაში და გვინდოდა ჩვენი ბრენდი შეგვექმნა. თავიდან, ფიქრი დავიწყეთ ქალის სამოსზე, ასე ვთქვათ, მთლიან ლუქზე. შემდეგ, ვიფიქრეთ, რომ ჩანთებზე უნდა გადავსულიყავით, თუმცა, მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ეს იმდენად საინტერესო და ახალი არ იყო, ქართული ბაზრისთვის. გარდა ამისა, ამ ეტაპზე, ისეთ ხარისხს, როგორიც ჩვენ გვინდოდა, ფინანსებიდან გამომდინარე, ვერ შევთავაზებდით მომხმარებელს. შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი რა სიახლის შეთავაზება შეგვეძლო მომხმარებლისთვის. ნელ-ნელა მივედით იმ აზრამდე, რომ მამაკაცის ტორშეტები შეგვექმნა, ანუ პიჯაკში ჩასადები აქსესუარები. გარდა ამისა, ჰალსტუხიც დავამატეთ ჩვენს კოლექციას. ხარისხზე და შეფუთვაზე სამი თვე ვმუშაობდით. ნელ-ნელა წინ მივიწევთ. 2 დღეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით. ბიზნესის დასაწყებად ყველა ხარჯი მე და მარიამმა გავწიეთ.

M: რა კავშირშია თქვენს საქმიანობასთან სახელი Fazzoletto?

Fazzoletto იტალიურად ნიშნავს ტორშეტს – პიჯაკის წინა ჯიბეში ჩასადებ აქსესუარს. ჩვენი ინსპირაციის წყარო გახდა ქსოვილების მაღალი ხარისხი, ჩვენი ნაწარმი იკერება ნატურალური აბრეშუმის, იტალიური ქსოვილებისგან, ამიტომ გადავწყვიტეთ სახელი ყოფილიყო იტალიური.

M: რატომ მამაკაცის აქსესუარები?

ქართულ ბაზარზე, ამ მიმართულებით, დანაკლისია. სულ ისმის კითხვა: რა ვაჩუქო მამაკაცს? არც ერთი ქართველი დიზაინერი სთავაზობს, ცალკე მამაკაცებს, რაიმე ტიპის სამოსს ან აქსესუარს. ნელ-ნელა შემოდის ეს ტენდენცია, თუმცა ვფიქრობთ, რომ უმაღლესი ხარისხისკენ ჩვენ უფრო ავიღეთ გეზი.

მარიამ თავბერიძე

M: რა უპირატესობები გაქვთ საქართველოში, მონათესავე კონცეფციის კომპანიებთან მიმართებაში?

არიან კომპანიები, რომლების პროფილიც მომხმარებელთათვის თინეიჯერული სამოსის შეთავაზებაა, რომელთაც მივესალმებით და პატივს ვცემთ. ჩვენი სამიზნე აუდიტორია, ბიზნეს კლასის წარმომადგენლები შეადგენენ. პროდუქტის შქმნისას ნატურალურ აბრეშუმს ვიყენებთ. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ გრავირებას, ტორშეტზე, ჰალსტუხზე, შეფუთვაზე. ძალიან ბევრი მოდელი დავიწუნეთ სანამ ამ საბოლოო შედეგამდე მოვიდოდით, რომელიც, ვთვლით, რომ  სრულყოფილია. თითოეული ნაკერი არის დიდი დაკვირვებით შესრულებული, ერთი, მცირე აცდენის შემთხვევაშიც ვიწუნებთ შეფუთვასაც და აქსესუარსაც. ჩვენ მივიწევთ უმაღლესი ხარისხის ბრენდის შექმნისკენ.

M: როგორია აქსესუარების შექმნის პროცესი და საიდან იღებთ სამუშაო ქსოვილს?

როდესაც ესკიზს ვქმნით, პირველ ვარიანტზე არ ვჩერდებით, ერთი თვის განმავლობაში ვხვეწთ დიზაინს და იდეალურს ვირჩევთ. მე და მარიამი, ჩვენი ინდივიდუალური მსჯელობებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ვახერხებთ იდეების შერწყმას და ერთ პროდუქტად ქცევას. ასევე, მკერავი გვყავს, რომელიც ასრულებს ჩვენს დიზაინს. ჰალსტუხი ხელნაკეთია და ხელით გვიკერავს, ტორშეტების შეკერვისას – საკერავ მანქანაზე მუშაობს. ქსოვილს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით საქართველოში ვიძენთ, იტალიურ მაღაზიაში. დაახლოებით ერთ თვეში ვგეგმავთ ჩამოვიტანოთ იტალიიდან.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და ონლაინ გაყიდვის ხერხს თუ იყენებთ?

ტორშეტი ღირს 132 ლარი, ჰალსტუხი 198 ლარი. ონლაინ გაყიდვა არ გვაქვს, ჯერ-ჯერობით, თუმცა საიტის შექმნასა და ამ ხერხის ათვისებას ვაპირებთ.

M: მომხმარებლების დაინტერესება თუ ჩანს და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

2 დღეა რაც ჩვენი კოლექცია გასაყიდად გავიტანეთ, დაინტერესება დიდია. შეძენას რაც შეეხება, შესაძლებელია თბილისში, რუსთაველის 42-ში, სავაჭრო გალერეა „მერანსა“ და მაღაზია „და ვინჩიში“.

M: ახალი მოდელების დამატებას თუ აპირებთ და რა მიმართულებებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას?

დიახ, უკვე დავიწყეთ ახალ აქსესუარებზე ფიქრი, ახალი იდეების დახვეწა და დამუშავება. საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვაპირებთ ერთ თვეში. ამისათვის საიტი უნდა გავაკეთოთ, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან შეძლონ ჩვენი პროდუქციის გამოწერა. მსოფლიო ბაზარზე გასვლისას, მკაფიოდ წარმოვაჩენთ, რომ პროდუქცია შეიქმნა საქართველოში, ჩვენთვის პრიორიტეტულია ამის ხაზგასმა. გარდა ამისა, ერთ თვეში, ქსოვილს ჩამოვიტანთ იტალიიდან. გვინდა „სოლოს“ შევთავაზოთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვა, ასევე, სურვილი გვაქვს, ზაფხულში, ბათუმში წავიღოთ ჩვენი კოლექცია და მაღალი კლასის სასტუმროებს შევთავაზოთ თანამშრომლობა.

განხილვა