20
მარ
2017

მზია შარაშიძე – #პირველისამსახური

20 მარ 2017

ჩემი პირველი სამსახური, სადაც პირველი ოფიციალური ხელფასი ავიღე, პირველი რადიო იყო – რადიო 106 (106.4 FM). პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური, რომელიც FM დიაპაზონზე გაიხსნა. 90-იანი წლების ახალგაზრდებისთვის დიჯეობა საოცნებო და შესაშურ საქმიანობად ითვლებოდა. 18 წლის სტუდენტს სრულიად წამოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ შესაძლებელი იყო, ოდესმე მეც მივსალმებოდი რადიომსმენელს და მეც გამეშვა ეთერში ჩემი გემოვნებით შერჩეული სიმღერები. ალბათ თინეიჯერულმა გამბედაობამ მიბიძგა, ერთ დღესაც დამედო თავი და რადიოში მივსულიყავი. აი ასე, არც ვაციე, არც ვაცხელე, მივედი, დავაკაკუნე დირექტორის კარზე და ვუთხარი, რომ უსიკვდილოდ უნდა მემუშავა რადიოში. გარკვეული ტესტირება ჩამიტარეს იმის გასარკვევად, თუ როგორი გემოვნება მქონდა და რამდენად კარგად ვიცნობდი მუსიკალურ სამყაროს. აბა, ხომ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ სისულელეებით არ დავანაგვიანებდი ეთერს და ყველა დროის საუკეთესო მუსიკას უმსგავსი ტაშ-ფანდურობებით არ წავბილწავდი. ცხრილები შემავსებინეს: სხვადასხვა კატეგორიაში – როკი, ჯაზი, ბლუზი, პოპი და ა.შ. მინიმუმ 10 შემსრულებელი, ან ჯგუფი უნდა ჩამომეწერა და სავარაუდო ერთსაათიანი მიქსი შემედგინა. ჩამოვწერე. შევადგინე. იმავე საღამოს დამირეკეს და ამიყვანეს.

საწყის ეტაპზე სხვა წამყვანების მუშაობას ვაკვირდებოდი, მუსიკალურ კოლექციას ვეცნობოდი. შემდეგ რამდენიმე დღე ვმიქსავდი, ისე, მუნჯად, ხმაამოუღებლად. და ოოოჰ, რამხელა სიხარული იყო, როცა ხმის ამოღების ნებაც დამრთეს! დღემდე მომყვება ის სიამოვნება, რაც ყურსასმენების გაკეთებას, მიქშერზე ფონის დაწევასა და მიკროფონში ჟღურტულს უკავშირდება. პირველი სირთულეები? თავიდან გამიჭირდა. ახლა რომ კომპიუტერის მეშვეობით გადის რადიოსადგურებში მუსიკა, მაშინ რადიო სულ სხვაგვარი იყო – ბევრად ცოცხალი და ინტერაქტიული. წარმოიდგინეთ დიდი კედელი, გაძეძგილ თაროებზე დამწკრივებული ათასობით დისკით. უნდა დაგემახსოვრებინა, სად რომელი იდო და რომელი სიმღერა რომელ დისკზე იყო. გული გამისკდა. ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი, წამებში როგორ პოულობდნენ ჩემი გამოცდილი კოლეგები სასურველ კომპოზიციას. ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი სტუდიური მანიპულაციების ჩატარება იყო საჭირო – სიმღერა სანამ გადიოდა, უნდა გადაგეწყვიტა, შემდეგს რას გაუშვებდი, მერე გეპოვნა დისკი, ჩაგედო, მოგეძებნა შესაბამისი ტრეკი, მომენტი, საიდანაც გინდოდა, სიმღერა დაწყებულიყო, გაგემიქსა, მოგეფიქრებინა, რას იტყოდი და თან გამოცხადება მოგესწრო იმ მომენტამდე, სანამ ინსტრუმენტულ ნაწილს შემსრულებლის ვოკალი შეცვლიდა. თავიდან ისტრესები, პანიკობ, ჩქარობ და ამ დროს უფრო იბნევი, გგონია, რომ სიმღერა წამებში მთავრდება, გეშინია, პაუზა არ გაგეპაროს, პარალელურად, შუალედებში რეკლამა გაქვს გასაშვები მინიდისკიდან, თან ტელეფონი რეკავს… მერე ყველაფერს ეჩვევი. ტექნიკურ საკითხებს მექანიკურად აგვარებ. სიმღერას უსმენ და უცბად მოგდის იდეები, რა შეიძლება მოუხდეს ამ კომპოზიციას რიტმით, მელოდიით, აზრობრივად, ჟანრობრივად და რა შეიძლება მიემიქსოს იდეალურად. და რამდენიმე კვირაში ხვდები, რომ უკვე ზეპირად იცი, რომელია ოთხასსამოცდამეჩვიდმეტე დისკის მეშვიდე ტრეკი და სად შეიძლება იპოვო სიმღერა, რომელიც რადიომსმენელმა გთხოვა.

რადიომ მიჩვევა იცის. თავს ანებებ, მერე გენატრება, ნოსტალგია გეძალება და ისევ უბრუნდები. ალბათ ამიტომ იყო, რომ თითქმის 10 წელი ვიმუშავე რადიოწამყვანად.

ამჟამად, ვარ თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

განხილვა