Echowaves-ის სამზადისი, ორგანიზატორების თქმით, დასკვნით ეტაპზეა – თითქმის, დასრულებულია სცენების მშენებლობა, ეწყობა სპორტული მოედნები, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ფესტივალის დაწყებამდე, 1 კვირით ადრე, უკვე მზად იქნება. როგორც Echowaves-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ხატია გელოვანი ამბობს, ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ თითოეული სტუმრისთვის მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შექმნან.
ხატია გელოვანი : ოთხი დღის მანძილზე, ფესტივალის ტერიტორიაზე აქტივობები 24/7 იქნება. მუდმივად იმუშავებს, მინიმუმ, ერთი „სთეიჯი“. რაც შეეხება ტერიტორიის მოწყობას – EYE Stage-ის მშენებლობა უკვე დასრულდა. რამდენიმე დღეში დასრულდება KHIDI-ისა TAIYO-ს სცენები. მიმდინარეობს Wave Stage-ის, მთავარი სცენის რეკონსტრუქცია. ასევე, შენდება კარვების ზონა. პრინციპში, ისიც მალე იქნება მზად – ტერიტორია უკვე გადახურულია.
რაც შეეხება სპორტულ და გასართობ აქტივობებს . . .
დღის განმავლობაში, საფესტივალო ტერიტორიაზე, ძალიან ბევრი სპორტული აქტივობა იქნება: მზადაა ფეხბურთის მოედანი. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეკრიბონ გუნდები, მოაწყონ შეჯიბრებები და ა.შ. ან ითამაშონ ფრენბურთი პლაჟზე. ასევე, იმუშავებს კალათბურთის მოედანი. ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვისაც გვაქვს კარგი ამბავი – EYE Stage-იდან „აკვა პარკის“ მიმართულებით, დამონტაჟდება 150 მეტრის სიგრძის Zip Line. ბაგირი 30 მეტრის სიმაღლეზე იქნება გაბმული და ბუნებრივია, სტუმრები, ატრაქციონით პროფესიონალი ინსტრუქტორის დახმარებით ისარგებლებენ. Zip Line-ზე დაშვება უფასო იქნება. ფესტივალის ტერიტორიაზე, ასევე იქნება Slac Line. ეს 1 მეტრის სიმაღლეზე გაბმული დრეკადი ბაგირია, რომელზეც უნდა გაიარაო. ნებისმიერ აქტივობაში ჩართვა ფესტივალის სტუმართათვის უფასო იქნება. გარდა ამისა, მსურველები, მთელი დღის განმავლობაში, შეძლებენ „აკვა პარკით“ სარგებლობას. თუმცა, დასვენება და გართობა ამით არ დასრულდება. დაახლოებით, 19:00 საათისთვის, ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება იოგას გაკვეთილები და მსურველები ინსტრუქტორების დახმარებით ივარჯიშებენ.
კვების საკითხების რეგულირება, ობიექტების – კაფეებისა და ბარების მოწყობა რა ეტაპზეა?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ფასები წინასწარ არის განსაზღვრული. უკვე გადმოგზავნილი გვაქვს მენიუები და მითითებულ ღირებულებაზე მეტად ვერც ერთი პროდუქტი ვერ გაიყიდება. რეალურად, დიდი სხვაობა არ არის საბაზრო ფასსა და საფესტივალო ფასს შორის. ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ვენდორებს ფესტივალის სტუმრებისთვის მისაღები ფასები შეეთავაზებინათ. ტერიტორიაზე იმუშავებს Donatello Pizza, Hot Boat, Crepe’s House, Wustmeister-ის ჰოთდოგები, Leonardo-ს ბურგერები, Fresh Corner სტუმრებს ვეგანურ მენიუს შესთავაზებს, Kado – სუშის, SABIO – ქართულ სამზარეულოს წარმოადგენს. რაც შეეხება ბარებს – ფესტივალზე იქნება: Ambavi, Nasa Bar, Cactus Bar, Yello Station Bar, Zoom Bar, Beachside Bar, Papaya Bar.
რა ღირს ფესტივალზე დასასწრები ბილეთები?
სრული აბონემენტის ფასი, ამ ეტაპზე, 150, დღიური ბილეთის ღირებულება კი 60 ლარია. თუმცა, ამ ღირებულების ბილეთების ლიმიტის ამოწუხრვის შემდეგ ფასი გაიზრდება. რაც შეეხება კარავს, ფესტივალამდე ერთი დღით ადრე და მისი დასრულებიდან 1 დღის შემდეგ, ანუ 6 დღით მისი დაქირავების საფასური, ამ ეტაპზე, 250 ლარია.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს . . .
ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ყველა სტუმარს „გაიდლაინს“ გადავცემთ, სადაც თავმოყრილია ყველა წესი და რეკომენდაცია. ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეულის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზნით მუშაობს ჩვენს ტერიტორიაზე SAFEWAVES. პროექტის მთავარი მიზანია, სტუმარებს მარტივი წესები შეახსენოს – მაგალითად ის, რომ წყლის მიღება დღის განმავლობაში აუცილებელია, საჭიროა კვება და მზეზე დიდხანს გაჩერებაც არ არის სასარგებლო. SAFEWAVES-ი ალკოჰოლისა და სხვადსხვა ნივთიერებების ზიანის შემცირების მიმართულებითაც მუშაობს. ასევე, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე თავი თითოეულმა სტუმარმა კომფორტულად იგრძნოს. შესაბამისად, ურთიერთპატივისცემა სქესის, რელიგიის, კანის ფერის თუ სხვა მახასიათებლის განურჩევლად ყველასთვის მთავარი მოწოდებაა. ფესტივალის ტერიტორიაზე სპეციალური „ლოქერები“ იმუშავებს, სადაც სტუმრებს ნივთების შენახვას ღონისძიების მსვლელობის დროს შეძლებენ. ჩვენი რეკომენდაცია კი ასეთია – ყურადღება მიაქციონ პირველ რიგში საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, გაითვალისწინონ რჩევები, პატივი სცენ სტუმრებსა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს, რომ საფესტივალო გამოცდილება, მაქსიმალურად, დადებითი იყოს.
[R]