როდესაც სტარტაპი ხარ, უამრავი საქმე გაქვს, ბევრი გადასაჭრელი პრობლემა, დასამენეჯმენტებელი საკითხი, მუშაობ პროდუქტზე, ცნობადობაზე, ერთი სიტყვით, სტარტაპერობა მარტივი არაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ ტექნოლოგიებსაც იცნობდე და აქტიურად იყენებდე, რადგან ისინი უფრო მოქნილსა და მარტივს ხდის პროცესებს. ამ მიმართულებით ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც შეიძლება კარგად დაეხმაროს სტარტაპს პროცესების ოპტიმიზაციაში. ჩვენ თვალი გადავავლეთ რამდენიმე მათგანს და თქვენთვის შევადგინეთ ათეული, რომელიც შეიძლება კარგად გამოიყენოთ სტარტაპის სამუშაო პროცესში.
Slack
თუ კომუნიკაციის გამარტივება გსურთ შიდა სამზარეულოში, ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება, ფაილების გადაგზავნა, სამუშაოს განხილვა და თან გსურთ, რომ ჯგუფებად ან პროექტებად დაყოთ თქვენი აქტივობა, მაშინ slack ის პლატფორმაა, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ.
ეს არის საკომუნიკაციო არხი, რომელიც სპეციალურად კომპანიებისთვის შეიქმნა. ის დაყოფილია channel-ებად, რომლებსაც სლეკის ადმინს შეუძლია დაარქვას სახელი და გააწევრიანოს ის ადამიანები, რომლებიც სჭირდება კონკრეტული ჩენელისთვის. როგორც წესი, სლეკს გუნდის დანარჩენ წევრებს სტარტაპის დამფუძნებლები ან მენეჯერები სთავაზობენ ხოლმე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია იყოს ეფექტური. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – რა საჭიროა სლეკი, როცა მესენჯერიც მშვენივრად გვაქვს ერთმანეთთან საკონტაქტოდ და ჩეტჯგუფების გასაკეთებლად? რეალურად, ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა, რადგან მესენჯერში ხშირად გვწერენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, მეგობრები, ოჯახის წევრები, ხოლო slack მხოლოდ სამსახურებრივი პლატფორმაა, მას აქვს აპლიკაციის მხარდაჭერაც, ამიტომ არაა აუცილებელი, რომ კომპიუტერთან ისხდეთ იმისთვის, რომ უპასუხოთ შეტყობინებას.
Trello, Asana
ამ ორ სამენეჯმენტო პლატფორმას გავაერთიანებთ, რადგან მათ მსგავსი დანიშნულება და ფუქნციები აქვს, მინიმალური განსხვავებებით. Trello-ცა და Asana-ც მნიშვნელოვანი პლატფორმებია დავალებებისა და გუნდის წევრების მენეჯმენტისთვის. როგორც წესი, მასზე პასუხისმგებელია მენეჯერი, რომელიც ქმნის სივრცეს ან ტრელოზე ან ასანაში, ამატებს გუნდის დანარჩენ წევრებს და უწერს მათ შესასრულებელ სამუშაოს. ეს ორი პლატფორმა განსაკუთრებითბ კარგად მათ ადგებათ, ვინც ე.წ. agile და scrum მეთოდოლოგიებით მუშაობს და მართავს გუნდს. სამენეჯმენტო პლატფორმები საშუალებას აძლევს გუნდს, უყურონ პროგრესს; მენეჯერს ეხმარება პროცესების მართვასა და დაკვირვებაში, როდის, ვის მიერ და რამდენ ხანში სრულდება ესა თუ ის ამოცანა; ამასთან, აქვე შესაძლებელია კონკრეტულ დავალებაზე ფაილების, ბმულების ატვირთვა. სტარტაპის სამართავად ასანა და ტრელო საუკეთესო სამენეჯმენტო პლატფორმებია. მათ ფასიანი ვერსიებიც აქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ უფასო ვერსიების ფუნქციებიც სრულიად საკმარისია ხოლმე სტარტაპის მენეჯმენტისთვის.
Canva
ეს არის ციფრული სივრცე, რომელსაც ბევრი სერვისი აქვს და სტარტაპებსაც შეუძლიათ მათი ოპტიმალურად გამოყენება. მაგალითად, canva-ზე შესაძლებელია მინიმალური, მაგრამ მაინც, ლოგოების გაკეთება. თუ ხართ სტარტაპი, რომელიც ბიუჯეტს ძალიან უფრთხილდება, მაგრამ ლოგო, ისე როგორც ყველა კომპანიას, სჭირდება, შეუძლია დასაყისისთვის სწორედ ეს პლატფორმა გამოიყენოს.
ამის გარდა, canva არაჩვეულებრივი ხელსაწყოა ეფექტური პრეზენტაციების ასაწყობად, რომელიც ყველა სტარტაპს ესაჭიროება საქმიან ურთიერთობაში როგორც შიდა სამზარეულოში, ისე პოტენციურ დამკვეთებთან შეხვედრებისას.
MarkUp.io
თუ სტარტაპში აკეთებთ ციფრულ კონტენტს და მისთვის გჭირდებათ უკუკავშირი, კომენტარები, ერთმანეთისთვის ან სხვებისთვის გაზიარება და ა.შ., მაშინ Markup.io მოგეწონებათ, რადგან ეს არის პლატფორმა, რომელზეც შეგიძლიათ ფოტო, პდფ, ვიდეომასალების ატვირთვა, სასურველი ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის ელ. ფოსტის საშუალებით გაგზავნა და შესაბამისი უკუკავშირისა თუ კომენტარის ადგილზევე დატოვება.
Google Analytics
Google Analytics თქვენი მომხმარებლების უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი თქვენი მონაცემების წვდომის, ორგანიზებისა და ვიზუალიზაციისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, როგორია თქვენი მომხმარებლის ონლაინ ქცევა და საჭიროებები. ის უზრუნველყოფს სტატისტიკას და ძირითად ანალიტიკურ ინსტრუმენტებს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისა (SEO) და მარკეტინგული მიზნებისთვის. სერვისი არის Google მარკეტინგის პლატფორმის ნაწილი და უფასოა ყველასთვის, ვისაც აქვს Google ანგარიში.
Buffer
მეორენაირად იგი ცნობილია, როგორც Bufferapp. ეს არის პლატფორმა, რომელიც მარტივს ხდის თქვენი სოციალური მედიის აქტივობების დაგეგმვას. თქვენ შეგიძლიათ ითანამშრომლოთ თქვენს გუნდთან, რათა დაგეგმოთ, გამოაქვეყნოთ, ჩაერთოთ და გააანალიზოთ კამპანიები, პოსტები და ისტორიები თქვენი სოციალური მედიის არხებზე. მისი დახმარებით, პოსტების შედგენა და დაგეგმვა შეგიძლიათ: Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn და Pinterest-ზე.
Mailjet
Mailjet ელექტრონული ფოსტების სერვისის პროვაიდერია. მისი დახმარებით, შეგიძლიათ გააზგავნოთ როგორც მარკეტინგული კამპანიები, ისე ტრანზაქციები. მას აქვს თავისი შაბლონები, რომლებიც სხვადასხვა დიზაინითაა დამზადებული და პრეზენტაბელური მეილის გაგზავნის საშუალებას გაძლევთ. მეილჯეტის თქვენს ანგარიშში ასევე შეგიძლიათ, იხილოთ გაგზავნილი მეილების ანალიტიკაც.
WordPress
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელსაწყოა, რომელიც არა მარტო სტარტაპებს, არამედ დიდ კომპანიებსაც წარმატებით ეხმარება. ეს არის ღია კოდის სივრცე, რომელზეც ვებგვერდების დამზადება და ბლოგების შექმნაა შესაძლებელი. wordpress საკმაოდ აქტუალურად იყენებენ ელექტრონული კომერციის მქონე სტარტაპებიც, რადგან მას აქვს e-commerce ფუნქციონალის მხარდაჭერაც.
Git
Git არის ერთ-ერთი საუკეთესო განვითარების პროგრამა სტარტაპებისთვის. Github-ზე, რომელიც ყველა პროგრამისტვისაა ცნობილი, შექმნილია სივრცე, სადაც დეველოპერები ერთმანეთს უზიარებენ კოდს, თანამშრომლობენ. ასევე Git-ის პლატფორმაა gitlab, რომელსაც მენეჯერები იყენებენ ციფრული პროექტების მართვისთვის. ის კარგი საშუალებაა ვებსაიტებისა და აპლიკაციების პროექტების სამართავად, პროგრესის სანახავად და პროდუქტების ტესტირებისთვის.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი