19
აპრ
2017

Mirror Lab. – ორიგინალური ხელნაკეთი სარკეების სახელოსნო – ბავშვობის მეგობრების ქართული სტარტაპი

19 აპრ 2017


თუკი სარკეები ადრე ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა, ძალიან ძვირი იყო და მათი ყიდვა და კოლექციის შექმნა მხოლოდ მდიდარ არისტოკრატებსა და სამეფო ხალხს შეეძლო, დღეს, სარკეს ჩვენს პირად ცხოვრებასა თუ გარკვეულ პროფესიულ საქმიანობაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია ჩვენთვის. სარკე გამოიყენება ფიზიკაში, მაგალითად, როგორც არეკლილი სხივის მიმართულების განმსაზღვრელი ხელსაწყო, მედიცინაში, ავტომანქანით მოძრაობისას, ფსიქოლოგიური ცდებისა თუ უბრალოდ, საკუთარი ანარეკლის დასანახავად. არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ სარკის მაგიური ძალის და ფიქრობენ, რომ მას ადამიანის ბიოენერგოინფორმაციის დაჭერა და არეკვლაც შეუძლია. ბავშვობის მეგობრებმა – ნინო ზაბახიძემ და თამარა ჩუბინიძემ – სარკე გამოიყენეს, როგორც ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო და შესაფერისი ატრიბუტი და შექმნეს „სარკის ლაბორატორია“ – ორიგინალური ხელნაკეთი სარკეების სახელოსნო. სტარტაპის დაწყების მოტივი იყო მათი სურვილი, ეკეთებინათ ის საქმე, რომელშიც მთელ ენერგიას დახარჯავდნენ. როგორ გაუჩნდათ სტარტაპის იდეა, რას სთავაზობენ მომხმარებლებს და რას გულისხმობს მათი საქმიანობის სპეციფიკა – მარკეტერს ესაუბრა ნინო ზაბახიძე:


M: ნინო, გაგვეცანით, ვინ ხართ და როგორ გაგიჩნდათ „სარკის ლაბორატორიის“ შექმნის იდეა?
პროფესიით ამერიკათმცოდნე ვარ, ჩემი ბავშვობის მეგობარი თამარა ჩუბინიძე კი ეკონომისტია. აქამდე მცირე გამოცდილება ონლაინ გაყიდვებში გვქონდა და იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ძალიან პოპულარულია ე.წ. „მირორსელფი“, ყველა სარკეს ეძებს, რომ ლამაზი სურათები გადაიღოს, თან ვიფიქრეთ, რომ ხელნაკეთი ნივთები ძალიან აქტუალურია და მსგავსი, მხოლოდ  ხელნაკეთ სარკეებზე არავის ჰქონდა. კონკრეტულად, ამ სტარტაპის იდეა დაგვებადა მას შემდეგ, როცა მე და ჩემი მეუღლე ახალ სახლში გადავედით და ჩვენი ხელით გავაკეთეთ სარკე ჰოლისათვის. ჩვენ სრულიად ახალი სარკე გავაკეთეთ, ეს არ იყო ძველი ნივთის რესტავრაცია.

M: რა მასალა გჭირდებათ და როგორია დეკორატიული სარკის კეთების პროცესი?
 სარკეების შეკვეთას ვაძლევთ, შემდეგ ჩვენ ვჭრით სასურველ ზომასა და ფორმაზე, ყველანაირ დეკორაციას ჩვენით ვაკეთებთ, დიზაინზეც ჩვენ ვზრუნავთ. მასალაა: დეკორატიული თოკები, ხე, თიხა და ა.შ. მხოლოდ მე და თამარა ვქმნით დიზაინს, ვიძენთ პროდუქციას და ჩემთან სახლში, პატარა სახელოსნოში ვაკეთებთ.


M:
 სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზაცია და რა დრო გჭირდებათ პროდუქტზე სამუშაოდ?

შეკვეთა, ამ ეტაპზე, ონლაინ ხდება – Facebook-ისა  და Instagram-ის საშუალებით, ან გვირეკავენ მითითებულ ნომერზე. ჩვეულებრივ, შეკვეთიდან 48 საათში, მაგრამ თუ მომხმარებლისთვის სასურველი სარკე მზად გვაქვს, რომელიც ჩვენი დიზაინითაა შექმნილი, 24 საათის განმავლობაში ვაწვდით კლიენტს. კურიერებად, ჩვენი ქმრები გვყავს და საკურიერო მომსახურება, თბილისის მასშტაბით, უფასოა.

 M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ფასები არის ყველასათვის მისაღები და დამოკიდებულია პროდუქციის თვითღირებულებაზე, აქედან გამომდინარე, მდგრადია და ახლო მომავალში, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

M: როგორია მომხმარებელთა დაინტერესება და აქტიურობის სტატისტიკა?
იმის ფონზე, რომ მხოლოდ ონლაინ იყიდება და სხვა ტიპის რეკლამა არ გაგვიკეთებია, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ იდეამ ნამდვილად გაამართლა, მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას უკვე საკმაოდ ბევრი ჰყავს.

M: უახლოესი მომავლის გეგმები რომ გვითხრათ, რა მხრივ აპირებთ განვითარებას?
ჩვენი სამომავლო გეგმები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის პროდუქცია გაიყიდება საწყის ეტაპზე, ხოლო შემდგომ ჩვენს გეგმებში შედის უფრო მრავალფეროვანი დიზაინი ყველა ტიპის მომხმარებელზე გასვლა და ბოლოს ჩვენი პროდუქციის მაღაზია.

განხილვა