მოდის მარკეტინგი იყენებს მოდის სფეროში მიმდინარე ტენდენციებს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავების, გაანალიზების და განხორციელებისთვის. განიხილავს ურთიერთობას მოდის დიზაინსა და მარკეტინგს შორის რაც მოიცავს სარეკლამო , პრომოციულ და განვითარების ასპექტებს მილიარდ დოლარიან მოდის ინდუსტრიაში.
წარმატებულ მოდის მარკეტერებს ესმით, რომ სამომხმარებლო ტენდენციების გათვალისწინება, ძლიერი ბრენდინგი და სასურველი პროდუქტის იმიჯი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები ეფექტური და შინაარსიანი კამპანიის შესაქმნელად. ამ ყველაფერს ვერ ვიტყოდით ქართული მოდის სფეროში არსებული მარკეტინგის აღწერისას. მეტიც, დაისმევა კითხვა არსებობს თუ არა მოდის მარკეტინგი საქართველოში? თუ გადავხედავთ ქართულ მოდის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს, შეიძლება ითქვას, რომ მოდის მარკეტინგი პრაქტიკულად არაეფექტურია ამ სფეროში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სფერო ქართულ რეალობაში ფეხს ნელნელა იკიდებს, ბევრი რამე განვითარების სტადიაშია. გარდა იმისა, რომ ქართველ დიზაინერებს ხშირად შეიძლება არ ჰქონდეთ სათანადო ფინანსები მათი პროდუქციის ეფექტურად რეკლამირებისათვის, თანხის ინვესტიციისგან ისინი თავს იკავებენ იმის გამო, რომ ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა არ აღინიშნება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რეკლამირებისთვის გაწეულ ხარჯებს შევხედავთ როგორც მხოლოდ “ხარჯებს”, წარმოიქმნება არასწორი ხედვა ზოგადად სწორი ბიზნესის მართვისადმი.
მოდის სფერო სპეციფიურია, აქ მარკეტინგული სტრატეგიების სტანდარტული ასპექტებიც სპეციფიკურად გამოიყენება. მაგალითად, მეტი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის ეფექტურად, მიზანმიმართულად წარდგენას. ქართული მოდის ინდუსტრია ჯერ ისევ განვითარების სტადიაშია და პირდაპირ კონკურენციას ვერ უწევს უცხოურ ბრენდებს თუნდაც ქვეყნის შიდა ბაზარზე, რომლებიც ნებისმიერ სეგმენტზე არის გათვლილი. ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება ცნობილი მსოფლიო ბრენდების ფილიალების შემოსვლის ტენდენცია საქართველოს ბაზარზე, რასაც მოდის მარკეტინგის სხვადასხვა სტრატეგიების დანერგვაც მოსდევს. უცხოური ბრენდები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა საშუალებებს პროდუქციის რეალიზაციისთვის, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის აქციებით და მომხმარებლის ლოიალურად განსაწყობად შემუშავებული სტრატეგიებით. მაგალითად, Address –ის მაღაზიათა ქსელი ( 1+1 აქციები, დღესასწაულებთან დაკავშირებული 1 დღიანი ფასდაკლებები, გრანდიოზული, სეზონის ბოლოს.. და ა.შ.)
მოდის მარკეტინგში არსებობს რამდენიმე სტრატეგია რასაც სხვადასხვა ბრენდი თუ მწარმოებელი თავის პროდუქციის ან მისი ცალკეული ხაზის რეალიზაციისთვის მიმართავს. მაგალითად, მასიურ წარმოებაზე გათვლილ სტრატეგიას აწარმოებენ ისეთი მსოფლიო ბრენდები როგორიცაა: ზარა, ბერშკა, პრომოდი, სტრადივარიუსი, H&M და ა.შ. ამ სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი პრინციპია მოდის ძირითადი ტენდენციის დაფიქსირება, წამყვანი დიზაინერების ტენდენციების მოდიფიცირება და პროდუქციის სწრაფი ცვლა, მაგ: ახალი საქონელი ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ხოლო ისეთი ბრენდები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია უნიკალურობაზე სრულიად განსხვავებულ მარკეტინგულ სტრატეგიებს მიმართავენ. ისინი ძირითადად ცდილობენ ლიმიტირებული პროდუქციის ხაზი შექმნან, განსხვავებული, უნიკალური იმიჯი მოარგონ საკუთარ პროდუქციას.
საქართველოში შემოსული ბრენდები ძირითადად მასიური წარმოების სტრატეგიის მქონე ბრენდებია (ზარა, ბერშკა, სტრადივარიუსი, ფულ ენ ბეარ და ა.შ) მომხმარებლის უმრავლესობა სწორედ ამ სეგმენტს წარმოადგენს და შესაბამისად, კონკურენციაც ბაზრის ამ ნაწილში იზრდება, რის გამოც შერეული ტიპის მაღაზიებს უწევთ სერიოზულ დათმობებზე წასვლა. მაგალითად, პასაჟში, თბილისი ცენტრალსა ან ქარვასლაში მსგავსი მაღაზიები მუდმივ ფასდაკლებების აქციებს მიმართავენ, სწორედ ასე ცდილობენ კონკურენციის გაწევას. საბოლოო გადაწყვეტილება მომხმარებელს ეკუთვნის აირჩიოს ცნობილი ბრენდი, თუ უფრო ხელმისაწვდომი მოდელი რომელიმე შერეული მაღაზიიდან, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხი აუცილებლად დაბალი უნდა იყოს. აქვე იგულისხმება პატარა ბუტიკებიც, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით გვთავაზობენ საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ მოდელებს.
ასე რომ, ქართულ რეალობაში მოდის მარკეტინგის სტრატეგიების გამოყენება საკმაოდ სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს. ამ განხრით სპეციალიზირებული მარკეტერების ნაკლებობაც აღინიშნება, რაც ალბათ მოთხოვნის ნაკლებობის ბრალია. იმედს ვიქონიებ, რომ მომავალში უფრო მეტი ცნობილი მსოფლიო ბრენდები შემოვლენ ქართულ ბაზარზე და ამ სფეროში მუშაობა მოდის მარკეტერებისათვის შესაძლებელი გახდება. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოდის მარკეტერებისთვის, არის ის, რომ განვითარდეს ქართული მოდის ინდუსტრია და გახდეს შესაძლებელი ქართველ დიზაინერებთან ერთად მოდის მარკეტინგის სფეროში მუშაობა.
ნინო სამარგულიანი