28
Mar
2017

ქართველი „მავერიკები“ – ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

28 Mar 2017

ერთი ალაოს შოტლანდიური ვისკის — Glenfiddich-ის მოყვარულებს ემახსოვრებათ „შესანიშნავი ათეულის“ — უილიამ გრანტის ოჯახის წევრებისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანია, რომელსაც „დაფთაუნის მავერიკი ვისკის მწარმოებლები“ (The Maverick Whisky Makers of Dufftown) ჰქვია. დაფთაუნის გმირები — უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი, ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი — Glenfiddich-ი შექმნეს. თუმცაღა, „მავერიკები“, ანუ ინდივიდუალისტები, ყველა ქვეყანაში არსებობენ. Glenfiddich-ი წარმოგიდგენთ ქართველ თავისუფალ მოაზროვნეებს, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერებისა და სხვა დარგებში უწევენ.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი არქიტექტორია, რომლის პორტფოლიო ცათამბჯენებთან, საცხოვრებელ სახლებთან, მეტროს სადგურებთან, მუზეუმებთან, სასტუმროებთან, მაღაზიებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებთან ერთად, მოიცავს კოლაბორაციებს მხატვრებსა და დიზაინერებთან. სხვადასხვა დროს რომში, მილანში, სტამბულში, ბერლინში, მიუნხენსა და კოლკატაში, საერთაშორისო არქიტექტურულ კომპანიებში მუშაობდა, საბოლოოდ, კი თბილისში საკუთარი ფირმა — TIMM Architecture-ი დააარსა და ყველა გლობალური პროექტი საქართველოში გააერთიანა.

ბავშვობაში რეჟისორობას აპირებდა, ანიმაციებზე მუშაობდა და ფილმებს იღებდა. ერთხელაც მიხვდა, რომ არქიტექტურა აინტერესებდა. სტამბულის ხელოვნების აკადემიაში სტიპენდია მოიპოვა, რომელიც სწავლასთან ერთად, ცხოვრებასაც უფინანსებდა და სასწავლებლად თურქეთში გაემგზავრა. იქაურ ლექტორებშიც გაუმართლა: ყველა მოქმედი არქიტექტორი იყო. ნიკოლოზის ნამუშევრები ხშირად უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პროექტებს შორის ხვდებოდა და რამდენიმე ვორქშოპში მონაწილეობაც დაუფინანსეს — ფლორენციასა და ამსტერდამში, სადაც დახურულ სტუდენტურ კონკურსზე გაიმარჯვა; ამას კიდევ რამდენიმე ღია კონკურსში გამარჯვება მოჰყვა.

სტამბულის ხელოვნების აკადემიის დამთავრების შემდეგ, მიუნხენში 3 თვიანი სტაჟირება გაიარა. იქ შემთხვევით არქიტექტურულ ონლაინჟურნალ ARCH DAILY-ში დიზაინის სტუდია Abin Design Studio აღმოაჩინა, რომელიც ინდოეთში მდებარეობდა. მათი ნამუშევრები ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, პორტფოლიო გაეგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ, დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მასთან მუშაობა სურდათ: როგორც აღმოჩნდა, Abin Design Studio-მ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ კომპანია Herzog and de Meuron-თან კონტრაქტი გააფორმა კოლკატას თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით და სპეციალური პროექტისთვის ახალ გუნდს აკომპლექტებდა. ნიკოლოზმა Abin Design Studio-ს შეთავაზება დაუფიქრებლად მიიღო და კოლკატაში გადავიდა. იქ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გარდა, ცათამბჯენების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა ობიექტის პროექტებზე მუშაობდა.

ნიკოლოზი: „ინდოეთი ევროპისგან 3 მნიშვნელოვანი ასპექტით განსხვავდება: უპირველესად, არქიტექტურაში რელიგიური ფაქტორი — ვასტუ შასტრა შემოდის, რომელიც თავის თავში მოიცავს იდეას, რომ სახლის დაგეგმარებისას აშენებ ტაძარს შენში მცხოვრები ღვთისთვის. მას საკუთარი კანონები აქვს, რომელიც არქიტექტორის ნებისმიერ მოქმედებას სპეციფიკურ ორიენტაციას აძლევს; მეორე განმასხვავებელი ფაქტორი კლიმატია — იქ ევროპისგან რადიკალურად განსხვავებული ჰავაა, არ არსებობს ზამთარი, ჰაერი ძალიან ტენიანია, ნაგებობისთვის მთავარ საფრთხეს დასავლეთის მზე წარმოადგენს და ა.შ.

მესამე მთავარი განმასხვავებელი კი სოციალური ფაქტორია: საზოგადოება სოციალურად უთანასწოროა — არსებობენ ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. როგორც წესი, შეძლებულ ოჯახებს მოსამსახურეების დიდი ჯგუფი ჰყავთ, რომელთა ცხოვრება სახლის მეპატრონეების ცხოვრებასთან არ იკვეთება: უხეშად რომ ვთქვათ, მდიდრების სახლში სტუმრებისთვის სრულიად უხილავი, დამოუკიდებელი ცხოვრება ჩქეფს, რაც არქიტექტორმა დაგეგმარებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“.

საცხოვრებლად ბერლინში აპირებდა გადასვლას, როდესაც სრულიად მოულოდნელად მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა. ამ სასწავლებელს 150 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და საერთაშორისო განათლების შემსწავლელი ბრიტანული კომპანია Quacquarelli Symonds (QS)-ის მონაცემებით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 100-ეულში მე-15 ადგილს იკავებს. ლექტორი ცნობილი არქტიტექტორი — სტეფანო ბოერი იყო,  კურსის ზედამხედველები კი ისეთი გავლენიანი არქიტექტორები, როგორებიც რემ კულჰაასი, პიტერ აიზენმანი, დენიელ ლიბესკინდი, სეზარ პელი და 2018 წლის ვენეციის ბიენალეს მომავალი კურატორები — ივონ ფარელი და შელი მაკ ნამარა. უნივერსიტეტის დამთავრებისას თეზისის პროექტი საქართველოს თემას, კონკრეტულად კი გლდანის განვითარებას მიუძღვნა.

ნიკოლოზი: „ამ პროექტზე ჩემს კურსელთან — სანდრო ანდღულაძესთან ერთად ვიმუშავე. გადავწყვიტეთ, გლდანის უბანი შეგვესწავლა და ალტერნატიული აზროვნების სტრუქტურის — time bank-ის საფუძველზე, მისი განვითარების ხედვა წარგვედგინა. მსგავსი პრეცედენტები ევროპაში საკმაოდ ხშირია: ქალაქის გარეუბნის განვითარების მიზნით, დამგეგმარებლები მისი თვითტრანსფორმაციის მექანიზმებს ქმნიან: არსებულ უბნებს აანალიზებენ და ადამიანებს ეხმარებიან, ერთმანეთის ფიზიკური ან მატერიალური რესურსების გაზიარებით, მცირე ბიზნესი წამოიწყონ. გლდანის განვითარების გეგმა რეგიონის მთავარ ღერძზე აქტიური ობიექტების შექმნას გულისხმობდა, რომლებიც მთელ რეგიონს გარდაქმნიდა. მხოლოდ ქალაქის ცენტრის განვითარება არასწორია. სნობურ დამოკიდებულებად მიმაჩნია, ცენტრში დასახლებული ადამიანები გარეუბნებიდან მოსულებს რომ თავიანთ სოციუმში არ უშვებენ. გლდანი ძალიან საინტერესო ადგილია, იქ უამრავი სუბკულტურა არსებობს და ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს“.

მილანში კიდევ ერთ საინტერესო ექსპერიმენტში ჩაერთო: ფრანჩესკო ადორნის დაკვეთით, 2014 წლის დიზაინის კვირეულისთვის ალტერნატიული საგამოფენო სივრცე შექმნა — მხატვარ შტეფანი გუჰაილის ნამუშევრები შუქისა და ჩრდილების ეფექტებით აამოძრავა. გამოფენა სულ 2 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის თხოვნით, 2 კვირას გაგრძელდა. მილანში სულ 3 წელი გაატარა: სწავლის პარალელურად, არქიტექტორ ფრანჩესკო ადორნისთან ერთად მუშაობდა, შეკვეთები სტამბულიდანაც ჰქონდა.

პირველი მასშტაბური შეკვეთა სტამბულიდან არქიტექტურულმა კომპანია DOME+PARTNERS-მა შესთავაზა: სტამბულის ფინანსურ ცენტრში მდებარე ცათამბჯენების პროექტისთვის შეკრებილი დიდი ჯგუფის ხელმძღვანელობა სთხოვეს. ცათამბჯენებს სხვა პროექტებიც მოჰყვა. „იტალიაში ნებისმიერი მცირემასშტაბიანი პროექტის შემთხვევაშიც, უამრავი ინსტანციის გავლა გიწევს, მშენებლობის ნებართვა რომ დაგიმტკიცონ, სტამბულმა კი მეტი გამოცდილება, შემოსავალი და  თავისუფლება მომცა“.

TIMM Architecture

საცხოვრებლად ბერლინში უნდოდა გადასვლა და გადაწყვიტა, ნამუშევრები კომპანია GMP Architecture-ის წარმომადგენლებისთვის ეჩვენებინა. როდესაც ინტერვიუზე მიიწვიეს, აღმოჩნდა, რომ მცირე ანაზღაურებას სთავაზობდნენ და ჩინეთის პროექტებზე ასაქმებდნენ, რაც იმ მომენტში არ აინტერესებდა. თანაც, იმ პერიოდში, უკვე ბევრი შეკვეთა ჰქონდა, როგორც მილანიდან, ასევე — სტამბულიდან. გადაწყვიტა, სხვებისთვის მუშაობის ნაცვლად, საკუთარი ფირმა გაეხსნა, სახელად — TIMM Architecture (Tbilisi, Istanbul, Milan Architecture). კომპანია თბილისში დაარეგისტრირა და დღესდღეობით, ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო პროექტზე მუშაობს — ცოტა ხნის წინ, თანამშრომლობა პორტუგალიურ არქიტექტურულ ფირმა Nuno Leónidas Arquitectos-თან დაიწყო.

განხილვა