ქართული გოზინაყი – ანა ბარამიძის ოჯახური ბიზნესი

”ქართული გოზინაყი” ანა ბარამიძის ოჯახური ბიზნესია. 6 წელია, საახალწლოდ ეს ტკბილეული ნაძვის ხის ფორმის შეფუთვით ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება. აქვს კერძო შეკვეთებიც. პროდუქტი გამორჩეული იმითაა, რომ შიგთავსი ხელით, ოჯახურ პირობებში მზადდება და ხელითვე იფუთება.

ქართული გოზინაყი

როგორ მზადდება ”ქართული გიზინაყი”?

“გოზინაყი მზადდება ოჯახურ პირობებში. იგივე დოზებით, როგორც  სახლისთვის. ერთი სხვაობა ისაა, რომ ვაკეთებთ ბევრს. მეხმარებიან ოჯახის წევრები.თუ ძალიან  ბევრი შეკვეთაა დასახმარებლად კონკრეტულ ადამიანებს ვქირაობ. ნატურალურ და შემოწმებულ ”ბრეტის” თაფლს   ვიყენებთ, ნიგოზსა და ნუშს კი ბაზარში ვყიდულობთ. შეფუთვის დიზაინზეც მე ვმუშაობ.   რადგან საახალწლო პროდუქტია,  კოლოფს აქვს ნაძვის ხის ფორმა. ვთანამშრომლობ სტამბასთან, უკვე დაბეჭდილ ყუთებში პროდუქციას ხელით ვალაგებთ და ასე ხვდება დახლებზე”.

ცნობილია, რომ ორი სხვადასხვა სახის შეფუთვით იყიდება თქვენი პრიდუქტი . . .

არის 20 ნაჭრიანი (400 გრამი), სადაც 5 ნუშია და 15 კაკლის გოზინაყია. მეორეში (200-220 გრამი) – 12 ცალი  3 ნუშის და 9 კაკლის  გოზინაყით.  მოთხოვნა და ინტერესი არის, რომ დაემატოს კიდევ ერთი – თხილის გოზინაყი. ახლა სწორედ ამ სამი პროდუქტის ასორტის გაკეთებას ვგეგმავ.

რა ღირს თითოეული ასეთი  შეფუთვა და სად იყიდება?

დიდ კოლოფებში 17 ლარი, პატარაში 12-13. შემდეგ მაღაზიებში კიდევ ემატება ფასი. თუ ერთად ბევრი შეკვეთაა, ფასიც შესაბამისად, დაბალია. ძირითადად, დიდ ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება. თუმცა, მაქვს კერძო შეკვეთებიც. სერიოზულად ვზრუნავ უკვე არსებულ იმიჯზე. ვცდილობ,  ზუსტად ერთი და იგივე, კარგი  ხარისხით გავაკეთო ყოველთვის.

ხომ არ აპირებთ ბიზნესის გაფართოებას ან მის მთელი წლის განმავლობაში გაყიდვას?

გაფართოებას ჯერჯერობით არ ვფიქრობ. დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. მეგობრებიც მეხმარებიან ფინანსურად. შემდეგ კი, რეალიზაციიდან ვაბრუნებ ხოლმე. ეს რომ საოჯახო ბიზნესის ფარგლებს გასცდეს, ტექნოლოგიურადაც რთული იქნება. თუ ხელით აღარ გაკეთდება და სხვა ტექნოლოგიით დამზადდება, ღირებულებაც მოიმატებს. გარდა ამისა, საჭიროა ადგილიც, მუშა ხელიც. გაცილებით დიდი ხარჯი იქნება და გაიზრდება ფასიც. როცა პროდუქტი სეზონურია, რთულია ასეთი რამის გაკეთება. თუ  მთელი წლის მანძილზე იქნება მოთხოვნა, არ არის გამორიცხული ვიფიქროთ გაფართოებაზე.

რა  არის მთავარი ასეთ საქმეში წარმატებისთვის?

მთავარია მოინდომო და გააკეთო ისეთი რამ, რაც ჯერ არ არსებობს. ”ქართული გოზინაყის” არ ასებობს მსგავსი პროდუქტი. თუ არ ჩავთვლით მზესუმზირისა და არაქისის ”გოზინაყს”. აუცილებელია მონდომება, შრომა, რისკი და ცოტა ფანტაზია..