გამოცემა The Guardian ჭაჭას 10 საუკეთესო ზამთრის სასმელს შორის ასახელებს. მეტიც, ჩამონათვალი სტატიაში „10 საუკეთესო სასმელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც გაგათბობთ“, ჭაჭით იწყება. სტატიის ავტორი მკითხველს ჭაჭის დამზადების ტექნოლოგიისა და ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციაც აწვდის. გამოცემა წერს, რომ ჭაჭას საქართველოს თითქმის ყველა სოფლის ყველა ოჯახში აყენებენ და მისულ სტუმარს, სულ ცოტა, ორი-სამი ჭიქის დალევას „აიძულებენ“. ამასთან, ავტორი „გაუმარჯოს“ და „შობას გილოცავთის“ თარგმანებსაც სთავაზობს მკითხველს – „Cheers: Gaumarjos! Merry Christmas: Shobas Gilotsavt“. ასევე, მკითხველს ურჩევს ადგილს, სადაც თბილისში, ჭაჭის დაგემოვნებას შეძლებენ. ეს არის ობიექტი Chacha Time, რომელიც სოლოლაკში მდებარეობს.