20
Jan
2020

ილონ მასკის თქმით, 2050 წლისთვის, მარსზე ერთი მილიონი ადამიანი დასახლდება

20 Jan 2020

Alta
Alta


ილონ მასკმა ტვიტერზე სამომავლო გეგმები გააზიარა. როგორც ტვიტების სერიაში ვკითხულობთ, ის 26 თვეში ერთხელ, 30 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, მარსისკენ 3 რაკეტის გაგზავნას გეგმავს და დასძენს, რომ შესაბამისად, წითელ პლანეტაზე უამრავი ახალი სამუშაო ადგილი გაჩდნება. გეგმის მიხედვით, მარსზე გამგზავრება უამრავი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთ ტვიტში კი მასკმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს ამის სურვილი. ეს შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მსურველს შესაბამისი თანხა არ აქვს. მასკი ამ კუთხით გამოსავალს სპეციალური სესხის აღებაში ხედავს.

მასკის თეორიაში, 1000 კოსმოსური ხომალდით, საშუალოდ, მარსზე 100 000 ადამიანის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. თუმცა, ეს უკანასკნელი არათუ თეორია, მასკის მიზანიცაა, როგორც მან ერთ-ერთი ტვიტის სახით განმარტა. ერთ-ერთმა ტვიტერის მომხმარებელმა მასკს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ 2050 წლისთვის მარსზე ერთი მილიონი ადამიანის გაგზავნას შევძლებდით. მასკმა უპასუხა – დიახ.

აღსანიშნავია, რომ მასკი ხაზს უსვამს კოსმოსური ხომალდების დედამიწიდან აფრენის ინტერვალებს. ეს იქნება 26 თვეში ერთხელ, ანუ მაშინ, როცა დედამიწასა და მარსს საუკეთესო ადგილმდებარეობები აქვთ პლანეტათაშორისი მგზავრობისთვის. უფრო კონკრეტულად, 26 თვეში ერთხელ, მარსისკენ ფრენები 30 დღე გაგრძელდება. როგორც დასაწყისში ვთქვით, მასკი ფიქრობს, რომ ამ პერიოდში, ყოველდღიურად 3 ხომალდის აფრენა იქნება შესაძლებელი. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ გარემოსთან დაკავშირებული შესაძლო რისკებიც… ცნობილია, რომ თითოეული კოსმოსური მისია დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს. მართალია, ეს 26 თვეში ერთხელ, 30 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ მოხდება, თუმცა, მაინც, როგორ აისახება ეს დედამიწაზე დარჩენილი მოსახლეობის გარემოზე?

 

განხილვა