8
May
2019

1-დან უსასრულობამდე – პოლონელი მხატვრის შემოქმედება

8 May 2019

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მათემატიკა და მხატვრობა ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, თუმცა, ეს ასე სულაც არ არის.. გარდა იმისა, რომ მხატვრობა თავისთავად მოიცავს გეომეტრიულ ფიგურებს, პარალელურ წერტილებსა და გამოსახულებებს, ობიექტების ზომებში გათვლებსა და სხვა დეტალებს, თურმე, თავად ციფრებითაც შეიძლება იქმნებოდეს ნახატი. 46 წლის განმავლობაში პოლონელი მხატვარი რომან ოპალკა სწორედ ამ მიმდევრობას მიჰყვებოდა.

პირველი ციფრი – 1-იანი მან 1965 წელს თეთრი საღებავით დაწერა შავ ტილოზე და აქედან დაიწყო მისი “უსასრულო” შემოქმედებაც. ყოველდღიურად იგი 400 მომდევნო რიცხვს წერდა. მისი პირველი ტილო 195 x 135 ზომის იყო და მასზე რიცხვების დაწერა 35 327-ის ჩათვლით მოახერხა.

“მთელი ჩემი შემოქმედება ერთი მთლიანი ქმნილებაა, რომელიც 1-დან დაწყებულ უსასრულობას გამოხატავს. ერთი შემოქმედება, იგივე ერთი ცხოვრება..” 

1972 წელს მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყოველი მომდევნო ტილო, რომელზეც დახატავდა, 1%-ით თეთრი ყოფილიყო. 2008 წელს ოპალკამ თავის მიზანს მიაღწია და რიცხვების ფერი ტილოს ფერს დაამთხვია – ანუ თეთრით თეთრზე დახატა. 

მან ამ სტილით 222 ტილო მოხატა. ოპალკა იმედოვნებდა, რომ 7 777 777-მდე მიაღწევდა, რომელსაც რელიგიური და ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. თუმცა, მხატვარი 5 607 249-მდე მივიდა. მისი უსასრულობა სწორედ ამ რიცხვით დასრულდა. 

იგი აღნიშნავდა, რომ მისი გამოწვევა, უსასრულოდ ეწერა და ეხატა რიცხვები ადამიანის არსებობას გამოხატავდა. რადგანაც იგი ვერ შეძლებდა, მიეღწია მიზანს – მისი ცხოვრება განსაზღვრულია, რიცხვებისა კი – არა. 

“ჩვენ, ადამიანები, ერთდროულად ცოცხლებიც ვართ და თან ყოველ წამს სიკვდილის საზღვარზე ვდგავართ..”

განხილვა