27
დეკ
2016

„მფრინავი მღებავი“ – მაღაზია-სახელოსნოში გაცოცხლებული სიყვარულის ისტორია

27 დეკ 2016


მფრინავი მღებავი” მაღაზია – სახელოსნოა, რომელიც თბილისში, „ფაბრიკაში“, შემოდგომაზე გაიხსნა. მაღაზია სამ მიმართულებას აერთიანებს: არტისტების მიერ შექმნილ კონცეფტუალურ ტანსაცმელს და აქსესუარებს, დიზაინერების პროდუქციასა და საბჭოთა ვინტაჟს. „მფრინავმა მღებავმა“ ახალ „ფაბრიკაში“ ისტორია გააცოცხლა, რომლის საფუძველიც 1970 წელს თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე გახსნილი სამკერვალო ფაბრიკა “ნინო” და 1937 წელს გადაღებული ფილმის სიუჟეტია. არტისტი და კურატორი მარიამ ნატროშვილი თავად მოგიყვებათ, თუ რა ისტორიის მატარებელია მაღაზია და აქ გამოფენილი ნივთები.

 M: მოგვიყევით მაღაზიის შესახებ, რა კონცეფციის მატარებელია „მფრინავი მღებავი“?

მაღაზიაში ქართველი არტისტების და დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები იყიდება. აქ წარმოდგენილი ნივთების ფორმა და შინაარსი განუმეორებელია: ყველას თავისი ისტორია აქვს და სხვადასხვა ამბავს მოგვითხრობს. თუ დროში მოგზაურობა მოგინდებათ, მაღაზიაში 80-იანი წლების ბოლოს, ფაბრიკა “ნინოში” შეკერილი ტანსაცმლის შეძენასაც შეძლებთ. “მფრინავი მღებავი” იქვე, სახელოსნოში შეკერილ ტანსაცმელსაც გთავაზობთ. მაღაზია ერთჯერადი, სწრაფი მოდის (fast fashion) საპირწონეა. “მფრინავ მღებავში” ყველა ნივთი სატარებლად გამზადებული ხელოვნებაა.

M: რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენი მაღაზია-სახელოსნო აქცენტს ხელოვნებაზე, არტისტების მიერ მოფიქრებულ და შექმნილ ნამუშევრებზე, – ტანსაცმელსა და აქსესუარებზე აკეთებს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც 80-იანი წლების ბოლოს, ფაბრიკა “ნინოში” შეკერილი სამოსი, ასევე,  ადგილზე, სახელოსნოში შეკერილი ტანსაცმელი. პირველ პროექტს “ყარამანიანი” ქვია. “ყარამანიანი” სპარსული საგმირო ეპოსის ინსპირაციითა შექმნილი და ცხრა მთას იქით ნანახ სიზმრებზე, ცხრა ზღვას იქით გადახდენილ თავგადასავლებსა და შვიდი ცის ქვეშ მოხეტიალე გმირების ამბებს ყვება. ყარამანიანის ტანსაცმელი  გმირებისა და თავზეხელაღებული მოგზაურებისთვის არის შექმნილი.

ცოტა ხნის წინ მაღაზია-სახელოსნოში არტისტ ნატუკა ვაწაძის ახალი პროექტის გამოფენა “მფრინავი ხალიჩა” გაიხსნა. არტისტმა ძველი ფარდაგები, გობელენები და ხალიჩები პალტოებად და კაბებად გადააქცია, საბჭოთა ჭურჭლის ნამტვრევებისგან კი გულსაბნევები შექმნა.

ეკა ქეცბაიას ხელით შეკერილი პალტოები – ხან ლურჯი დრაკონები არიან, ხან კი ცივ ზამთარში თბილად ჩასაფუთნი საბნები. სადარისმელიას ვერცხლის სიტყვები, “საშინაო დავალება”, არტისტების ნამუშევრების სატარებელი ვარიაცია, სიტყვებით თამაშით საშუალებას გაძლევთ.

ქართველი დიზაინერები ანასია და ვასკა ტაბატაძე ხელით დამუშავებული ქსოვილებით შექმნილი ტანსაცმლით არიან წარმოდგენილი. ხოშტრიკას გეომეტრიული ვერცხლის სამკაული სამყაროს ასიმეტრიასა და კანონზომიერებას შეგვახსენებს.

თანამედროვე ყაბალახები, ტყავის ხელნაკეთი ჩანთები, კერამიკის სამკაული თუ ჭიქები, გამოსამშვიდობებელი ცხვირსახოცები, ვერცხლის მფრინავი სამკაული თუ მარიხუანას მოსაწევი შუშის ბოთლები, – “მფრინავი მღებავი” ჯადოსნურ და უცნაურ, საინტერესო ნივთებით გატენილ სკივრს ჰგავს.

M: როგორ უკავშირდება „მფრინავი მღებავის ისტორია ფაბრიკა „ნინოს“?

როდესაც სახელზე ვფიქრობდით, კონცეფციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომელიმე ქართველი მხატვრის ნამუშევრის სახელი შეგვერჩია. რადგან პეტრე ოცხელი კინოსა და თეატრისთვის კოსტიუმებს ქმნიდა, არჩევანი მისი ნამუშევრის სახელზე შევაჩერეთ. “მფრინავი მღებავი” 1937 წელს, ლეო ესაკიას ფილმისთვის, “ფრთოსანი მღებავი” არის შექმნილი. ფილმის მხატვარი პეტრე ოცხელი უნდა ყოფილიყო, შექმნა კიდევაც ესკიზები, თუმცა 37-ში ოცხელი დახვრიტეს და ფილმის მხატვარიც შეიცვალა. ამ ფილმს საინტერესო ისტორია აქვს. სცენარის მიხედვით, მფრინავ მღებავს, ერთ – ერთ მთავარ გმირს, გოგონა უყვარდება, სახელად ნინო. ასე გამყარდა უცნაური კავშირი ფაბრიკა “ნინოსა” და მფრინავ მღებავს შორის და მათი სიყვარულის ისტორია განახლებულ „ფაბრიკაში“ თავიდან დაიწყო.

M: როგორ შენარჩუნდა ფაბრიკა „ნინოში შეკერილი ნივთები, რომელიც ახლა თქვეს მაღაზიაშია გამოფენილი?

ფაბრიკაში 80-იანი წლების ბოლოს შეკერილი ტანსაცმელი ყუთებში წლების მანძილზე იდო. ალბათ საბჭოთა კავშირის დაშლამდე და არეულობის დაწყებამდე ძალიან დიდი რაოდენობა შეიკერა, საიდანაც ნაწილი გაყიდეს, ნაწილი დაარიგეს, ნაწილი კი დარჩა. ტანსაცმელი ყუთებში იდო და წლების მანძილზე მზის სინათლეს ელოდა.

M: როგორ გახსენით მაღაზია?

ფაბრიკაში მაღაზიის გაკეთება ეკა ქეცბაიას შესთავაზეს. ეკამ დანარჩენები მოიწვია და “მფრინავი მღებავი” გაჩნდა. მაღაზიის გახსნამდე დიდი ხანი კონცეფციაზე, შინაარსსა და ფორმაზე ვმუშაობდით. გვინდოდა, რომ ახალი, განსხვავებული და საინტერესო სივრცე შეგვექმნა, სივრცე სადაც მუშაობა არ მოგვბეზრდებოდა და არც ხელოვნებისგან იქნებოდა შორს. მაღაზია ნოემბრის დასაწყისში გაიხსნა.

M: მოგვიყევით თქვენს შესახებ: ვინ არიან დამფუძნებლები, და რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?

არტისტები, ეკა ქეცბაია და ნატუკა ვაწაძე ჯგუფ “ბულიონის” წევრები არიან. ბობო მხითარი გრაფიკული დიზაინერია. მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე კი, არტისტები და კურატორები არიან. ერთმანეთს ინტერვიუს დროს გადავეყარეთ, – მარიამი და დეთუ ჯგუფი “ბულიონისგან” იღებდნენ ინტერვიუს გაზეთ “რევოლვერისთვის”. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა. მაღაზიის გარდა, ბევრ საერთო სახელოვნებო პროექტზე ვმუშაობთ. ყველანი  არტისტები ვართ, ჩვენი მიზნები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა. ხედვა ყველას განსხვავებული გვაქვს და სწორედ ეს აქცევს ამ სივრცეს საინტერესო ექსპერიმენტებისა და განსხვავებული, ახალი იდეების საწარმოდ.

M: რა სიახლეებს შესთავაზებს მომხმარებელს „მფრინავი მღებავი“ სამომავლოდ?

მომავალში “მფრინავი მღებავი” აპირებს ითანამშრომლოს არტისტებთან, ვისაც არასდროს უცდია ტანსაცმლის, თუ აქსესუარების შექმნა. ამ ექსპერიმენტების შედეგები მაღაზიაში, როგორც საგამოფენო სივრცეში, ისე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას ხელმისაწვდომ, სატარებელ ხელოვნებას შესთავაზებს.

განხილვა