in

10 ანიმაცია, რომლებსაც დედები და შვილები ერთად უნდა ჩაუსხდნენ

დედა ის ადამიანია, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში განუსაზღვრელ როლს ასრულებს. მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს შეთავსებული, ვიდრე ყველა პროფესიის ადამიანს ერთად. ეს პასუხისმგებლობები მხოლოდ შვილზე ზრუნვას კი არა, მასთან მეგობრობას, მასთან ერთად გართობასაც გულისხმობს. თანამედროვე ცხოვრებაში, სადაც დედების უმეტესობა თან მუშაობს და უამრავი საქმე აქვს, შვილებთან ერთად დროის გასატარებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 3 მარტი ის დღესასწაულია, როდესაც ყველანი ვისვენებთ, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დედის როლი სამყაროსთვის და შეგვიძლია ის ხალისიანად გავატაროთ ჩვენს დედებთან და შვილებთან ერთად.

ამ მიზნით რამდენიმე საინტერესო, ფერად ანიმაციას შემოგთავაზებთ, რომლებსაც შეიძლება დედები და ბავშვები ერთად ჩაუსხდნენ. დედაშვილობის თემა ცნობილი კომპანიებისთვის ძალიან აქტუალურია და მასზე ბევრნაირი სხვადასხვა ისტორიაა მოყოლილი, რომელთაგანაც ჩვენს რჩეულებს გაგიზიარებთ. გადახედეთ სიას თქვენს პატარებთან ერთად და ამოარჩიეთ, თუ რას უყუროთ დედის დღეს და არა მარტო…

1. „მამაცი”

Pixar-ის მიერ 2012 წელს გამოსული ეს ანიმაცია აქტუალობას არასოდეს კარგავს და დღემდე ბევრისთვის საყვარელ ფილმად რჩება დედა-შვილის ურთიერთობაზე. სიუჟეტი ეხება მერიდას, დედოფალ ელინორის ჯიუტ და მამაც ქალიშვილს, რომელსაც დედისგან განსხვავებული ხასიათი აქვს. მიუხედავად უთანხმოებისა, ფილმი გვიჩვენებს, რამდენად ძლიერია ელინორისა და მერიდას სიყვარული და როგორ იბრძვიან ისინი ერთმანეთის მხარდასაჭერად. 

2. „პრინცესა და ბაყაყი”

ეს ტიანას ისტორიაა, რომელიც დაუღალავად მუშაობს მიმტანად იმისთვის, რომ აიხდინოს ოცნება და გახსნას საკუთარი რესტორანი. გმირის დედა ანიმაციის ადრეულ ეპიზოდებშივე ჩნდება და შეახსენებს მას, ხანდახან მაინც იფიქროს კარიერული მისწრაფებების მიღმა, იფიქროს ოჯახის მნიშვნელობაზე. მართალია, ტიანას დედასთან ურთიერთობა არ არის ფილმის მთავარი თემა, მაგრამ დედის როლი საინტერესოდ იკვეთება. ის მოუწოდებს ტიანას, გააფართოოს თავისი მიზნები და იფიქროს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ ის ტიანას შრომისმოყვარეობას აფასებს, დედამ იცის, რომ კულინარიული ხელოვნებისადმი ტიანას სიყვარული სწორედ ოჯახიდან მოდის.

3. „მოჩვენებების მიერ გატაცებულნი”

ჰაიაო მიაძაკის ეს ცნობილი ანიმე ერთდროულად ბევრ გულისამაჩუყებელ ასპექტს აერთიანებს. აქ ნახავთ, როგორ იბრძვის პატარა გოგონა თავისი მშობლების დასაბრუნებლად ბოროტი ჯადოქრის წინააღმდეგ. მეორე მხრივ კი, იხილავთ, როგორ ცვლის დედობა თვით ჯადოქარსაც კი, რომლისთვისაც თავისი შვილი ყველაფერია. ადამიანობაზე, მეგობრობასა და ოჯახურ ემოციებზე აგებული ეს ანიმე საუკეთესოა, რასაც დედებმა და შვილებმა ერთად შეიძლება უყურონ და ზღვა ემოციებით დაიტვირთონ.

4. „რაპუნცელი”

რაპუნცელში სტანდარტულ, თბილ დედაშვილურ ურთიერთობას ვერ ნახავთ. აქ მოთხრობილია ავი დედობილის ამბავი, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად პატარა ოქროსთმიანი პრინცესა მოიტაცა და შვილივით გაზარდა. 18 წლის განმავლობაში იგი კოშკში კეტავდა რაპუნცელს, სანამ გოგონა არ მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო და სხვა სამყარო არ გაიცნო. მხიარული სიმღერები, საყვარელი პერსონაჟები და ლამაზი პეიზაჟები ანიმაციის ყურებას ძალიან სასიამოვნოს ხდის.

5. „კორალაინი”

კორალაინიც არ გვიყვება დიდ და ლამაზ ოჯახზე, სადაც ყველა ბედნიერად ცხოვრობს. ეს საკმაოდ უჩვეულო ანიმაციაა, რომელიც ცნობილი მწერლის, ნილ გეიმანის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. აქ გადმოცემულია მოზარდების ის პრობლემა, რაც ბევრს აწუხებს – კორალაინს ჰგონია, რომ მშობლებს მისი არ ესმით, თავს მარტოსულად გრძნობს. ახალი სახლი კი, სადაც საცხოვრებლად მშობლებთან ერთად გადადის, ჯადოსნურ კარს უღებს, თუმცა კორალაინმა ჯერ არ იცის, რა ელოდება ამ კარის მიღმა და როგორ დასჭირდება მას თავისი მშობლები.

6. „პონიო”

ეს იაპონური ანიმეც ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც  შეიძლება დედებმა და შვილებმა ერთად ნახონ. მასში 5 წლის ბიჭუნასა და დედის ურთიერთობაა ასახული და ფილმის ბოლოს მთავარი გმირის, პონიოს დედაც ჩნდება, რომელიც ოკეანის ქალღმერთია. ფილმში ასახულია, თუ როგორ ზრუნავს ლიზა, 5 წლის სოსკესა და მის ახალ მეგობარ პონიოზე. მისი ქმარი გემის კაპიტანია და ლიზას მარტოს უწევს ყველა პასუხისმგებლობის შეთავსება. მიუხედავად ამისა, ის უზომო პატივისცემითაა განმსჭვალული მეუღლის მიმართ და შვილსაც მაგალითს აძლევს, თუ როგორ უნდა უყვარდეს მამა.

7. „პატარა ქალთევზა 2″

მას შემდეგ, რაც ყველასათვის ცნობილი, ჯიუტი და ლამაზი ქალთევზა არიელი თავისი ოცნების პრინცს შეხვდა, მათ თბილი ოჯახი აქვთ და ქალიშვილი, მელოდია შეეძინათ. მელოდია ხასიათით ძალიან ჰგავს დედას და მოზარდობის ასაკში მასაც უჩნდება სურვილი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. იმისთვის, რომ შვილი დაიცვას, არიელს თავისი ნამდვილი წარმოშობის დამალვა უწევს, იქმნება უხერხული მდგომარეობა და დედა-შვილი ხვდება, რომ ბევრ რამეზე აქვს სალაპარაკო.

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ შვილების დასაცავად ტყუილის თქმა გამართლებულია. მეორე მხრივ, შვილები ფიქრობენ, რომ აკრძალვები ყოველთვის მშობლის სიმკაცრეზე მეტყველებს და არა სიფრთხილეზე – ანიმაცია ამ პრობლემებს ეხება და ზღაპრული თხრობით გვთავაზობს მათ გადაჭრას.

8. „ლუკა”

Pixar-ის ეს ცნობილი და ძალიან წარმატებული ანიმაცია ორი მონსტრის, ლუკას და ალბერტოს შესახებ გვიყვება, რომლებსაც ბავშვებად გადაქცევა და ადამიანების სამყაროში გადასვლა შეუძლიათ იტალიის პატარა ქალაქ პორტოროსოში. ლუკას მშობლები და განსაკუთრებით, დედა, შვილის დაცვას ცდილობენ და უკრძალავენ ადამიანის მიწაზე სიარულს, რაც ლუკაში გარკვეულ პროტესტს იწვევს. საბოლოო ჯამში, კი ისინი ცდილობენ საერთო ენა გამონახონ.

9. „ენკანტო”

ჩვენ არ ვახსენებთ ბრუნოს, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ფერად-ფერადი, ბრჭყვიალა და მუსიკალური ანიმაცია დედებისა და შვილებისთვის ერთად საყურებლად ზედგამოჭრილია. პრობლემები, რომლებიც ამ დიდ ესპანურ ოჯახში იჩენს თავს, ყველა დედისა და შვილისთვის ნაცნობია და მართალია, ფილმში ყველაფერი ჯადოსნურია, მაგრამ როგორც ყველა ზღაპარი, ესეც რეალურ ამბებს მოგვითხრობს. 

10. „არისტოკრატი კატები”

1970 წელს გადაღებული ეს არაჩვეულებრივი ანიმაცია დედებსა და შვილებს ძალიან მოეწონებათ. ის დედა კატაზე, ჰერცოგინიაზე და მის სამ კნუტზე გვიამბობს, რომლებსაც ბოროტი მსახური პარიზიდან სოფელში წაიყვანს. დედასა და შვილებს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ჰერცოგინია მშვენიერი დედაა, რომელიც ზრუნავს თავის კნუტებზე, აძლევს მათ პირად სივრცეს და მხარდაჭერას უცხადებს, რათა მათ აღმოაჩინონ საკუთარი თავი მთელი თავგადასავლის განმავლობაში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

GRL TRANS M – სახმელეთო გადაზიდვების 17-წლიანი ისტორია

დედის დღისთვის შექმნილი 7 გამორჩეული რეკლამა