17
Jul
2015

სტომატოლოგიური ტურიზმი – ახალი მიმართულება ტურისტულ ინდუსტრიაში

17 Jul 2015

Startauperi
Startauperi


Dent Tourism cover„აფრენა ბუდიდან“ და ბიზნესის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა ემილ კურბანოვმა და გიორგი ანდღულაძემ სტუდენტური ბიზნეს აქსელერატორის “Startup Nest” -ის მეშვეობით მოახერხეს. ორთვიანი დაძაბული კონკურსის შედეგად, კომპეტენტურმა ჟიურიმ სწორედ მათი ბიზნეს იდეა ჩათვალა საუკეთესოდ.\

M: პირველ რიგში გაგვეცანით

ჩვენი გუნდი შედგება სამი წევრისგან: ემილ კურბანოვი, გიორგი ანდღულაძე და რასიმ კურბანოვი. ჩვენ ერთმანეთს ძალიან მცირე ასაკიდან ვიცნობთ, გავიზარდეთ ერთად და პროექტში მონაწილეობის იდეაც ერთად მოგვივიდა. თითოეულ ჩვენგანს სურდა სიახლის შემოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩავთვალეთ, რომ სამეწარმეო სფეროში ძალების გაერთიანება შედეგს გამოიღებდა. გარდა ამისა, გვაქვს ცოდნა და გამოცდილება ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობისა და გვინდოდა ერთობლივი ძალისხმევით ახალ ეტაპზე გადასვლა, რისთვისაც Startup Nest პროექტში გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება.

M: startup nest – ბიზნესი 0-დან” – კონკურსის შესახებ გვიამბეთ

პროექტი startup nest -ი არის სტუდენტური ბიზნეს აქსელერატორი, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ ბიზნეს საქმიანობაში – იდეის ინკუბაციიდან დაწყებული მისი განხორციელებით დამთავრებული. პროექტის ფარგლებში ვხვდებოდით გამოცდილ ადამიანებს ბიზნეს სფეროში, გვიტარდებოდა საინტერესო ლექცია-სემინარები და შედეგად ვიღებდით მნიშვნელოვან რჩევებს ჩვენი იდეის განსავითარებლად.

კონკურსის საბოლოო საფეხურზე გადასული 11 გუნდიდან, ბიზნეს პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, საბოლოო პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა აერჩია დენტტურიზმი.

Giorgi & EmilM: როგორც ცნობილია, იდეა უკვე კონკურსის სამუშაო ფორმატში მოგივიდათ, მოგვიყვეთ საიდან მიხვედით ამ იდეამდე

თავდაპირველად ამ პროექტში სრულიად სხვა იდეით ვაპირებდით მონაწილეობას. თუმცა, პროექტის პირველ ეტაპზე – კრეათონზე, გუნდური განხილვის შედეგად გაგვახსენდა, რომ 4 წლის წინ, როცა საზღვარგარეთ (აშშ-სა და ინგლისში) ვსწავლობდით, ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, ძალიან დიდ თანხებთან და ბიუროკრატიასთან იყო დაკავშირებული სტომატოლოგიური მომსახურების მიღება. ხშირად გვიწევდა ამისთვის უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსვლა ხარჯების დასაზოგად. საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ სტომატოლოგიური მომსახურება საქართველოში ბევრად უფრო იაფია, ვიდრე თუნდაც მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში და ამავდროულად ხარისხიანიც. შესაბამისად, გადავწყვიტეთ შევხებოდით გლობალურ საკითხს და საქართველოში სამედიცინო ტურიზმის სფეროს განვითარებაზე გვეზრუნა.

M: გვიამბეთ თქვენი პროექტის შესახებ 

“Denttourism”-ი მიზნად ისახავს საქართველოში ტურიზმის განვითარებას უცხოელებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევით. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან ან თუნდაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება საქართველოში გაცილებით უფრო შეღავათიან ფასადაა შესაძლებელი. ჩვენი დახმარებით, პაციენტი დაზოგავს 70%-ს სტომატოლოგიურ მომსახურებაში, დაზოგავს უამრავ დროს, რადგან სტომატოლოგიური სერვისი უცხო ქვეყნებში გაცილებით ხანგრძლივია, და რაც მთავარია, აღმოაჩენს ქვეყანას ჰორიზონტს მიღმა – საქართველოს! გამომდინარე იქიდან, რომ სტომატოლოგიური მომსახურების მიღების შემდეგ ხშირად იკრძალება სხვა ქვეყანაში გადაფრენა მაღალი წნევის გამო, ტურისტი იძულებული იქნება 1 ან 2 დღის გარდა კიდევ რამდენიმე დღე დარჩეს საქართველში და ეს დრო ქვეყნის დასათვალიერებლად გამოიყენოს.

უცხოელი პაციენტი საქართველოში ჩამოსასვლელად ჩვენს ვებ პორტალზე მხოლოდ მარტივ სამედიცინო ფორმას ავსებს და აგზავნის. ამის შემდეგ ჩვენ ვუგვარებთ პაციენტს ყველა იმ საკითხს, რაც საქართველოში მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. პაციენტი მხოლოდ ყიდულობს სასურველი რეისის ბილეთს. ამაში მდგომარეობს ჩვენი ბიზნეს მოდელი.

M: მას შემდეგ რაც კონკურსში გაიმარჯვეთ, რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო ვებ-პორტალის (www.denttourism.com) განვითარება და სოციალური მედიის გამოყენებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის ხმის მიწვდენა ჩვენი სერვისის შესახებ (Facebook, Twitter, Youtube და ა.შ.). ასევე დავამყარეთ პარტნიორული კავშირი საქართველოში არსებულ ყველაზე ხარისხიან სტომატოლოგიურ კლინიკებთან, 4 ვარსკვლავიან სასტუმროსთან, რომელიც შეღავათიან ფასად მოემსახურება ექსკლუზიურად ჩვენს პაციენტებს, და სადაზღვევო კომპანია „სტანდარტ დაზღვევა საქართველოსთან“, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა და დაგვეხმარება კლიენტების აზერბაიჯანიდან მოზიდვაში.

dent tourismM: ახლა რა ეტაპზე ხართ?

ამ ეტაპზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, იმისათვის რომ მოხერხდეს ჩვენი ბიზნესის მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. გარდა ამისა, აქტიურად ვგეგმავთ სარეკლამო და PR კამპანიებს, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია უცხოელმა პაციენტებმა და ქართველმა ემიგრანტებმა შეიტყონ ჩვენს შესახებ. მეტიც, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა იქაც მოხერხდეს კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ში დღესაც 130 მილიონი ადამიანი არის სტომატოლოგიური დაზღვევის გარეშე.

M: რა გაძლევთ საფუძველს იფიქროთ, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებული იქნება?

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ამ ბიზნესში პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული პირებიდან ყველა იღებს სარგებელს. პაციენტი – რომელიც ზოგავს ფულსა და დროს, კლინიკები – რომლებიც იღებენ დამატებით პაციენტებს და საქართველო – რომელიც დამატებით იზიდავს უცხოელ ტურისტებს. აღარაფერს ვიტყვით ქართულ სასტუმროებზე, ტურისტულ კომპანიებზე და ა.შ. მეტიც, ყველა უცხოური სადაზღვევო კომპანიის ინტერესშია ამ ბიზნესის განვითარება, ვინაიდან საქართველოში პაციენტების გამოშვებით ისინიც დაზოგავენ ხარჯებს.

 M: ამ დრომდე თუ გქონიათ გამოხმაურება?

ჩვენი ბიზნესის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე დავუკავშირდით რამდენიმე უცხოელს და 1 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში უკვე 11-მა უცხოელმა გამოხატა სურვილი ჩამოვიდეს საქართველოში და გახდეს სტომატოლოგიური ტურისტი.

M: რა გეგმები გაქვთ ?

გვსურს ხმა მივაწვდინოთ არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ ყველა ქართველ ემიგრანტს, რომლებიც თავის მხრივ გაავრცელებენ ინფორმაციას ჩვენი მომსახურების შესახებ. გარდა ამისა, სერიოზული ძალისხმევაა საჭირო მარკეტინგისა და რეკლამირების მიმართულებით. ვთვლით, რომ ამ ბიზნესში წარმატება საშუალებას მოგვცემს ახლო მომავალში საქართველოში განვავითაროთ სამედიცინო ტურიზმის სხვა ისეთი სფეროებიც, როგორიცაა – თმის ტრანსპლანტაცია/გადანერგვა, პლასტიკური ქირურგია და ა.შ.

M: ბიზნესის წარმატების ფორმულა

  • ცოდნა და მუდმივი გაანალიზება იმისა, რომ ერთხელ წარმატებისთვის საჭიროა სცადო 101 ჯერ;
  • მიღწეულით მუდმივი უკმაყოფილება;
  • სურვილი იყო გამორჩეული, განსხვავებული და წყურვილი შექმნა რაღაც განსაკუთრებული.

ავტორი: ანკა სტურუა

განხილვა