20
მარ
2017

Humanoid – ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც არ მეორდება

20 მარ 2017

 „ჰუმანოიდი“ ხელნაკეთი ნივთების ბრენდია, რომელიც 17 აპრილს 3 წლის ხდება. მისი ისტორია ტყავის 5 ბლოკნოტით იწყება და განსაკუთრებული იმით არის, რომ თითქმის ყველა ნივთი ერთადერთია, ვითარდება როგორც პროდუქციის, ისე ადამიანური რესურსის მიმართულებით. „ჰუმანოიდს“ უყვარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, არ უყვარს შეკვეთები და ზუსტად იცის, რომ ,,ჰუმანოიდს” ყოველთვის იპოვის თავისი მომხმარებელი, რომელსაც ზუსტად ეცოდინება, რომ კონკრეტული ნივთი მხოლოდ მას ეკუთვნის. მარკეტერი ესაუბრა არტისტ ნიკოლოზ ჰუმანოიდს (ლუტიძეს) ბრენდის დაარსების ისტორიაზე, საქმიანობის სპეციფიკასა და სამომავლო გამოწვევებზე.

M: როგორ დაიწყო „ჰუმანოიდის“ ისტორია?
რთულია, როცა სხვაგან მუშაობ და სხვაზე ხარ დამოკიდებული, ერთ დღესაც მორჩა-მეთქი და ძალიან დაბალი ბიუჯეტით, ავდექი და ვიყიდე მასალები, მარტომ გავაკეთე 5 ბლოკნოტი, შევთავაზე მაღაზიებს. რომ იყო დაინტერესება, მერე გავაკეთე 20, მერე ნელ-ნელა დავამატე, დავამატე, ჩანთების კერვა დავიწყე, მერე ტყავზე გადავედი და ნელ-ნელა განვითარდა „ჰუმანოიდი“. საინტერესო ადამიანები შემოვიერთე, ვინც ახლოს იყო იმ ესთეტიკასთან, რომელიც ჩემთვის საინტერესო იყო და უკვე ერთად დავიწყეთ განვითარება იმიტომ, რომ ვხვდებოდით, რა უფრო იყიდება, რა არ იყიდება, მეც ჩემს რჩევებს ვაძლევდი, ისინი თავისას მეუბნებოდნენ და მესამე წელია, უკვე ვმუშაობთ.

M:
 მხოლოდ ტყავზე მუშაობთ?

ახლა უკვე ბევრ რამეზე დავიწყეთ მუშაობა, ტყავზე აქტიურად ვმუშაობთ: ჩანთები, საფულეები, ქამრები – თუ რამე შეიძლება, რომ ტყავით გაკეთდეს. ტანსაცმელსაც ვკერავთ უკვე სხვადასხვა ტიპის ნაჭერზე, ფეხსაცმელებსაც – სეზონურად. სამკაულიც გვაქვს, მაგალითად, საყურეების სერია საკმაოდ პოპულარული გახდა. კონკრეტულად რომ რამე მასალაზე ვმუშაობდეთ, არა, მაგრამ ტყავში ბევრი ნივთი გვაქვს.

M: რამდენი ადამიანი ქმნის Humanoid-ის პროდუქციას?
ახლა უკვე ხალხიც მყავს დასაქმებული, სტუდენტები, ძირითადად, ვინც ჩემთან ერთად აკეთებს ამ ბლოკნოტებს – სხვადასხვა საქმეა: დაჭრა, აკინძვა, დაწებება, ბევრი პროცედურაა. ახლა „ჰუმანოიდში“, დაახლოებით, არის 7-8 კაცი, პლუს, თუ ბევრი საქმეა, ვიმატებთ ხოლმე ხალხს.

M: შეკვეთებს თუ იღებთ ?
ვცდილობ, არ მივიღო შეკვეთები იმიტომ, რომ შეკვეთებს ახლავს თავისი პრეტენზიები. მე მირჩევნია, თავისუფლად ვაკეთო ის, რაც ჩემთვის საინტერესოა და სურვილის შემთხვევაში, იყიდის ის, ვისაც ეს მოეწონება. მე არ ვარ ის ტიპი, ვინც რაღაც 100 ცალს გააკეთებს, ანუ ინტერესიც არ მაქვს სიმართლე გითხრა ამის. ბევრ რაღაცაზე უარი მითქვამს, შეიძლება, ფინანსურად, კარგი არ იყო ჩემთვის, მაგრამ მირჩევნია, ეს თავისუფლება დავიტოვო.

M: რით არის „ჰუმანოიდი“ გამორჩეული ქართულ ბაზარზე?
ჩვენი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ თითქმის ყველა ნივთი არის ერთადერთი, თითქმის არაფერი მეორდება ზუსტად, ანუ ტყავზე როცა მუშაობ, ფიზიკურად, შეუძლებელია 100 ნივთი გააკეთო ერთნაირი. ჯობია, რომ თითო-თითო იყოს, ცოტა მეტი დაადო ფასი და ვინც იყიდის, იმის განცდა ჰქონდეს, რომ ერთადერთი აქვს და თვითონ არის მხოლოდ კონკრეტული ნივთის მატარებელი. ყველა ნივთს ჰყავს თავისი მყიდველი, მფლობელი და არ მეშინია იმის, რომ არ გაიყიდება. შეიძლება, 6 თვე იდოს რაღაც ერთი ჩანთა, მაგრამ ყოველთვის მოვა ის ტიპი, ვინც ამ ჩანთას იყიდის. ეგ ეგრეა ყოველთვის, უნდა დაელოდო, რა.M: სად შეგვიძლია „ჰუმანოიდის“ პროდუქციის შეძენა?
მაღაზია „17 კვადრატში“ – ლიტერატურის მუზეუმი, ჭანტურიას 8. ისე, ჩვენი ბლოკნოტები საკმაოდ ბევრგან არის, „ბიბლუსის“ მთელ ქსელსა და „სმარტშიც“.

M: აპირებთ, თუ არა, რომ გასცდეთ ქართულ ბაზარს?

აპრილიდან უკვე ვაპირებთ, რომ გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე იმიტომ, რომ ჩვენი ბაზარი, ასე თუ ისე, პრობლემურია და სირთულეები ჩვენზეც აისახება.


განხილვა