9
იან
2017

#თაობა: 90 იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის უთქმელი ისტორია – ნაწილი I

9 იან 2017

ქართული ალტერნატიული კულტურა და მოძრაობა ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ბაჩი ქიტიაშვილი და „ბერმუხა“ გამოჩნდნენ თბილისურ სცენაზე. მეორე მძლავრი მოძრაობა უკვე 80-იანებში იყო, ირაკლი ჩარკვიანი, დადა დადიანი, ლადო ბურდული და ა.შ. 90-იან წლებში კი, განადგურებული ქალაქის პარალელურად, იყვნენ ახალგაზრდები რომლებიც მუსიკითა და ხელოვნებით ცოცხლობდნენ, უყვარდათ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ოცნებობდნენ…

მარკეტერი წარმოგიდგენთ ინტერვიუების სერიას 90-იანების ქართული ალტერნატიულ მუსიკის შესახებ. ინტერვიუების სერიას ვიწყებთ ბატონ მიშა აბესაძესთან – ჯგუფ Afternoon Version-ის და Wild Stream-ის ვოკალისტთან, რომელიც ამ მოძრაობის უშუალო მონაწილე იყო.

ნაწილი I – „დაბადება“

M: მიშა, როგორ აღწერ იმ კულტურულ და მუსიკალურ მდგომარეობას, რომელიც თბილისში 90-იანების დასაწყისში არსებობდა?

პირველ რიგში, მსურს მკითხველს განვუმარტო, რომ ჩემი პასუხები და მონათხრობი  ჩემივე სუბიექტური აღქმის ნაყოფია, დღევანდელი  გადმოსახედიდან. აგრეთვე, შევეცდები აღვიდგინო მაშინდელი ხედვა.

90-იანების დასაწყისში სკოლის ბოლო კლასებში ვსწავლობდი და უკვე, გაკვეულწილად, ჩართული  ვიყავი კულტურულ პროცესებში. პირადად ჩემთვის, 91-93 წლები გარდამტეხი იყო . 1990 წლის ბოლოს, უსამართლობით  განაწყენებულმა, დავტოვე  ხალხური  ანსაბლი „დარიალი“  და  გადავერთე ალტერნატიულ  სუბკულტურებზე. მირჩევნია, მაშინდელ თბილისურ ალტერნატიული  მუსიკის  სამყაროზე  ვისაუბრო, რადგან სხვა სფეროების შესახებ  გაცილებით მცირე ინფორმაცია მაქვს.

მაშინ თბილისელი  ახალგაზრდობა  მუსიკის სფეროში  ახალი ნაბიჯების მოლოდინში იყო. ქართულმა ანდერგრაუნდმა  (ლადო, ქიშო, დადა და ა.შ.),  მეორე არხმა  და  საკაბელო ტელევიზიების მიერ ჩართულმა უცხოურმა მუსიკალურმა არხებმა თავისი გააკეთეს  და  შავ-თეთრ (შავის უპირატესობა საგრძნობი იყო) გარემოს მისცეს სიგნალი, რომ სხვა ფერებიც არსებობდა.

გაჩნდა ალტერნატიული სივრცეები. მაგალითისთვის, ლადო ბურდულის სახლის „ტუსოვკები“, კონცერტები და თქვენ წარმოიდგინეთ, მოდის ჩვენებებიც. ჩემი აზრით, ლადოსთან ყველა ერთხელ მაინც არის ნამყოფი.

იყო „ უცხო ენებში“ როკ კონცერტები, რამდენიმე ბენდმა სოლო კონცერტიც სცადა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პიონერთა სასახლეც აითვისეს სარეპეტიციო ფართებად და საკონცერტო სივრცედ… ყველაფერზე დავდიოდით.
პირადად ჩემზე, უდიდესი გავლენა იქონია  პიონერთა სასახლეში 1993 წელს ჩატარებულმა  კონცერტმა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი, Mother on Mondays  და  სანდა (რომელიმე ბენდი თუ გამომრჩა, მომიტევეთ).  ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი კონცერტი 80-იანების  ბოლო  პერიოდის  და 90-იანების დასაწყისის მუსიკალური  ტენდენციების.  ჩემი აზრით, მსგავსი  მაღალი ხარისხის ქართული მუსიკა არ დაფიქსირებულა დღემდე. აბსოლუტური კულტურული შოკი განვიცადე.

ჩარკვიანმა ისეთი ეპატაჟი დადო, რომ შეუძლებელი იყო ჩემი თინეიჯერული სულის სიმებზე არ დაეკრა. Mother on Mondays-ის ფრონტმენი (გოგლიკა) მომნუსხველად  ქარიზმატული იყო. შეუძლებელი იყო ამ ჯგუფის მუსიკის უემოციოდ მოსმენა.
მახსოვს,  პუბლიკას  რომ გადავხედე,  გავიფიქრე: „ ეს ხალხი კატაკომბებში იმალებოდა?“  „ბულავკები“ და საყურეები ყურებზე, უცნაური ვარცხნილობები, არაორდინალური ჩაცმის სტილი და  დამახასიათებელი ცეკვა. როგორი?  ვერ აგიხსნი… დაახლოებით ისეთი, ჩარკვიანი რომ ცეკვავს ამავე  კონცერტის ვიდეოში.

გარეთ  კი  გველოდებოდა  სიცივე, უშუქობა, შავ-თეთრი სამყარო, საძმოები, დამარცხებული ქვეყანა, ორცხობილა „პიკნიკი“ , ნავთის პრიმუსები და  დამწვარი რუსთაველი.  სახლში – დეპრესიაში მყოფი მშობლები…

M: იქედან გამომდინარე, რომ ალბათ თბილისის 1980 წლის როკ ფესტივალის შემდეგ მნიშვნელოვანი ცნობები არ არსებობს ქართულ მუსიკაზე. შენს ბავშვობასა და თინეიჯერობის პერიოდში რა იყო მუსიკალური კონტენტი რითაც „იკვებებოდი“ იმ დროს? იყო ეს ქართული მუსიკა და ისევ უცხოური მუსიკა? (კონკრეტულად?)

თუ  80-იანებს გულისხმობ, სამწუხაროდ ცენტრალური ტელევიზიების მიერ მოწოდებული მუსიკის, „მელოდიის“ მიერ გამოშვებული ფირფიტების და „ამერიკის ხმიდან“ გადმოწერილი (ხარვეზებით) სიმღერების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. მე რომ დავბადებულიყავი, მაგალითისთვის, სანქტ-პეტერბურგში, დასავლური მუსიკის მოპოვების კიდევ ერთი ალტერნატიული გზა მექნებოდა, რომელსაც მეზღვაური ფირფიტის გადამყიდველი ჰქვია. თუმცა ვეჭვობ, რომ ბოთლების შეგროვებით მოპოვებული ფული, თუნდაც,  EP-ზე მეყოფოდა. ისე, დღემდე მეცინება ჩემს თავზე, როდესაც 88 თუ 89 წელს ჩემი მეგობრის სახლში ახალ გამოცემა „Rolling Stone“-ს  წავაწყდი. ვფურცლე დიდხანს და ავღშფოთდი, რომ არც Queen-ზე, არც Led Zeppelin-ზე და არც The Doors-ზე ერთი  სიტყვაც  კი არ ეწერა. სამაგიეროდ, ვიღაც თმაგაჩეჩილი და შეღებილი ტიპის ფოტო  იყო თუ არ ვცდები გარეკანზე.

2 წლის მერე ეს გაჩეჩილი ტიპი ჩემი ერთ-ერთი კუმირი გახდა, რობერტ  სმიტზეა საუბარი. მოკლედ, ვერ წარმომედგინა, ზემოთ ჩამოთვლილი ბენდების იქით,  დასავლეთში რაიმე  სერიოზული მოძრაობები თუ იყო. ფაქტიურად, მთელი პანკ მოძრაობა, ელექტრონიკა და პოსტპანკი გამოვტოვეთ…  მხოლოდ ჟან მიშელ ჟარიმ გადმოლახა რკინის ფარდა. ვერ გააჩერეს.

ქართული ალტერნატიული მუსიკის შესახებ ფილმ „ლაქა“-დან შევიტყვე. ქიშო არც ვიცოდი რომ უკრავდა და მხოლოდ სცენარი მეგონა.  მგონი დისიდენტური მოძრაობის  დაწყების შემდეგ, ტვ-ში გაჟონა ჯგუფ „ოკეანის“ – „მოსკოვიდან ზარია“-მ. დიდად ვერ ვიკაიფე. „მელოდია“-ც უშვებდა დროდადრო ახალი არტისტების ფირფიტებს, რომლებიც რატომღაც დახლებზე არ იდო. პირადად მე, Queen-ის ფანი ვიყავი და კასეტებზე მათი ყველა ალბომი მქონდა (მერკურის სოლო ალბომებიც).

როგორ ვშოულობდი, არ მკითხო … ნაწილს მიწისქვეშა ხმის ჩამწერ სტუდიებში . მათხოვრადაც  ვიყავი გადავარდნილი და ლამის მუხლებში ვუვარდებოდი  უცნობ ტიპებს, რომ გადამეწერა იშვიათი ალბომები. ჯიბით ვატარებდი ცარიელ კასეტას და შანსს არ ვმაზავდი.

M: იყო თუ არა ამ დროს უკვე ის ბარიერები ისევ, რაც მუსიკის დაკვრასთან, მოსმენასთან და მის ხელმისაწვდომობასთან იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშრის დროს?

რასაც ჰქვია მუსიკის მოსმენა „პერესტროიკისა“ და „გლასნოსწის“ პერიოდში დავიწყე. მოპოვების სირთულეებთან დაკავშირებით  ზემოთ გითხარი.  ჩემ დროს, მარწუხები შედარებით მოშვებული იყო და ალტერნატიულ კულტურას მხოლოდ აქილიკებდნენ.

M: კონტექსტი რომ გავშალოთ, რამდენად იყო თბილისური და სხვა ქართული ქალაქების კავშირი, იდეოლოგიურად, ხედვით და კულტურულად ერთმანეთთან დაკავშირებული? თუ ყველა განხრა ცალ-ცალკე ვითარდებოდა?

საქართველო ცენტრისკენული სახელმწიფო იყო და არის. თბილისი თავკომბალაა და ყველაფერს ისრუტავს. სწორედ ამიტომ არის უნიკალური ქალაქი და სიგიჟემდე მიყვარს. ქუთაისმაც  გაამდიდრა თავის დროზე, ბათუმმაც და ფოთმაც კი. ქუთაისზე სულ ვამბობ ხოლმე,  რომ  მუსიკალურად როგორც ინგლისისთვის მანჩესტერი, იგივე მოვლენაა თქო. ქუთაისურ მუსიკალურ მოძრაობებს  ასე თუ ისე ვიცნობ.  უდაოდ ავთენტურია და საინტერესო. ალბათ დეტროიტსაც ჰგავს… როდესაც ინდუსტრია მოიშალა , ქუთაისმა 70 წლის განმავლობაში შეძენილი ფუნქცია დაკარგა და მომაკვდავ ქალაქად  იქცა. მომაკვდავ  ქალაქში კი პროტესტი იღვიძებს და გარეთ გამოდის.



განხილვა