21
აპრ
2017

Windfor’s ორი ოქროს მფლობელია! – Young Lions Georgia 2017

21 აპრ 2017

სააგენტო Windfor’s, ერთდროულად, ორი ოქროს მფლობელი გახდა DESIGN-ისა და FILM-ის კატეგორიაში, 19 აპრილს გამართულ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის – Young Lions Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიაზე. Design-ის კატეგორიაში გამარჯვება – ნიკა მონასელიძემ და ინგა სვანიძემ, ხოლო Film-ის კატეგორიაში – სანდრო ნაკაშიძემ და ბექა მეფარიშვილმა მოიპოვეს. გამარჯვებულები ივნისში, „კანის კრეატიულ ფესტივალზე“, საქართველოს სახელით გაემგზავრებიან და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ. სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions 2017-ის“ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი თბილისში, I აპრილს დაიწო და 5 კატეგორიაში – PRINT, CYBER, YOUNG MARKETERS, DESIGN, FILM – ჩატარდა. ამასთან, წინა ორი წლისგან განსხვავებით, FILM-ის კატეგორიაში კონკურსი საქართველოში წელს, პირველად გაიმართა. მარკეტერი გამარჯვებულებს ესაუბრა:FILM:
ბექა მეფარიშვილი
– საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S – აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, WINDFOR’S-ში – 2011 წლიდან დღემდე (7 წელი);
განათლება: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – მარკეტინგი.
სანდრო ნაკაშიძე –  საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S – CG არტისტი,WINDFOR’S-ში – 2013 წლიდან დღემდე (5 წელი);
განათლება – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – ხმის რეჟისურა.

ბექა მეფარიშვილი, სანდრო ნაკაშიძე: ჩვენი წყვილი სულ ბოლო მომენტში დაკომპლექტდა. მას შემდეგ, რაც WINDFOR’S-ში გუნდები გადავანაწილეთ, მე და სანდრო დავრჩით წყვილების გარეშე. ერთადერთი კატეგორია, რომელშიც ჩვენს ერთად ყოფნას აზრი ჰქონდა, FILM-ი იყო. წელს, ყველა კატეგორიაში მშვენიერი ბრიფები იყო. მათ შორის, FILM-შიც. შეიძლება, გარკვეული დეტალების დაზუსტებას საქმე გაემარტივებინა, თუმცა საერთო ჯამში ვერ დაიწუწუნებ – ბრიფი იყო კარგი და საინსპირაციო. ჩვენს შემთხვევაში, კრეატიულ იდეასა და შესრულების ხარისხზე მეტად, გამოცდილებას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა. 48 საათი საკმარისზე მეტი მოგვეჩვენა, რადგან ამ ინდუსტრიაში, 48 საათი საოცრად დიდი დროა. იდეა ბრიფის მიღებიდან რამდენიმე საათში მოვიფიქრეთ. პატარა ტესტი ჩავატარეთ და კარგად გამოვიძინეთ. მეორე დღეს აეროპორტში გავცვივდით, გადავიღეთ და მონტაჟს შევუდექით. კანში კონკურსს რაც შეეხება, კონკურენციაზე მეტად, იმ გარემოსი გვეშინია, სადაც ვიდეორგოლი უნდა შევქმნათ. კონცენტრირება რთული იქნება. შევეცდებით, საინტერესო გამოსვლები, ვორქშოფები, გართობა და რგოლის მოფიქრება/გადაღება/დამონტაჟება ერთმანეთს შევუთავსოთ.

FILM-ის კატეგორიაში, კონკურსანტებს, 48 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ვიდეორეკლამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებდა სამოგზაურო დაზღვევის მნიშვნელოვნებას.


DESIGN:
ნიკა მონასელიძე – 
საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S- ის გრაფიკული დიზაინერი, თითქმის 2 წელია;
განათლება: პროექტირება/მოდელირება მედია ხელოვნების ფაკულტეტი, სამხატვრო აკადემია.
ინგა სვანიძე: საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S-ის ექაუნთ მენეჯერი, 2016 წლის სექტემბრიდან.
განათლება: მარკეტოლოგი – კავკასიის ბიზნეს სკოლა. ნიკა მონასელიძე, ინგა სვანიძე: კონკურსში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ძალების შესამოწმებლად და ახალი გამოცდილების მისაღებად. ჩვენ აქამდეც გვიმუშავია რამდენიმე საერთო პროექტზე ერთად და ალბათ, ესეც დაგვეხმარა სამუშაოსა და დროის გადანაწილებაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარტნიორებს შორის კომფორტულ მუშაობას. რაც შეეხება ბრიფს, ძალიან საინტერესო იყო, თან კანის ბრიფთან მიახლოებული, რომელიც ეხებოდა მნიშვნელოვან თემას, ვფიქრობთ, საკმაოდ რთული დავალებისთვის, სწორი გადაწყვეტილების მიღება შევძელით. ფორმატი, 24 საათიანი სამუშაო დროც საჭირო და საკმარისი იყო, შიდაშესარჩევი კონკურსიდანვე შევეჩვიეთ მონაწილეები მუშაობის ამ სტილს, რადგან კანშიც ამ ფორმატით მოგვიწევს დავალების შესრულება. ჯერ მეორე დღეა, რაც კონკურსის შედეგები გავიგეთ და ჯერ კიდევ ვერ გავიაზრეთ ბოლომდე, ის ბენეფიტი, რასაც ეს კონკურსი მოგვიტანს. სამომავლოდ, ვფიქრობთ, ეს შედეგი ჩვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დადებითად აისახება. აუცილებლად ყველას ვურჩევთ და მოვუწოდებთ, მისცენ თავიანთ თანამშრომლებს მონაწილეობის საშუალება. შეიძლება, იყო ძალიან მაგარი, ერთ-ორ კაცში, მაგრამ როცა ამდენი სააგენტოდან არის ხალხი და მათ ეჯიბრები, რეალურად აფასებ შენს შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა, ასეთ გარემოში იზრდები შემოქმედებითად თუ პროფესიულად. კანში საქართველოს სახელით ასპარეზობა ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან სააგენტოს გარდა, ქვეყანასაც წარმოვადგენთ და ეს აორმაგებს პასუხიმგებლობას.

DESIGN-ის კატეგორიაში, კონკურსანტებს, 24 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ნიშანი, რომელიც ამა თუ იმ სივრცის ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის ადაპტირებას აღნიშნავდა.

განხილვა