in

როგორ ვიცხოვროთ 1 კვირა ნარჩენების გარეშე?

ერთჯერადი შეფუთვები, სწრაფი მოდა და მრავალი ნარჩენი, რომლებსაც ნივთებით სავსე სამყაროში ყოველდღიურად ერთი ადამიანი მოიხმარს, იმდენად დიდ რიცხვს აღწევს, რომ რთულია, სამყარო ნარჩენების გარეშე წარმოიდგინო. მაგრამ რა მოხდება, თუკი ექსპერიმენტს ჩავატარებთ და ვცდით, თუნდაც, ერთი კვირა არ შევქმნათ არასასურველი ნარჩენები?

„ერთი კვირა ნარჩენების გარეშე“ უბრალოდ პირად გამოწვევაზე მეტია – ეს არის ძლიერი ექსპერიმენტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ის მოუწოდებს ინდივიდებს, ოჯახებს გადახედონ თავიანთ ყოველდღიურ ჩვევებს, რათა შეამცირონ გარემოზე ზემოქმედების დონე. მიზანი მარტივია – შვიდი დღის განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენების წარმოქმნა.

რატომ უნდა ვებრძოლოთ ნარჩენებს

საშუალოდ, ადამიანი დღეში დაახლოებით 2 კილოგრამ ნარჩენს გამოიმუშავებს, რომლის დიდი ნაწილი ნაგავსაყრელებზე ან ოკეანეში ხვდება. ერთჯერადი პლასტმასა, საკვების ნარჩენები და ჭარბი მოხმარება დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორებია. 

ამიტომ, თუ ნარჩენებისგან თავისუფალი კვირის ექსპერიმენტს მოაწყობთ, გააცნობიერებთ თქვენი, როგორც მომხმარებლის ჩვევებს, აღმოაჩენთ უფრო მდგრად ალტერნატივებს, შეიძლება სრულფასოვნად ვერ აღმოიფხვრას ნარჩენები, მაგრამ ნაბიჯის წინ გადადგმა ძალზე მნიშვნელოვანია.

აბა, დავიწყოთ – პირველ რიგში, გეგმა გჭირდებათ

ნარჩენების გარეშე ერთი კვირის გატარება მომზადებას მოითხოვს. რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ:

  • დაუთმეთ ერთი დღე იმის აღწერას, თუ რას ყრით ყოველდღე
  • შეიძინეთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთები, როგორებიცაა სავაჭრო ჩანთები, წყლის ბოთლები, კონტეინერები და ჭურჭელი
  • იშოპინგეთ გონივრულად: შეიძინეთ ბიოპროდუქტები
  • საკუთარი ხელით მომზადება გეხმარებათ გარემოს დაცვაში: მოამზადეთ საჭმელები, საწმენდი საშუალებები ან კოსმეტიკური საშუალებები მარტივი ინგრედიენტების გამოყენებით
  • ორგანული ნარჩენების კომპოსტირება: საკვების ნარჩენები ნაგავში არ უნდა გადაყაროთ – ისინი შეიძლება საკვები ნივთიერებებით მდიდარ კომპოსტად იქცეს

ქვემოთ წარმოგიდგენთ ცხრილს, თუ როგორ შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში დაძლიოთ „ნარჩენებისგან თავისუფალი კვირის” გამოწვევა

დღე 1: აუცილებელი ნივთები

კონცენტრირდით თქვენს დილის რუტინაზე. გადადით ბამბუკის კბილის ჯაგრისზე, გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპონი თხევადის ნაცვლად, რომელიც პლასტმასის ბოთლშია ჩასხმული

დღე 2: საკვები და სასმელი

უარი თქვით ერთჯერად ჭიქებზე, საწრუპებსა და დანა-ჩანგალზე. უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე და მოამზადეთ ორგანული საკვები შინ.

დღე 3: დასუფთავება ქიმიკატების გარეშე

ცადეთ სახლის დასუფთავება ძმრის, საცხობი სოდისა და ლიმონის გამოყენებით. ქაღალდის ხელსახოცების ნაცვლად გამოიყენეთ ნაჭრები.

დღე 4: გარდერობის არჩევანი

მოერიდეთ სწრაფ მოდას. ეცადეთ, ახლის ყიდვის ნაცვლად, ტანსაცმელი შეალამაზოთ ან მეორადი შეიძინოთ.

დღე 5: გარეთ გასვლა

სამსახურში ან ნებისმიერ სხვა საქმეზე გასვლისას, თან იქონიეთ ნარჩენებისგან თავისუფალი ნაკრები — მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი, კონტეინერი, ჭურჭელი და ჩანთა — და ნახეთ, რამდენი ნარჩენების დაგროვებას აიცილებთ თავიდან გზაში.

დღე 6: გართობა

უარი თქვით პლასტმასში შეფუთულ ნივთებზე. DVD-ების ყიდვის ნაცვლად უყურეთ ონლაინ, წიგნიც შეგიძლიათ, ელექტრონულ ფორმატში წაიკითხოთ და პროდუქტების ყიდვის ნაცვლად გამოცდილება შეიძინოთ, როგორიცაა სუფთა ჰაერზე სეირნობა და სხვა.

დღე 7: რეფლექსია და ხელახალი შეფასება

ეს ბოლო დღეა, ამიტომ გადახედეთ, რა გამოგადგათ და რა არა. რომელი ჩვევების გამომუშავება იყო მარტივი და რთული? რა შეგიძლიათ, გადაიტანოთ გრძელვადიან პერსპექტივაში? ამ კითხვებზე დაფიქრება და შესრულება დაეხმარება გარემოს, რომ ოდნავ უკეთესი გახდეს.

რეალისტური მოლოდინი

გულახდილად რომ ვთქვათ, ნარჩენების გარეშე ცხოვრება რთულია, თუმცა მიზანი სრულყოფილება არ არის. 50%-თ მაინც რომ შევამციროთ გარემოზე ამგვარი ზემოქმედება, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ცხადია, ერთკვირიანი გამოწვევა მხოლოდ ნაგავს არ ეხება — ეს აზროვნების, ჩვევებისა და პრიორიტეტების შეცვლას გულისხმობს. „ერთი კვირა ნარჩენების გარეშე“ პატარა, მაგრამ ძლიერი ნაბიჯია უფრო მდგრადი მომავლისკენ.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

შავი ზღვის მე-18 ჯაზ ფესტივალი: ბათუმს Funk-ის კვლავ სჯერა

Chupa Chups – როგორ შეიქმნა ყველა ჩვენგანის ბავშვობის მოგონება