9
Oct
2014

„ლივინგსტონი“ Google -ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

9 Oct 2014

„ლივინგსტონი“ Google -ის სარეკლამო მიმართულების ოფიციალური პარტნიორი გახდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვახო ვახტანგიშვილის თქმით, ეს არა მარტო „ლივინგსტონი“-ს მონაპოვარი, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია– საქართველო ამ მიმართულებით ტექნოლოგიურ რუკაზე გამოჩნდა. ვახო-ვახტანგიშვილი

„პარტნიორის სტატუსი გვაძლევს საშუალებას საჭირო ინსტანციებამდე ადვილად მივიტანოთ ნებისმიერი პრობლემა, რაც ქართულ რეკლამებს ექმნებათ Google Adwords პლატფორმაზე. მათ შორის ყველაზე მტკივნეული ქართული შრიფტის საკითხია, რის გამოც ქართული რეკლამები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იბლოკებოდა Google -ის სარეკლამო სისტემაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ოფიციალური მხარდაჭერა არ გააჩნდა. პირველ რიგში შევეცდებით Google -თან ერთად მოვაგვაროთ ქართული უნიკოდის კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, რის გამოც ქართული სარეკლამო ტექსტების ზომა გაცილებით მცირეა და არ იძლევა აზრისა და მესიჯის ზუსტად გადმოცემის შესაძლებლობას“

M: რაში გამოიხატება „ლივინგსტონი“-ს  Google–თან პარტნიორობა?

ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, Adwords-ების პლატფორმის დახმარებით კომპანიებსა და ინდივიდებს აქვთ შესაძლებლობა განათავსონ ე.წ. საძიებო რეკლამები კონკრეტული საძიებო სიტყვების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ Google-ის პლატფორმა გაცილებით სრულყოფილია და უამრავი მოქნილი ფუნქცია გააჩნია, რაც მას გაცილებით უფრო ეფექტურ და დახვეწილ იარაღად აქცევს, თუნდაც, Facebook-ის სარეკლამო პლატფორმასთან შედარებით. პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლივინგსტონი პირველი და ერთადერთი კომპანიაა კავკასიის რეგიონიდან, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო. Google-ის ყველა პირობა უკვე სრულად დავაკმაყოფილეთ და ველოდებით, როდის გამოაცხადებს Google ჩვენს შესახებ საკუთარ ვებ გვერდზე, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

leavingstone

M: როგორ გახდალივინგსტონი” Google-ის პარტნიორი, რა მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა მომავალ პარტნიორ კომპანიას?

დაახლოებით, 5 თვის განმავლობაში ვემზადებოდით Google -ის პარტნიორობის მისაღებად. კომპანიის მხრიდან, ფაქტობრივად  4 ძირითადი მოთხოვნა იყო: ისტორია – მინიმუმ, 90 დღიანი აქტიური მუშაობა სარეკლამო მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავდა როგორც კონტექსტურ, ასევე ვიზუალური რეკლამის განთავსებას; მინიმალური სარეკლამო ბიუჯეტი – საკმაოდ სოლიდური თანხაა და რამდენიმე ათეულ ათას დოლარს გულისხმობს წელიწადში; მინიმუმ 2 სპეციალური გამოცდის ჩაბარება – გამოცდები მოიცავს არა მარტო თეორიულ ცოდნას იმისა თუ რას ნიშნავს ე.წ. Search marketing, არამედ თვითონ პლატფორმის advanced tool-ების ფლობას, სადაც, მარკეტინგულ ელემენტებთან ერთად, ცოტა უფრო პროგრამული და ფინანსური საკითხებიც გვხვდება. კვაფილიფიკაციისთვის 4 გამოცდიდან მინიმუმ 2 უნდა ჰქონდეს პარტნიორ კომპანიას ჩაბარებული. პარტნიორის სტატუსის წარმატებით შესანარჩუნებლად, საჭიროა ამ გამოცდების ყოველწლიურად გადაბარება; Best Practice – ეს, მარტივად რომ ვთქვათ, Google -ის მიერ შემუშავებული პარტნიორების რანჟირების პროგრამაა. Google -ი 24 საათში ერთხელ აფასებს კომპანიის მუშაობას, რეკლამების ეფექტურობას სხვადასხვა პარამეტრებით, რის მიხედვითაც ითვლის სპეციალურ კოეფიციენტს. პარტნიორი კომპანია ვალდებულია, რომ ეს კოეფიციენტი შეინარჩუნოს, სწორი და ეფექტური სარეკლამო კამპანიების განხორციელებით. ამგვარად, პრაქტიკულად ყველა მხარე გამარჯვებულია: კლიენტი კომპანია, რომელიც იღებს უკეთეს შედეგს; ჩვენ , რადგან დღითიდღე ვხვეწავთ კამპანიებს, რომ ფიქსირებული ბიუჯეტის ფარგლებში გაცილებით მეტი შედეგი მივიღოთ და Google -ი, რადგან საკუთარ საძიებო ქსელში მომხმარებელს აჩვენებს რელევანტურ რეკლამას.

M: რას გულისხმობს ეს პარტნიორობა?

პარტნიორობა ბევრ ასპექტს გულისხმობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი Google -თან პირდაპირი კავშირია. პარტნიორს აქვს წვდომა Google -ის მონაცემთა ბაზებთან, სადაც აღწერილია სხვადასხვა ინდუსტრიისთვის შემუშავებული სპეციალური სარეკლამო სცენარები, ასევე გაწევრიანება Google -ის community-ში, სადაც ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პარტნიორებს შორის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის პირდაპირი წვდომა Google -ის მარკეტერებთან, რომლებიც პირადად გაგვიწევენ კონსულტაციებს სხვადასხვა კამპანიების დახვეწასა და გაუმჯობესებისათვის. სწორედ ამ ფაქტორების არსებობა განაპირობებს იმას თუ რატომ ირჩევენ სხვადასხვა კომპანიები ციფრული სარეკლამო საქმიანობის წარმოებისთვის მიმართონ ციფრულ სააგენტოებს. თუ ჩვენ შევადარებთ სარეკლამო კამპანიის მართვის ეფექტურობას კომპანიის შიგნით და კომპანიის გარეთ – სააგენტოს მიერ, ეფექტურობის მხრივ შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რადგან კერძო ინდივიდებს, იქნებიან ისინი კომპანიის თანამშრომლები თუ არა, არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება სწორად მართონ სარეკლამო ბიუჯეტი და გამოიყენონ პლატფორმის არსენალში არსებული ყველა იარაღი დანიშნულებისამებრ. ჩვენს შემთხვევაში, როლები განსხვავებულია. ჩვენი მიზანია, სწორედ რომ ყველა იარაღი გამოვიყენოთ, იმისათვის რომ სარეკლამო კამპანია იყოს წარმატებული და შედეგი იყოს არა ლოკალური, არამედ გლობალური და Google -ის სტანდარტებთან თავსებადი.

M: ეს პარტნიორობა რა შესაძლებლობებს აძლევსლივინგსტონს“?

პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს პარტნიორობა შესაძლებლობას აძლევს „ლივინგსტონი“-ს კლიენტ/პარტნიორ კომპანიებს, რადგან მათთვის წარმოებული ციფრული სარეკლამო კამპანიები იქნება ხარისხიანი, დახვეწილი და მაღალ-ტექნოლოგიური, რაც იმავე სტანდარტებისაა როგორიც ევროპასა და ამერიკაში. სარეკლამო სერვისი, საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია და ანალიტიკა– ეს ის სერვისებია რასაც „ლივინგსტონი“ უზრუნველყოფს თავისი პარტნიორებისთვის და რის მაღალ ხარისხსაც თვითონ Google სთხოვს და ავალდებულებს საკუთარ პარტნიორებს.

M: რა ვალდებულებებს აკისრებს ეს პარტნიორობალივინგსტონს

ჩვენი ვალდებულება Google -თან მიმართებაში ბევრ ელემენტს მოიცავს, მაგრამ სარეკლამო კამპანიების ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. „ლივინგსტონი“ ფლობს იმ გარკვეული სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდე იმისათვის რომ Google -ის საძიებო სისტემაში გაშვებულ სარეკლამო კამპანია წარმატებულად ჩაითვალოს. წარმოდგენილი სტანდარტები რთულად მიღწევადია, მაგრამ რეალური, რასაც ჩვენი პარტნიორის სტატუსიც მოწმობს.

Google Leavingstone Partnership

M: ამ პარტნიორობით რა შეიცვლება თქვენს კომპანიაში?  

კომპანიაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. პირველ რიგში, მოხდება თანამშრომლების სერთიფიცირება – სარეკლამო მიმართულებით დასაქმებული მარკეტერები Google-ის გამოცდებს აბარებენ აქტიურად. ამასთანავე, გაჩნდა დამატებითი კონტროლის მექანიზმები იმისათვის, რომ მოხდეს სარეკლამო კამპანიების რეალურ დროში კონტროლი, რაც პარტნიორის სტატუსის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.

M: სფეროსთვის რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანაში არსებობს რეგიონის მასშტაბით  Google-ის პარტნიორი ერთადერთი კომპანია?

Google -ის პარტნიორის სტატუსი არ არის მარტო „ლივინგსტონი“-ს მონაპოვარი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის, რადგან საქართველო ამ მიმართულებით ტექნოლოგიურ რუკაზე გამოჩნდა. სანამ პარტნიორები გავხდებოდით, Google-იდან დაგვიკავშირდნენ და რჩევები მოგვცეს იმისათვის, რომ დაგვეჩქარებინა პროცესი და თვითონ აღნიშნეს, რომ პირველი კომპანია ვიყავით რეგიონიდან და მათთვისაც network-ის გაფართოება ჩვენს გეოგრაფიულ არეალში ასევე მნიშვნელოვანი იყო.

M: ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, როგორი იქნებალივინგსტონი“-ს სამომავლო საქმიანობა?

Google -ის სარეკლამო პლატფორმა ძალიან ძლიერია და სამწუხაროა, რომ საქართველოში მის შესაძლებლობებს ბევრი კომპანია საერთოდ არ იცნობს. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ ყოვლისმომცველი პლატფორმის დახმარებით ჩვენი არსებული კლიენტებისა და სხვა მრავალი ქართული ბიზნესის პრობლემების გადაჭრა იქნება. პრაქტიკულად, შესაძლებელია Google -ის საძიებო სისტემა კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გაყიდვების არხი გახდეს. ასეთი „სასწაული“-ს ხელშესახები მაგალითები უკვე გვაქვს კომპანიაში – მხოლოდ Google -ის დახმარებით ასეულობით ლიდს ვაგენერირებთ თვის განმავლობაში, რაც ჩვენი კლიენტი კომპანიებისთვის რამდენიმე ათეული ათასი ლარის მოცულობის შემოსავლს ნიშნავს. ამ რიცხვების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად თვითონ Google-იც აქტიურად გვიწევს კონსულტაციებს.

განხილვა