21
სექ
2016

წინანდლის ღვინო ცოცხლდება – ჭავჭავაძეების მამულის ძველი ღვინის ახალი წარმოება

21 სექ 2016

კოკა არჩვაძე

კოკა არჩვაძე

თანამედროვე ქართულ მეღვინეობას წინანდლის მამულში ჩაეყარა საფუძველი. სწორედ აქ ჩამოისხა პირველად ქართული ღვინო ბოთლში. დღეს კი, Silk Road Group ტრადიციებს აცოცხლებს და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულის ღვინის წარმოებას იწყებს. წინანდლის ღვინის შესახებ უფრო ვრცლად Silk Road Group-ის მენეჯერის, კოკა არჩვაძის ინტერვიუდან შეიტყობთ და თავადური ღვინის არაჩვეულებრივ ვიდეოსაც იხილავთ.

M: ვის ეკუთვნის წინანდლის ღვინის აღდგენის პროექტი და ვინ აწარმოებს ღვინოს?

წინანდლის მამულის რეაბილიტაციას Silk Road Group ახორციელებს. SRG-ის პატრონაჟის ქვეშაა არა მხოლოდ წინანდლის ღვინო, არამედ ზოგადად წინანდლის მამულიც – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის პარკი და ა.შ. ჩვენს მამულში მოღვაწეობს ორი გამოჩენილი მეღვინე: დავით მაისურაძე და გიორგი ბარისაშვილი.

წინანდლის აღდგენის პროექტი, რა თქმა უნდა, ქარხნისა და ვენახების რეაბილიტაციასაც მოიცავს და დღეს განახლებული წინანდლის მამულის ღვინო უკვე დაუბრუნდა მსოფლიო ბაზარს.

წინანდლის ღვინო

M: რა გამორჩეული ისტორიის მატარებელია წინანდლის ღვინო?

წინანდლის მამული არის ადგილი, სადაც დაიბადა თანამედროვე ქართული მეღვინეობა. სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძემ დანერგა საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით ღვინის წარმოება და აქედან გაჩნდა პირველი ქართული ბოთლის ღვინოც.

ტრადიცია გრძელდება იმითაც, რომ წინანდალი, ქვევრის ღვინოსთან ერთად, აწარმოებს კლასიკური ევროპული ტექნოლოგიით შექმნილ ღვინოს. თავად ალექსანდრეს მიდგომას ვინარჩუნებთ და აქ ეს ორი ტექნოლოგია კვლავაც თანაარსებობს.

წინანდლის ღვინო

M: რა ჯიშებია წარმოდგენილი და რამდენი სახეობის ღვინო მზადდება?

ვენახში თერთმეტი ქართული ჯიშის ვაზია, მაგრამ ჯერჯერობით ბაზარზე მხოლოდ ოთხი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. ესენია:

  • „წინანდალი“;
  • მშრალი, მუხაში დაძველებული „საფერავი 2014“;
  • თეთრი მშრალი „ქვევრი“;
  • ნახევრად ტკბილი საფერავი.

ამას გარდა, მამული აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ჭაჭასა და ხილის არაყს, შეზღუდული რაოდენობით. ზოგადად, წინანდლის მამულის ნაწარმი, დღესაც და მომავალშიც, მცირე რაოდენობებით შემოვა ბაზარზე.

14389845_10209361262281627_1080958419_n

M: სად გაიყიდება წინანდლის ღვინო?

ჯერჯერობით, იყიდება მხოლოდ წინანდლის სადეგუსტაციო ოთახსა და „რედისონ ივერიის“ პირველ სართულზე მდებარე მაღაზიაში. რაოდენობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ღვინო დიდ სავაჭრო ქსელებში გავყიდოთ. ბოთლის ფასი 25 ლარიდან დაიწყება.

ახლა კი, გთავაზობთ წინანდლის ღვინის საინფორმაციო ვიდეოს, რომელზეც სარეკლამო სააგენტო ABK-მ იმუშავა.

 

წინანდლის ღვინო

განხილვა