in

1 წელი მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან – „კრისტალი”

„კრისტალს“ მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან 1 წელი შეუსრულდა. საქართველოს ფინანსური ბაზრის მაღალ ლიგაში გადასვლა კომპანიისთვის არა მარტო საეტაპო, არამედ მნიშვნელოვანი სიახლეებისა და წარმატების მომტანიც აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალმა“ სრულფასოვანი საბანკო მომსახურების ამოქმედება და ახალი სტატუსით ოპერირების დაწყება, ლიცენზიის მიღებიდან უპრეცედენტოდ სწრაფად, ზუსტად ოთხ თვეში მოახერხა.

საბანკო პროდუქტების შეთავაზებას წინ უძღოდა კომპლექსური სისტემური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი, რომლის დროსაც ერთმანეთის პარალელურად 95 სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტი იმართებოდა: დაინერგა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ინოვაციები, თანმდევი სამუშაოები ჩატარდა რისკების მართვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით, რამაც ხელი შეუწყო როგორც საბანკო ტრანზაქციების ეფექტიან ფუნქციონირებას, ისე მომხმარებლების დაცულობას და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობას.

„ეს ერთი წელი გარდამტეხი და სრულიად უპრეცედენტო აღმოჩნდა. ამ სისტემური ტრანსფორმაციის წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა კომპანიის მენეჯმენტის გუნდი, რომლის მონდომებით, პროფესიონალიზმითა და მაღალი პასუხისმგებლობით, წარმატებით დასრულდა როგორც ლიცენზიის მიღებისა და ტრანსფორმაციის, ისე საბანკო  მომსახურების შეთავაზების ეტაპები. მნიშვნელოვანი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხარდაჭერა კომპანიისთვის, და საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ძლიერი და პასუხისმგებლობიანი რეგულატორის პოზიტიური, მხარდამჭერი როლი. ყველაფერი ეს ერთად, უდიდეს მოტივაციასა და ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენდნენ“, – აღნიშნავს „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია.

საგულისხმოა, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების პირველ წელს კვლავაც წარმატებით  გაგრძელდა გლობალურ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ინვესტიციების მოზიდვა. გაიზარდა თანამშრომლობა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, რაც კომპანიის წინსვლისა და ქართული ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „კრისტალის” პარტნიორების რიცხვი უკვე 20-ს აჭარბებს. სულ კი 2025 წელს კომპანიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 230 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

მიკრობანკმა გაიძლიერა პოზიცია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში:  2025 წელს ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია SCOPE Ratings-მა „კრისტალის” საკრედიტო რეიტინგი B+/Stable-ზე დაადგინა. გაზრდილი რეიტინგი ადასტურებს კომპანიის მდგრად შემოსავლიანობას, წარმატებულ ტრანსფორმაციას, აქტივების სანდო ხარისხსა და სტაბილურ ლიკვიდობას, რაც კომპანიის სტრატეგიული გეზის სისწორით, მენეჯმენტის სიძლიერით და წამყვანი ინსტიტუციური აქციონერების მხარდაჭერითაა განპირობებული.

კომპანია მიკრობანკის სტატუსით საქმიანობის მეორე წელსაც „კრისტალი“ მნიშვნელოვანი გეგმებით იწყებს. კომპანია წარმატებით განაგრძობს საბანკო ბაზარზე დამკვიდრებას, სტაბილურ ოპერირებასა და ზრდას. მიმდინარეობს მზადება ახალი საბანკო პროდუქტების შეთავაზებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისთვის. მიმდინარე წელს მთავარი აქცენტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ციფრული მომსახურების არხების — განსაკუთრებით მობილური ბანკინგის განვითარებაზე, ინოვაციებსა და მომხმარებლებზე ორიენტირებული პროდუქტების გამრავალფეროვნებაზე  გაკეთდება.

მიკრობანკი „კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი „კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

[პარტნიორის კონტენტი]

ანაბარი „საერთო მიზანი“ – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული ინოვაციური პროდუქტი თიბისისგან

რატომ არის კონტექსტი მონაცემებზე მნიშვნელოვანი პერსონალიზაციაში