ახალმა ქართულმა ბრენდმა „ნაბერაულმა“ ღვინის ბაზარზე ოპერირება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და უკვე არაერთი წარმატება მოიპოვა საერთაშორისო კონკურსებზე.
გერმანიაში Mundus Vini-ზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის შემდეგ, „ნაბერაულმა“ ამჯერად აზიის ბაზარი მოხიბლა.
CATHAY Hong Kong International Wine & Spirits competition აზიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზდება სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურების მიერ. კონკურსზე მსაჯებად ინდუსტრიის საუკეთესო ექსპერტების, მეღვინეების და სომელიეების გარდა, წარმოდგენილი არიან ასევე ჟურნალისტები, კრიტიკოსები, იმპორტიორები და ა.შ. ღონისძიება ღვინისა და სპირტიანი სასმელების შერჩევისას, აზიელი მომხმარებლების ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად ითვლება. კონკურსანტი ღვინოების დაგემოვნება ხდება უნიკალურ აზიურ კერძებთან დაწყვილებით.
ოქროს მედალი – ცოლიკოური (2020 წლის მოსავალი)
თეთრი, მშრალი ღვინო. მზადდება ლეჩხუმის, სოფელი ოყურეშის, ფერდებზე მოწეული უნიკალური ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა უხვი მინერალურობითა და სასიამოვნო მჟავიანობით, ხასიათდება ატმისა და ციტრუსის მსუბუქი არომატებით.
ვერცხლის მედალი – ტვიში (2020 წლის მოსავალი)
თეთრი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელიც გამოირჩევა კეთილშობილი ვენახის ხავერდოვანი და ხალისიანი ტონებით, ახასიათებს უხვი მინერალურობა და სიტკბო-მჟავიანობის კარგი ბალანსი. მწიფე ტროპიკული ხილის არომატი, რომელშიც დომინირებს ბანანი, უზრუნველყოფს მდიდარ და ხანგრძლივ გემოს.
ვერცხლის მედალი – საფერავი-ძელშავი (2020 წლის მოსავალი)
წითელი, მშრალი ღვინო. გახლავთ რაჭაში მოწეული საფერავის და ძელშავის ე.წ. ბლენდი, რომელიც რეგიონის ჭეშმარიტი ანარეკლია, ღვინო შეუდარებელი თვითმყოფადობით გამოირჩევა, ხასიათდება მიწის ტონებითა და ტყის მწიფე კენკრის საუცხოო ნაზავით, რომელსაც ასევე დაკრავს შოკოლადის შტრიხები.
ვერცხლის მედალი – ხვანჭკარა (2020 წლის მოსავალი)
ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი, წითელი ღვინო. ბუკეტი ხასიათდება კარგად მომწიფებული ალუბლისა და შავი ქლიავის არომატებით, რომელსაც მოსდევს ტყის იის ელფერი. ძირტკბილას მსუბუქი ტონები, რომლებიც სიტკბოსა და მჟავიანობის ჰარმონიაში ჩნდება, ღვინოს გამოარჩევს ბარხატოვანი და დასამახსოვრებელი შეგრძნებით.
გარდა იმისა, რომ სამშობლოშიც დიდი გეგმები აქვთ, „ნაბერაულის“ გუნდში აცხადებენ, რომ განაგრძოენ რაჭა-ლეჩხუმის ავთენტური ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიო ასპარეზზე.
დღესდღეობით, ნაბერაულის ღვინო ქართული ბაზრის გარდა, ხელმისაწვდომია დანიის, უკრაინისა და ფინეთის ბაზრებისათვის. სიას ძალიან მალე უკვე ამერიკისა და ლატვიის ბაზრებიც მიემატება.
[R]