14 წლიანი გამოცდილებით და 200–მდე თანამშრომლით, იუ-ჯი-თი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა საქართველოში,როგორც თავად ამბობენ მათი მისიაა, დაეხმარონ კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. დღეისათვის კომპანიის კლიენტების სიაში 300 მოწინავე კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე იუ–ჯი–თიმ მოახერხა გამხდარიყო 25-ზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და მომწოდებელი.
მარკეტერი UGT-ის მარკეტინგის მენეჯერს ანი ნადირაძეს. ესაუბრა
ანი მოგესალმებით, ვინ და როდის დააფუძნა UGT?
იუ-ჯი-თი ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან მოღვაწეობს. ჯერ კიდევ წლების წინ იუჯითიმ თავის საქმიანობა კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციით დაიწყო. 1997 წლიდან გიორგი ჭირაქაძე არის იუ–ჯი–თის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა? ვისთვისაა ეს პროდუქტი ძირითადად გათვლილი?
იუ-ჯი-თის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და ფუნქციონირების მხარდაჭერაა. კომპანია ასევე ცნობილია უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკისა და მაღალი დონის აპარატურის მიწოდებით. ჩვენი დამკვეთების რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი სფეროს წარმომადგენლები როგორიცაა: საბანკო-საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, წარმოების, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის და სამშენებლო სექტორები. სახელმწიფო სფეროდან – თავდაცვის და უსაფრთხოების, საფინანსო-ეკონომიკური რგოლის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სტრუქტურები.
კონკრეტულად რომელი ბრენდების სერვისებს სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებელს?
ჩვენი კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერ კომპანიებთან პარტნიორობა. Microsoft, Symantec, SAP, HP, Cisco, Oracle, VMware…და სხვა მრავალი. იუ-ჯი-თის პარტნიორების რიცხვი საკმაოდ სოლიდურია და მათთან ჩვენს კომპანიას მრავალწლიანი თანამშომლობა აკავშირებს .
ვინ მიგაჩნიათ დღემდე რეალურ კონკურენტად?
ჯანსაღი კონკურენტული გარემო ჩვენი კომპანიის წარმატების ერთერთი წინაპირობაა. ამიტომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით კონკურენტების არსებობას. ეს ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს. დღეს იუჯითი ჯგუფში არაერთი კომპანიაა გაერთიანებული. მათ შორისაა: პისიშოპ.ჯი; ლიტერასი, აიტი ინვესტი, დილაინი და სხვ. ყველა მათგანი სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე მუშაობს, ამიტომ კონკრეტული კონკურენტების ჩამოთვლა გამიჭირდება.
თქვენი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომლითაც ამაყობთ?
1997 წლიდან დღემდე იუჯითის არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული. გამოვყოფდი ისეთ სახალხო პროექტს, როგორიცაა ვინდოუსის გაქართულების პროექტი. ასევე საპატრულო პოლიციის ავტომატიზაციის პროექტი, სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტი, ქვეყნის მასშტაბით ერთერთი ურთულესი, მასშტაბური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით უნიკალური – ინტეგრირებული ბაზისა და კორპორატიული ვებ პორტალის პროექტი ფინანსთა სამინისტროში და სხვა მრავალი.
თქვენი კომპანია ერთადერთი IT კომპანიაა, რომელიც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს ,,თეთრ სიაში” დარეგისტრირდა. რას აძლევს ეს კომპანიას?
„თეთრ სიაში” გაწევრიანება საშუალებას მისცემს იუ–ჯი–თის მნიშვნელოვნად გამარტივებული სატენდერო პროცედურებით ისარგებლოს. კომპანიამ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც თეთრ სიაში მოხვედრის აუცილებელი პირობაა. თეთრ სიაში მოხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი კომპანიის საიმედოობას, კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციას.
როგორ ხდება კადრების შერჩევა კომპანიაში, რომელიც სახელგანთქმულია თავისი წარმატებული პროექტებით?
იუ-ჯი-თის მიერ განხორციელებული და მიმდინარე მსხვილი კომპლექსური პროექტების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ, განაპირობა მოთხოვნა სხვადასხვა დონის ხელმძღვანელებზე, ექსპერტებზე, სპეციალისტებზე, ინჟინრებზე, ანუ ადამინებზე, რომელთაც გააჩნიათ ფუნდამენტური ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში. ჩვენთან კარიერის გაკეთება მხოლოდ ამა თუ იმ თანამშრომლის მონდომებაზეა დამოკიდებული.
რა გეგმები აქვს კომპანიას მომავალში?
დღევანდელ დღეს, ნებისმიერი კომპანია წარმოუდგენელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე. ჩვენი მისია და მიზანი იყო და არის დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. ჩვენ მუდმივად ვითვისებთ უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე ჩვენი კლიენტები მიიღებენ ყველაზე თანამედროვე მიღწევებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ეფექტურად დაეხმარება ბიზნეს-მიზნების მიღწევაში.