19
მარ
2017

Helios Energy Georgia და ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქართველოში

19 მარ 2017


მსოფლიოში მზის პანელები და ქარის ელექტროსადგურები ენერგიის ალტერნატიული წყაროდ საკმაო ხანია განიხილება. გქონდეს საკუთარი ელექტროსადგური – ნიშნავს შენი სახლის სახურავზე გამოიმუშავებდე შენთვის საჭირო ელექტროენერგიას და მოიხმარდე უფასოდ. საქართველოში ენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ქონა იშვიათი მოვლენაა, თუმცა ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიურ საშუალებაზე, ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მზარდია მოთხოვნაც. მოთხოვნის შესაბამისად, იზრდება სერვისიც. Helios Energy Georgia არის კომპანია რომელიც შესაბამისი მომსახურების, სატესტო რეჟიმში გაწევასთან ერთად, ცდილობს მოსახლეობის ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და ენერგიის ალტერნატიული წყაროს მნიშვნელობას გაცნობას. თანამედროვე ადამიანისთვის, შენაძენის გაკეთებისას, მნიშვნელოვანი გარემოებებია უსაფრთხოება, ეკონომიურობა და კომფორტი. მარკეტერი შეეცადა გაერკვია რამდენად აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს ალტერნატიული ენერგიის წყაროები. ასევე, ვეცადეთ გაგვერკვია რა სახის მომსახურების მიღებაა შესაძელებელი ამ მიმართულებით საქართველოში და  Helios Energy Georgia – ს ერთ-ერთ შემქმნელს, თორნიკე დარჯანიას ვესაუბრეთ:

M: როდიდან დაიწყო თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი და როდის შექმენით Helios Energy Georgia ?

პირველად მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები 2006 წელს ვნახე, გერმანიის ერთ-ერთ სოფელში – ვიტოვში სტუმრობისას. ადგილობრივ მცხოვრებს საკუთარ ეკო სახლში, დამოუკიდებელი ენერგიის წყარო ჰქონდა,მზის პანელების სახით. მაშინ ვიყავი გერმანიის ბუნდესტაგის სტიპენდიანტი და ამ პროგრამით გავემგზავრე ამ ქვეყანაში. პროფესიით იურისტი ვარ, ამ სფეროთი 2006 წლიდან დავინტერესდი. ვკითხულობდი და ვკითხულობ შესაბამის ლიტერატურას, (გერმანულ ენაზე) ამ პერიოდის განმავლობაში ვიღრმავებდი ცოდნას. მას შემდეგ, რაც პანელებისთვის მასალა გაიაფდა, მოგევცა საშუალება, საქართველოშიც შევეცადოთ ამ სიახლის დანერგვას. აქამდე, პროდუქტის სიძვირიდან გამომდინარე, მცდელობაც არ გვქონია, უბრალოდ ვსწავლობდით რა და როგორ გაგვეკეთებინა, შესაბამისი ლიტერატურის და ინტერნეტ წყაროების მეშვეობით. კომპანია ორი თვის წინ შევქმენით, მე და მეგობრებმა, მათ ვინც საერთო ინტერესმა – ენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ქონამ და სხვებისთვის მსგავსი შესაძლებლობის მიცემის სურვილმა გაგვაერთიანა.

M: რა სახის მომსახურებას უწევთ და საიდან იღებთ პროდუქციას ?

შეგვიძლია ქარის ელექტროსადგურებისა და მზის პანელების ჩამოტანა, დამონტაჟება, თუმცა ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ვფუნქციონირებთ, რადგან თითქმის არავის აქვს დაყენებული და მაშტაბურად როგორ იმუშავებს არ ვიცით. ახალი სისტემაა ჩვენთან და დრო სჭირდება ამ ყველაფრის გამოცდასა და დამკვიდრებას. გარდა ამისა, სანამ მომხმარებელს პროდუქციას შესთავაზებ, უნდა შესთავაზო გარანტიაც, ამ მხრივაც სპეციფიკურია ეს ბიზნესი. რომ გითხრათ, რომ ჩვენი საქმიანობისას კომერციული მიზნები გვაქვს, ჯერ-ჯერობით ასე არაა. ამ ეტაპზე ცნობიერების ამაღლების მხრივ ვცდილობთ მუშაობას. ვწერთ ვიდეოებს, ვათავსებთ YouTube-ს არხზე, ასევე facebook – გვერდზე. პატარა პროექტებს ვაკეთებთ, საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი ენერგიის წყაროების მნიშვნელობის ასახსნელად. პროდუქციას რაც შეეხება, ჩინეთიდან ჩამოგვაქვს, სადაც ამ სახის პროდუქტი უფრო იაფია.

M: შეკვეთის პრეცენდენტი თუ გქონიათ, ორთვიანი ფუნქციონირების განმავლობაში და რა არის დამოუკიდებელი ელექტროსადგურის ფასი?

დიახ. ჩვენ თითქმის თავის ფასში ვამონტაჟებთ, ამ ეტაპზე მეგობრები და გარშემომყოფები არიან მომხმარებლები, ძირითადად, რომელთაც უნდათ სცადონ, მათ შორის მეც.თუმცა, მოთხოვნა მზარდია, ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების პარალელურად. ქარის ელექტროსადგურის ღირებულება დაახლოებით 2700 ლარია, მზის პანელების კი დაახლოებით – 5000.

M: რა კითხვებით მოგმართავენ მომხმარებლები?

ძირითადად გვეკითხებიან რა ღირს, რამდენს დამიზოგავს და ა.შ. რადგან ეს სფერო ახალია ჩვენთან, ჩვენ ზუსტ პასუხს ვერ ვეუბნებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე უარი ვთქვათ კომერციულ პროექტებზე და სატესტო რეჟიმში ვიმუშაოთ.

M: როგორც მომხმარებელი, როგორ იყენებთ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ?

მზის პანელები და ქარის ელექტროსადგური მაქვს დამონტაჟებული საკუთარი სახლის სახურავზე, რითაც მზიანი დღის განმავლობაში საშუალოდ 15 კილოვატის გამომუშავება შემიძლია, ქარის ელექტროსადგურით კი, ქარიან ამინდში, საშუალოდ 1.5 კილოვატს ვიღებ საათში. გამომუშავებული ენერგია საკმარისი და ეკონომიური საშუალებაა ჩვენი ოჯახისთვის.

M: რა უპირატესობები აქვს ენერგიის საკუთარი წყაროს ქონას ?

პირველი უპირატესობაა – დამოუკიდებელი ენერგიის წარმოება, მეორე – ეკონომიური ფაქტორი – იაფი ჯდება ტრადიციულ, საერთო ენერგიის წყაროებთან შედარებით და მესამე – ეკოლოგია. ერთი ოჯახისთვის საკმარისი ელექტრო ენერგიის გამომუშავება ხდება სრულიად ეკოლოგიური გზით, თუმცა საჭიროება ინდივიდუალურია, იმის მიხედვით, თუ როგორ მოიხმარს ესა თუ ის ოჯახი ელექტრო ენერგიას.

M: სხვა კომპანიები თუ სთავაზობენ მსგავს მომსახურებას და რა უპირატესობა გაქვთ მათთან მიმართებაში ?

როგორც ვიცი, არის ერთი კომპანია, რომელიც აყენებს მზის პანელებს და აქვს სულ სხვა პროფილი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახის ბიზნესი განვითარებადია, ეს თემა არის ძალიან ახალი, ჩვენ ახლა ვიწყებთ ბაზრის კვლევას და ფაქტობრივად, საფუძველი არ გვაქვს სხვა კომპანიასთან შედარების.

M: აქვს თუ არა პანელების დაყენებისთვის ადგილს მნიშვნელობა ?

რა თქმა უნდა, თბილისში მზე კარგად არის,საერთოდ, საქართველოში კლიმატი ხელისშემწყობი ფაქტორია ელექტრო პანელების დაყენებისთვის. მაგალითად: გერმანიაში არის 1650 მზის საათი ჩვენ გვაქვს 2200, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და მნიშვნელოვანია აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებისთვის.

M: პანელები მზისგან იღებენ ენერგიას, წვიმიანი ამინდის, ან ღამის შემთხვევაში რა შედეგი გვაქვს? შესაძლებელია თუ არა გამომუშავებული ენერგიის დაგროვება ?

მზიან ამინდში შესანიშნავად მუშაობს, როცა ღრუბლიანი ამინდია იმდენად კარგად ვერ ფუნქციონირებს, წვიმის შემთხვევაში კი ცუდადაა საქმე. გამომუშავებული ენერგია შეგიძლია დააგროვო, მაგრამ ეს დამატებითი ხარჯია. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია დღის განმავლობაში მიღებული, გამოუყენებელი ენერგია ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩაუშვა, ასე ვთქვათ გაყიდო და ღამით, ან წვიმიან ამინდში იგივე რაოდენობა უკან დაიბრუნო. ეს ეკონომიური გამოსავალია.

M: როგორ გამოიმუშავებენ ენერგიას მზის პანელები /ქარის ელექტროსადგურები?

მზის პანელი გარდაქმნის მზის სხივს მუდმივ დენად, რომელიც გარდაიქმნება 220 ვოლტად, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაც ზუსტად იგივე პროცესია, იმ განსხვავებით, რომ მზის სხივის ნაცვლად ქარი გარდაიქმნება.

M: რა გამოწვევების წინაშე დგას  Helios Energy Georgia  და რა სამომავლო გეგმები გაქვთ ?

გამოწვევა არის იმის დადგენა,თუ რამდენს გამოიმუშავებს ჩვენი სისტემა, რომელსაც დავაყენებთ. ამისთვის გვჭირდება სატესტო ფაზა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. საჭიროა დავაკვირდეთ და შემდგომ გავაზიაროთ ეს გამოცდილება. გარდა ამისა, ჩვენი გამოწვევა იკვეთება პროდუქციასთან მიმართებაშიც – პროდუქციას როცა ყიდულობ უნდა გქონდეს გარანტია. მაგალითად: შენ იყიდი პანელებს და ექნება 25 წელი გარანტია, თუ რამე დეტალი გამოვა მწყობრიდან მე გაგირემონტებ – საჭიროა ეს სერვისი შესთავაზო მომხმარებელს, ამიტომაც, სატესტო რეჟიმის პარალელურად,  ვართ პროფესიონალების მოძიებაში, რომლებმაც ეს სისტემა იციან. ჩვენი დიდი პრობლემაა კადრების დეფიციტი, ქარხანა კი იძლევა გარანტიას, რომ გამოგიცვლის, მაგრამ საჭიროა გაფუჭებული დეტალის ჩინეთში ან გერმანიაში, მწარმოებელ ქარხანაში გაგზავნა. ამას რა თქმა უნდა თავისი, ცალკე ხარჯი აქვს. ამიტომ, გვინდა იმ კომპანიებთან ერთად, რომლებიც ამ პროდუქციას აწარმოებენ ადგილზე შევქმნათ სერვისი, იმისათვის რომ მოწყობილების დეტალის გაფუჭების შემთხვევაში, არ მოგვიწიოს მისი უცხოეთში გაგზავნა, დროისა და რესურსის ზედმეტი ხარჯვა. Helios Energy Georgia – ში გვინდა ამ მიმართულებით სასწავლო ან გადამზადების პროგრამები დავნერგოთ. ასევე, გვინდა მაქსიმალურად განახლებად ენერგიებზე გადავიყვანოთ გათბობის სისტემებიც. თუ სრულად ვერ ჩავანაცვლებთ მზის ენერგიით ტრადიციულ ენერგიის წყაროებს, ნაწილობრივ მაინც შევძლოთ. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ბუნებრივი და ეკოლოგიური რესურსები რაც გვაქვს.

განხილვა