in ,

“შედეგით მიღებულ კმაყოფილებას ვერაფერი შეედრება” – მაკო ჯაოშვილი

პიარ სპეციალისტი მაკო ჯაოშვილი განათლებით ბიოლოგია, ფლობს დოქტორის ხარისხს. 1990-აინების დასასრულს , როგორც თავად ამბობს, საკუთარ თავში სხვა შესაძლებლობებისა და იმპულსების აღმოჩენის შემდეგ , პროფესია შეიცვალა. თითქმის ერთი წელია საკუთარი კომპანია “სევენთი “ აქვს. გეგმავენ ყველანაირ ღონისძიებას: კორპორაციული “ივენთებს” , კომუნიკაციის სტრატეგიას და ა. შ. ბევრისთვის შესაძლოა სიახლე იყოს, რომ წერს ლექსებსა და მცირე ჩანახატებს.

 

“როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ფაქტორივად, ჩემს გარშემო “პიარი” არავინ იცოდა. მუდმივად ვეცნობოდი ლიტერატურას. თვისებები , რაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს: ოპტიმიზმი , კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, იუმორი ჩემს ხასიათში ისედაც იყო, ამიტომ ამ პროფესიაში ადაპტირება მარტივად მოხდა”.

თუმცა , აქამდე დიდი გზა გაიარა. სამეცნიერო ასპარეზი ჯერ მთარგმნელობით, შემდეგ კი თბილისში პირველი ბოულინგის ცენტრის პიარ საქმიანობით ჩაანაცლა. მას მოჰყვა სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება უკვე გაფართოვებული სახით სარესტორნო ბიზნესში.

“ასე ნელ- ნელა ვიპოვნე საყვარელი საქმე და ეს ნაბიჯი შედეგიანი გამოდგა. შემდეგ იყო კერძო დაკვეთებიც. მერე ვმუშაობდი “ნიკორაში”, აქ უფრო მეტად შიდა საკომუნიკაციო პროცესებში ვიყავი ჩართული, თუმცა აქტიურად ვიმუშავე ხარისხის მართვის კუთხითაც საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად.”

როცა ხელმეორედ მიეცა შანსი ეხელმძღვანელა “თბილისი ცენტრალში” ახალ გახსნილი ბოულინგის ცენტრისთვის, მაკო ჯაოშვილი მათი პარტნიორი გახდა.

შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, შინაგანად დარწმუნდა, რომ უკვე მზად იყო საკუთარი კომპანია ჩამოეყალიბებინა.

“დრომაც მოიტანა და ასაკმაც”. როგორც ჩანს ადრე არ მქონდა სათანადო მზაობა საამისოდ. ბიზნესის წამოწყება გარკვეულ რისკებსაც მოიცავს და ოჯახით დაკისრებული პასუხისმგებლობის გამო ვერიდებოდი თამამი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და მივხვდი, რომ დროული იყო ჩემი საქმე მეკეთებინა. ამ შემთხვევაში ნაკლებად ხარ სხვაზე დამოკიდებული, მართალია, გარემო პირობებზე ნებისმიერ შემთხვევაში დამოკიდებული ხარ, რაც თავისთავად ან ხელის შემწყობია, ან პირიქით, ხელშემშლელი. რეალურად, დაკვეთას იმის მიხედვით მიიღებ, თუ კონკრეტული ბიზნესისთვის სასურველი გარემოა, სხვა მხრივ, ვერანაირ სტატეგიული კომუნიკაციას ვერ შეიმუშავებ.

ასე რომ საკუთარი საქმის წარმოებისას გარკვეული ჩარჩოებისაგან თავისუფლდები და უფრო მეტი შემოქმედებითი გასაქანი გაქვს. გარდა ამისა, პარტნიორული დამოკიდებულება მაინც სულ სხვაა, ვიდრე ხელმძღვანელსა და დაქირავებულ შორის ურთიერთობა, რაოდენ დემოკრატიული სუბირდინაციაც არ უნდა იყოს.”

ამბობს, რომ, ცდილობს სიღრმისეულად ჩაწვდეს ნებისმიერ საქმეს, რასაც ხელს მოკიდებს. არასოდეს ერიდება შეკითხვების დასმა და რჩევის მიღება, თუნდაც თავისზე ასაკით ან პოზიციით უმცროსი ადამიანისგანაც. მუდმივად ძიებისა და სწავლის პროცესშია . უყვარს მრავალფუნქციური ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა. მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე. ცდილობს გააანალიზოს, რისი გაკეთება შეუძლია უკეთ.

“დღესაც კი, როცა პიარის ლექციებს ვუკითხავ სტუდენტებს, მეც მათთან ერთად. ვსწავლობ. ვაკვირდები, თუ როგორ უნდა მოახდინო თვითმოტივაცია და აქტუალიზაცია. ბევრ ლიტერატურას ვეცნობი. “ჯიპაში” და “გაუ-პიარ სკოლაში “ ღონისძიების მენეჯმენტს ვასწავლი. პროფესიული კუთხით.ვიხვეწები ჩემს სტუდენტებთან ერთად. მათგანაც ვიღებ ბევრ საინტერესო ინფრორმაციას,. ჩემს თუ სხვის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს კიდევ უფრო ობიექტურ ჭრილში ვატარებ, უკვე ერთგვარი დამკვირვებლის სტატუსით. ვაანალიზებ, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო, რა ვერ გაკეთდა ისე, როგორც საჭირო იყო და რატომ? ეს თავისთავად გეხმარება მომავალში თავიდან აიცილო მსგავსი შეცდომები და უკეთ დაგეგმო შემდგომი ღონისძიებები. “

თავის ერთერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მაინც ბოულინგის პოპულარიზაციას და მის წინა პლანზე წამოწევას მიიჩნევს. ამბობს, რომ თუ რომელიმე მოცემულ ეტაპზე რაღაც ისე არ გამოვიდა, იმით ახსნება, რომ ასეთ შემთხვევებში მკაფიოდ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული ერთი კონკრეტული მიზანი. მისი აზრით, რთულია წინსვლა, როცა ბევრ რამეზე ერთდროულად ხარ ორიენტირებული.

“პატარ პატარა კაზუსები რაც მომსვლია, ალბათ იმის ბრალია, რომ ცოტა გამბედაობა მაკლდა ან შესაძლოა ნაკლებად იყო შესაფერისი ნიადაგი. თორემ ბუნებით სიახლეზე ორიენტირებული ვარ. როდესაც შინაგანი დარწმუნება გაკლია, ეს ერთერთი ხელისშემშლელი ფაქტორია”

მისი აზრით, წარმატებისათვის მთავარია საკუთარი საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და  მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი. ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია, ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტაცია და საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა. მიზანდასახული უნდა იყო და სწორად გაანაწილო დრო ამ მიზნის მისაღწევად.

როგორც ხელმძღვანელი, საკმაოდ მომთხოვნია. საკუთარ სისუსტედ მიიჩნევს, რომ თუ ვინმე საქმეს სათანადოდ ვერ აკეთებს, ამასაც თავის თავზე იღებს. თვლის, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას და რეკომენდებულია არაა მენეჯერისთვის. დიდ ყურადღებას უთმობს ხასიათის ამ ნიშნის გამოსწორებას.

მათ , ვისაც სურს იყოს წარმატებული პიარ მენეჯერი ურჩევს :

“შედეგით მიღებულ კმაყოფილებას ვერაფერი შეედრება. თუ ადამიანი გადაწყვეტს პიარის სფეროში დასაქმებას , შინაგანი მზაობა უნა ჰქონდეს, ფსიქოლოგიურად ძლიერი და დაუზარელი უნდა იყოს. მხოლოდ საკუთარი მხრიდან არ უნდა შევხედოთ მოვლენებს. გარკვეული დოზით, კომპანიის ხელმძღვანელობის პოზიციიდანაც უნდა შევაფასოთ. ასე მათი მოთხოვნების გაგებაც გიადვილდება. რეალურად, პიარ სპეციალისტი არის გამტარი კომპანიასა და მომხმარებელს შორის, უნდა გაფილტრო მიღებული ინფორმაცია და ობიექტურად მიაწოდო საზოგადოებას. საამისოდ კი პროდუქტის შესახებ კარგად უნდა იყო ინფორმირებული. ცხადია, უნდა ეთანხმებოდე კიდეც იმ კომპანიის შეხედულებებს , რომელსაც წარმოადგენ, მაგრამ სუბიექტური არ უნდა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდება მომხმარებელს სარწმუნოდ გადასცე საჭირო ინფორმაცია. არა და პიარი ხომ სწორედ დარწმუნების ხელოვნებაა. პიარი საკმაოდ სერიოზული, შრომატევადი სპეციალობაა და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პიროვნება უნდა იყო. ამასთანავე, ზომიერად პრინციპული და მოქნილიც. მუდმივად უნდა მუშაობდე საკუთარ თავზე და შეგეძლოს ემოციების მართვა”.

 

Must see

პენელოპა კრუზი “კამპარის” ცრურწმენების დამსხვრევაში ეხმარება

წიგნის ფასი თუ ხარისხი ?!