2016 წლის სექტემბრიდან, Wendy’s მარკეტინგის ხელმძღვანელი, სოფო ჩოგოვაძე, ახალ პოზიციაზე გადავიდა და ამერიკული რესტორნების ქსელ Wendy’s EMEA-ს ბაზრების, ანუ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალური მარკეტინგის ხელმძღვანელი გახდა. რას ნიშნავს ასეთი დიდი რეგიონის მარკეტინგის ხელმძღვანელობა, როგორია მულტინაციონალური კომპანიის სამუშაო სპეციფიკა, რა სირთულეებთან უწევს ყოველდღიურად გამკლავება და როგორ აბალანსებს ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერულ გამოწვევას, მარკეტერი ესაუბრა სოფო ჩოგოვაძეს:
M: სოფო, რას ნიშნავს ამხელა რეგიონის – Wendy’s EMEA-ს ბაზრების მარკეტინგის ხელმძღვანელობა? კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, რა სპეციფიკა აქვს ამჟამინდელ საქმიანობას და რამდენად საინტერესოა ამ მხრივ, თქვენი როლი?
ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო როლია. ყოველდღიურად მიწევს ამდენი ბაზრის ადგილობრივ მარკეტინგულ გუნდთან ერთად შევიმუშავო, განვავითარო, განვახორციელო, შევაფასო და ვუხელმძღვანელო ისეთ სტრატეგიულ მარკეტინგულ აქტივობებს, რომელიც თანხვედრაში იქნება ჩვენს გლობალურ სტრატეგიებთან.
სხვადასხვა ეროვნებისა და განსხვავებული კულტურის ადამიანებთან მუშაობა, ნამდვილად, ძალიან დიდი გამოწვევაა. მით უფრო, როდესაც ჩვენს სფეროში უმნიშვნელოვანესია, იცნობდე შენს მომხმარებელს, მის ფსიქოლოგიასა და სურვილებს – თავიდან მომიწია არა მარტო ვენდისის გუნდებთან ადაპტაცია, არამედ თითოეული ქვეყნის კულტურისა თუ ისტორიის სიღრმისეულად შესწავლა. საკმაოდ გამიჭირდა ამ განსხვავებების იდენტიფიცირება და მასთან ადაპტაცია, თუმცა საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ ამ ფაზაში მზად უნდა იყო უამრავ სიურპრიზთან გასამკლავებლად.
M: Wendy’s რა მდგომარეობაშია სხვა ბაზრებზე, რა ფაქტორი ართულებს ყველაზე მეტად სამი რეგიონის მარკეტინგის ხელმძღვანელობას და საქართველოს ბაზართან რა ფორმით გაქვთ, ამ ეტაპზე, კომუნიკაცია?
აღნიშნული კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, Wendy’s რესტორნები, მსოფლიო მასშტაბით, ძალიან განსხვავებულია – დაწყებული რესტორნის ფორმატითა და მენიუთი, დამთავრებული მომხმარებლის პროფილით. მაგალითად, მაშინ, როდესაც ხორცი ბურგერის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი სტანდარტული მენიუს 90% სწორედ ხორცს შეიცავს, ინდოეთში სრულიად ახალ ვეგეტარიანულ მენიუზე მოგვიწია მუშაობა, რადგან იქ საქონლის ხორცი აკრძალულია. ასევე, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ვენდი მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორანია მაშინ, როდესაც გაერთიანებული ემირატების ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, დუბაიში რესტორნები, ძირითადად, მცირე ზომისაა და სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული. ეს კულტურული სხვაობები, რეალურად, ძალიან ართულებს ბრენდის პოზიციონირებისა და მარკეტინგული პროგრამების განხორციელებას, თუმცა ამავდროულად, ჩემს სამსახურს უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანსა და კრეატიულს ხდის და ძალიან მეხმარება სწრაფ პროფესიულ ზრდაში.
რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ ურთიერთობას საქართველოსთან, ის ჩემს პორტფელში შემავალი ერთ-ერთი და ამავდროულად, ყველაზე საყვარელი ბაზარია, ამიტომ საკმაოდ ხშირად მიწევს ხოლმე ჩამოსვლა და ჩემს საყვარელ გუნდთან ერთად ახალ, საინტერესო პროექტებზე მუშაობა.M: მულტინაციონალური კომპანიის სამუშაო სპეციფიკა, სამუშაო გარემო და ტემპი როგორი აღმოჩნდა სინამდვილეში, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ან რა უპირატესობა აქვს ასეთ მრავალფეროვან გარემოში საქმიანობას? ამ ეტაპზე, რა მიზანი გაქვთ?
მულტინაციონალურ კომპანიაში ასეთი საპასუხისმგებლო როლის მორგება საკმაოდ რთულია და ძალიან ბევრ გამოწვევასა და დაუღალავ შრომასთანაა დაკავშირებული. ასეთ კორპორაციებში ტემპი, სამუშაოს სირთულე, მოცულობა და შესაბამისი მოლოდინები სულ სხვა მასშტაბისაა.
მიუხედავად ძალიან ბევრი უძილო ღამისა და უამრავი ღელვისა, ვფიქრობ, ცხოვრებაში ძალიან დიდი შესაძლებლობა მომეცა და ყველაფერს ვაკეთებ ამ შანსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისათვის.რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად, ჩემს to do list-ში უამრავი საინტერესო დიდი თუ პატარა პროექტია: შემდეგ კვირაში ახალი რეგიონალური მენიუს პრეზენტაცია მაქვს დაგეგმილი სინგაპურში, ივლისში მთელი რეგიონის ტრენინგს ვმასპინძლობ დუბაიში, წლის ბოლომდე ორი ახალი ბაზრის – საუდის არაბეთისა და ყატარის გახსნას ვგეგმავთ და ა.შ.
M: რამდენად მარტივი აღმოჩნდა ადაპტაცია თქვენი ოჯახისთვის, სამსახურებრივი ცვლილებებიდან გამოწვეულ სიახლეებთან?
ამ პოზიციაზე მუშაობა ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჩემთვის როგორც პროფესიონალურ, ისე პირად დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამსახური კარიერული წინსვლის იდეალური შესაძლებლობაა, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახური ცხოვრების დაბალანსების თვალსაზრისით, მით უმეტეს, როდესაც მყავს პროფესიულად ჩემზე კიდევ უფრო აქტიური მეუღლე და სამი შვილი. გამიმართლა, რომ ისინი ძალიან მიჭერენ მხარს ყველაფერში, რადგან მათ გარეშე მე ვერაფრით შევძლებდი ასეთი გარდამტეხი გადაწყვეტილების მიღებას. წარმოიდგინეთ, ამ ერთი წლის განმავლობაში გვქონია უამრავი საღამო, როდესაც სახლის ნაცვლად, მთელი ოჯახი სხვადასხვა კონტინენტიდან სკაიპში ვიკრიბებოდით და იქ ვუზიარებდით ერთმანეთს დღის შთაბეჭდილებებს.
მალე ერთი წელი გადის, რაც ამ სამუშაოს მოვკიდე ხელი, თუმცა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე – რომლის განუყოფელი ნაწილია მუდმივი ფრენები, ბაზრების ვიზიტები, კონფერენციები – ახლა ვიწყებ ნელ-ნელა დალაგებას, დაბინავებას, ბავშვებისთვის სკოლის შერჩევას და ა.შ.
ის, რაც წარმოუდგენელი მეგონა შარშან, ზუსტად ამ დროს, დღეს ჩემი ყოველდღიურობაა…