17
მარ
2017

“მამაჩემმა ჯერ ისიც არ იცის, რომ პილოტი ვარ !” – ნათია მამაიაშვილი , ექსტრემალი პიანისტი #თაობა

17 მარ 2017

წლების განმავლობაში საქართველო საკმაოდ ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა დატოვა, ნაწილმა სოციო-კულტურული პრობლემების გამო, ნაწილმა სასწავლებლად. ხშირად ამ ინტელექტუალური რესურსის მხოლოდ გადინება ხდება, ვინაიდან უმეტესი მათგანი თვითრეალიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ არჩევს. ჩვენი რესპონდენტია მუსიკოსი ნათია მამაიაშვილი, რომელიც ამავდროულად, პირველი ლიცენზირებული ქართველი პარაშუტისტი ქალია. ცოტა ხნის წინ თვითმფრინავის მართვა ისწავლა და პილოტის ლიცენზიაც მოიპოვა.

M: ნათია, პირველ რიგში, ცოტა რამ გვითხარი შენ შესახებ. რამდენი წელია, რაც საქართველო დატოვე?
საქართველო 13 წლის წინ დავტოვე, მაგრამ ხშირად ჩამოვდივარ სამშობლოს, ოჯახისა და საყვარელი ადამიანების სანახავად.

M: შენი მუსიკით დაინტერესება როდის დაიწყო და რა იყო ამის ინსპირაცია ?
ზოგადად, მუსიკალური ოჯახი მყავს. დასთან ერთად სცენაზე გავიზარდე. 3 წლიდან ვმღეროდით და 6 წლიდან ბებიამ, თავისი ინიციატივით, შეგვიყვანა ხელოვნების გიმნაზიის მუსიკალურ სკოლაში. ბებიას ოცნება ჰქონდა,რომ პროფესიონალი მუსიკოსი ყოფილიყო, თავისი ოცნება ჩვენით აიხდინა. ჩემი მუსიკალური კარიერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო. რამდენიმე წელიწადში უკვე ორკესტრთან ერთად ვუკრავდით და კონკურსებშიც ვიღებდით მონაწილეობას. მუსიკა საქართველოში პროფესიონალურად დავიწყეთ და შემდეგ ამერიკაში გავაგრძელეთ.

M: რამდენად რთული გამოდგა, სამშობლოსგან შორს, ახალი ცხოვრების დაწყება ?
თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გამოდგა სამშობლოსგან, განსაკუთრებით ბებიისგან შორს ყოფნა, მაგრამ ეს სირთულეები უფრო გაძლიერებს და დამოუკიდებელს გხდის. დროის განმავლობაში ადაპტაცია გავიარე. ამერიკამ ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ჩემს კარიერაზე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობ, მთავარია აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და რაშიც მუდამ საკუთარ თავს პოულობ.

 

M: გვითხარი შენი მეორე გატაცების შესახებაც, რა როლს ასრულებს შენს ცხოვრებაში ექსტრიმი და ამ ყველაფრიდან მიღებული ადრენალინი?
სიმართლე რომ გითხრა, საერთოდ არ მეგონა, თუ ასეთი ექსტრემალი ვიქნებოდი. როცა რამდენჯერმე დავუკარი Carnegie Hall-ის დარბაზში, დავწმუნდი, რომ შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
ჩემი ინტერესი ფრენის მიმართ ბავშვობიდან დაიწყო. მშობლები იმ პერიოდში ამერიკაში ცხოვრობდნენ და როცა მამა ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას, ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი აეროპორტში დახვედრა და თვითმფრინავების ყურება იყო. ეს ჩემი ბავშვობის ფანტაზია მომავალში რეალობად ვაქციე. ყველაფერი სულ მარტო, დამოუკიდებლად დავიწყე. მშობლებს შემდეგ ვუთხარი, როცა პარაშუტისტის ლიცენზია ავიღე და მამას საქართველოში საკუთარი პარაშუტით ჩამოვაკითხე.
მამამ ჯერ ისიც არ იცის, რომ უკვე პილოტი ვარ და თვითმფრინავს ვმართავ, ალბათ, ამჯერად, თვითმფრინავით ჩამოვაკითხავ:)

ფრენას და ავიაციას, ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი როლი უჭირავს. ვერ ვიტყვი, რომ მარტო ექსტრიმი ან ადრენალინი მიზიდავს, უბრალოდ, მიზიდავს ის შეგრძნებები, რაც ემოციურად მავსებს, ცხოვრების ის საოცარი მომენტები, რაც მხოლოდ საკუთარი თავის კომფორტის ზონის საზღვრებს მიღმა იმალება. ფრენა არის სილამაზე და ეს სულიერად უნდა შეიგრძნო.

კლასიკურმა მუსიკამ დიდი დისციპლინა ჩამომიყალიბა, რაც ამ სპორტში გამომადგა. ის მომენტი, როდესაც თვითმფრინავის კარი იღება და 4 კილომეტრის ზემოდან დედამიწას უყურებ, სიტყვებით აღუწერელია. ამას ძლიერი ფსიქოლოგია სჭირდება და ასეთ ექტრემალურ სიტუაციაში დამშვიდება, აზროვნება და სწორად მოქმედება. მე აქ ტანდემ პარაშუტით ხტომაზე არ მაქვს საუბარი, არამედ სოლო პარაშუტისტობაზე. ტანდემი და სოლო საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. როცა დამოუკიდებელი ხარ, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.
ეს მომენტი არ გაძლევს საშუალებას, წარსულზე ან მომავალზე იფიქრო. სწორედ აწმყოზე ორიენტირება გიხსნის მომავლის კარს. ცხოვრება ენერგიაა და ამით უნდა შეივსო.

M: ხშირად, წარმატებაც კავშირებზეა დამოკიდებული. ამერიკა ბევრისთვის საოცნებო ქვეყანაა, რა არის, შენი აზრით, თვითრეალიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ?
ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. ამერიკა დიდი და ბევრისთვის საოცნებო ქვეყანაა იმიტომ, რომ სრულიად არ არის აუცილებელი, ყველა ყველას იცნობდეს, რომ ადამიანის წარმატება მხოლოდ კავშირებზე იყოს დამოკიდებული. აქ ინდივიდის შრომა, ნიჭი და კრეატიულობა ფასდება. ამერიკაში ყველა ინდივიდს ფართო ასპარეზი აქვს, მთავარი მონდომებაა.

ჩემი აზრით, თვითრეალიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი თავის ყურადღებით შესწავლა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის შესაძლელობა.
ამასთან ერთად, მიზანდასახულობა, სწორი დრო და სწორი ადგილი.

M: მუსიკალური მიმართულებით რამდენად გაქვს საქართველოში არსებულ წრეებთან კავშირი ?
ჩემი საოცრად დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ ვახერხებ საქართვრლოში არსებულ წრეებთან კავშირს.

M: ფიქრობ რაიმე სახის კოლაბორაციაზე უცხოელ არტისტებთან ? რა არის მოსალოდნელი შენს კარიერაში უახლოეს წლებში ?
კი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ. ნებისმიერ დროს ვარ მზად კოლაბორაციისთვის. გეგმებზე წინასწარ არ ვსაუბრობ, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ყოველთვის ცხოვრების მზიან მხარეს ვირჩევ და ყველაფერი ძალიან კარგია მოსალოდნელი.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი საერთო ფლეილისტისთვის…



განხილვა