ესპანეთში აღმოჩენილი უძველესი ზედა ყბის ძვალი იმ ინდივიდის სახის მახასიათებლებს ავლენს, რომელიც ევროპაში უძველესი ადამიანის უძველესი ნათესავი შეიძლებოდა ყოფილიყო…
პალეოანთროპოლოგთა ჯგუფმა ნამარხი ატაპუერკას მთების მახლობლად არსებულ ქალაქ ბურგოს არქეოლოგიურ ადგილზე ე.წ. სპილოების ორმოში აღმოაჩინა. დიახ, ეს ადგილი ნამარხების მდიდარი ჩანაწერით არის ცნობილი. აღმოჩენილი თავის ქალის ფრაგმენტი, როგორც უკვე ვთქვით, ზედა ყბის ძვალს მოიცავს და ამასთან, ჰომინიდის კბილს, რომელიც დაახლოებით 1.4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
ავსტრალიის მუზეუმის ცნობით, ჰომინიდების ჯგუფში ადამიანისა და დიდი მაიმუნების ოჯახის ყველა ცოცხალი და გადაშენებული წევრი შედის, მათ შორის ადამიანები, მათი ნათესავები, შიმპანზეები და გორილები. აქამდე აღმოჩენილი ჰომინიდის ნამარხი კი 1.2 მილიონი წლით თარიღდება და ქვედა ყბის ნაწილებს მოიცავს. ხოლო უახლესი აღმოჩენა მეცნიერებისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, რადგან ისინი უფრო ძველი ნიმუშის პოვნას არ ელოდნენ.
ზედა ყბა ორი მეტრის სიღრმეზე თიხიან ნიადაგში ადამიანის ევოლუციის კვლევის ეროვნული ცენტრის დოქტორანტმა ედგარ ტელეზმა აღმოაჩინა. იგი წინა აღმოჩენაზე უფრო ღრმადაც იყო ჩაფლული. პალეონტოლოგები კი თვლიან, რომ ეს ადამიანის სახის ევოლუციურ ნიმუშს ასახავს.
„ამ ნიმუშში ვერტიკალური პროექციაც არის ნაჩვენები, ზუსტად ისე, როგორც წინა 2008 წლის აღმოჩენის დროს. ეს კი იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ იმ დროს თანამედროვე სახე უკვე წარმოდგენილი იყო“, — აცხადებს ტელეზი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტელეზი და მისი გუნდი ვარაუდობს, რომ ეს ძვალი უფრო მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე ევროპელებს, ვიდრე მაიმუნისმაგვარ პრიმატებს, როგორიცაა ჰომო ჰაბილისი. მეტიც, მკვლევრები თვლიან, რომ ეს ნარჩენი „ჰომო“ წინამორბედისგან შეიძლება მომდინარეობდეს, რომლის პოზიცია, 1999 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანის საგვარეულო ხეში საკამათოა, მაგრამ, შესაძლოა, თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების ახლო ბიძაშვილიც კი იყოს.
ანთროპოლოგი ჯონ ჰოუკსი ამ აღმოჩენას საუკეთესო რესურსად მიიჩნევს, რათა კონკრეტულ ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები მიიღოს.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, რას მოერგება ეს ზედა ყბა და ამისთვის გუნდს დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ, რაც არ უნდა განსაზღვრონ, ეს კონკრეტულ ადგილზე არსებული ქცევის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს. ხოლო ყველაფერი, რაც ქცევის მტკიცებულებასთან არის დაკავშირებული, ჩვენი წინაპრებისა და ნათესავების ქცევის შესაძლებლობებს გვიჩვენებს. მაგალითად, ქვის იარაღების დამზადება და ნადირობა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ნაწილია“, — ამბობს ჰოუკსი.