7
Apr
2017

კერამიკის ხელნაკეთი ფილები – Mess Ceramics – ირინა სალმინას ქართული სტარტაპი

7 Apr 2017

Startauperi
Startauperi


არსებობენ შვილები, რომელთა პროფესიულ არჩევანშიც, საბოლოო გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა მშობლებმა აიღეს, მაგალითად, იმიტომ, რომ მათი შვილის ტექნიკურ თუ საბუნებისმეტყველო განათლებას ფუჭად არ ჩაევლო და ხელოვნებაში წასულს, მატერიალური უზრუნველყოფის პრობლემა არ შექმნოდა. ირინა სალმინას უნდოდა, მოცეკვავე გამოსულიყო, თუმცა მისი ჭკუა-გონებიდან, სიბეჯითიდან და ოჯახში აღიარებული პროფესიიდან გამომდინარე – ინჟინერ-ტექნიკოსი გამოვიდა. ირინამ, საბოლოოდ, მაინც მოახერხა ოცნების ახდენა, ხელოვნებაში თავი იპოვა და 27 წლის ასაკიდან, საკუთარი თავის ექსპრესიას კერამიკული, სპეციფიკური ფორმის ნამუშევრებით ახერხებს. დააფუძნა სახელოსნო – Mess Ceramics – დაახლოებით, 5 თვეა. „მე ვცდილობ, ვცადო რაღაც ახალი. სულ ძებნის პროცესში ვარ, სულ რაღაც მაინტერესებს, არ შემიძლია მხოლოდ ერთი რაღაცის კეთება. მე ვარ ტექნიკოსი და კრეატივიც მიყვარს. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვაერთიანებ და ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი“. ირინა სალმინა 4 ენას ფლობს და რუსული აქცენტით, ქართულად ესაუბრა მარკეტერს კერამიკაზე, მუსიკაზე, მუშაობის პროცესსა და კომფორტულ სამუშაო გარემოზე, Mess Ceramics-ის სახელისა თუ პროდუქციის სიმბოლურ მნიშვნელობასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციაზე.

M: ირინა, რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი პროფესიიდან, სრულიად სხვა სფეროში გეცადათ ბედი და რა გამოცდილება გქონდათ, სანამ კერამიკაზე მუშაობას დაიწყებდით?
დრო რომ გავიდა, ოფისში ჯდომა მომბეზრდა და მომინდა ხელოვნებაში რაღაცის შექმნა. დიდი ხანია, ვოცნებობდი, რომ კერამიკა დამეწყო, ეს ამოყვანის პროცესი მომწონდა ძალიან. ვიპოვე კერამიკოსები თბილისში, 1 თვიანი რეკვის შემდეგ, დავიწყე სიარული “Clay Office-ში“ ასეთი სახელოსნო იყო და გიგიშა პაჭკორიამ მომცა კერამიკაზე მუშაობის საბაზისო ცოდნა, ეს ხდება 5 წლის წინ. შემდეგ კი წიგნების კითხვით, ინფორმაციის მოძებით, ახალი ტექნოლოგიების გაცნობით, გავიღრმავე ცოდნა ამ სფეროში.

M: სახელი – Mess Ceramics – რის მიხედვით შეარჩიეთ, რა ემოციური თუ შინაარსობრივი დატვირთვა აქვს?
რადგან ვარ ასეთი სპონტანური და ასევე, სახელოსნოში ყველაფერი „მესით“ – ქაოსით, არეულობით იწყება, გადავწყვიტე ეს სახელი. მე არ შემიძლია, რომ ვიმუშაო სუფთად, თუ ვარ ამ პროცესში, მთლიანად ვარ ამ თიხაში, თუმცა მიუხედავად სამუშაო პროცესში ქაოსისა, პერფექციონისტი ვარ და საბოლოოდ, ვცდილობ, რომ შედეგი იყოს უნაკლო.

M: როგორია მუშაობის პროცესი, რა ეტაპებია საჭირო თიხის კერამიკულ ფილად გარდაქმნამდე?
ვმუშაობ თეთრ თიხაზე, რომელიც უნდა გამოიძერწოს თაბაშირში. ამ თაბაშირიდან ამოღებული თიხის ფორმა არ არის უნაკლო, სველია, იღუნება და ამიტომ, ერთი დღე უნდა დატოვო, რომ გაშრეს. მერე უნდა გაასუფთავო (დანით, სველი ღრუბლით) და 2-3 დღის განმავლობაში, კვლავ დატოვო გასაშრობად. შემდეგ საჭიროა ე.წ. გაშკურკვა, მერე ისევ დასუფთავება და საბოლოო პროცესი არის გამოწვა, სპეციალურ ღუმელში. გამოწვა, რომელიც შესაძლოა, 3-ჯერ დასჭირდეს, ხდება, დაახლოებით, 7-8 საათი. ამ დროის შემდეგ, დაახლოებით, 24 საათია საჭირო, რომ ღუმელიდან გამოიღო გამომწვარი თიხა. ფერის დადება უკვე შემდეგი ეტაპია. მთლიანობაშ, ძალიან გრძელვადიანი პროცესია. საბოლოოდ, ყველა ფილა გამოდის განსხვავებული და სწორედ ამაშია სილამაზე, რომ ყველა ფილას აქვს თავისი სული. M: რას გულისხმობს თქვენი ტექნოლოგიით დამზადებული კერამიკა?
ერთი წლის განმავლობაში შევქმენი ჩემი ტექნლოგია, ანუ ვისწავლე ყველაფერი, რაც არის მსოფლიოში ხელნაკეთ ფილებზე, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ძალიან ბევრი ინფორმაცია დავამუშავე და შევქმენი რაღაც ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ფილების უფრო სწრაფად გაკეთებას უზრუნველყოფს, თუმცა დეტალებს ვერ გეტყვით. სანამ ეს ტექნოლოგიური პროცესი ამუშავდა, ალბათ, 1000 ცდა და შეცდომაზე სწავლა დამჭირდა.

M: სპეციფიკურ ფორმებს რამე სიმბოლური დატვირთვა თუ აქვს?
ყვავილები არ მიზიდავს ისე, როგორც რაღაც მათემატიკური, გეომეტრიული ფორმები, სტრუქტურები და ა.შ. ასე მუშაობს ჩემი ტვინი, ასე ვთქვათ და ამაში ვხედავ სილამაზეს. მე მინდა, რომ ჩემი ნამუშევრები იყოს მოდერნი – მარტივი და ლამაზი.

M: თქვენს პროექტზე, 3d ინსტალაციაზე მოგვიყევით…
მინდოდა კერამიკული ფორმების საშუალებით ოპტიკური ილუზიის შექმნა. ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამაზე. აქ არის ჩადებული რკინის კარკასი, ბადეები და ა.შ. შრომატევადი და რთული პროცესი გამოდგა. ამ ინსტალაციაზე მუშაობისას, შევქმენი სპეციალური მასალა, რომელმაც მომცა ბარხატის ეფექტი – ძალიან წვრილად დავანაწევრს ნახერხი, შევღებე და ელექტროსტატიკური მეთოდით დავადე კერამიკულ ფორმებს.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=F3EWm6rI9V4[/embedyt]

M: რა გჭირდებათ კომფორტული სამუშაო გარემოსთვის?
 მე ვარ ბუ და ძირითადად, დღის მეორე ნახევარში ვმუშაობ. აუცილებლად, მაქვს ჩართული მუსიკა, სოული მიყვარს ძალიან, Rnb, ჰიპ-ჰოპის როგორც მოსმენა, ისე ცეკვაც მიყვარს და სიმღერაც, აუცილებლად ! ვმღერი ყოველთვის, ძალიან კარგი აკუსტიკაა სახელოსნოში.

M: საჭირო სამუშაო მასალებით როგორ ხართ უზრუნველყოფილი?
მასალებს ვიწერ საზღვარგარეთიდან, ის განსაკუთრებული მასალები, რაც მიყვარს, თან ძვირი ღირს. საქართველოში არ არის ქარხანა, რომელიც გაძლევს სტაბილურად ხარისხიანი მასალის გარანტიას.
M: ვისთვის იქმნება Mess Ceramics-ის პროდუქცია?
ეს ყველაფერი გაკეთებულია დიდი სიყვარულით იმისთვის, ვინც რაღაც განსაკუთრებულს ეძებს, ვინც აფასებს ლამაზ, ხელნაკეთ ნივთებს. კერამიკა მხოლოდ აბაზანისთვის ან სამზარეულოსთვის არაა, კერამიკა ნებისმიერი ოთახისა თუ შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი შეიძლება, იყოს.

M: მომხმარებელთან რა ფორმით გაქვთ კომუნიკაცია?
თამარ მეფის 18-ში, ძველი თამბაქოს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეა სახელოსნო, რომელიც ჩემი სამუშაო სივრცეა და ამასთან, “show room-იც“ მაქვს გაკეთებული. ჩვენ ვთავაზობთ ფორმებსა და დიზაინებს, რომელიც მაქვს, მაგრამ მომხმარებლებს შეგვიძლია შევთავაზოთ ინდივიდუალური პროექტების გაკეთებაც.

განხილვა