in

10 ძველი უნარი, რომლებიც მომავალშიც გამოგვადგება

როცა მომავალისთვის საჭირო უნარებზე ვსაუბრობთ, თითქმის ყოველთვის AI, მონაცემები, კიბერუსაფრთხოება და ახალი ტექნოლოგიები გვახსენდება. ეს ლოგიკურიცაა. თუმცა პარალელურად იზრდება ისეთი უნარების მნიშვნელობაც, როგორებიცაა ანალიტიკური აზროვნება, კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა, გამძლეობა, ლიდერობა, ემპათია და მოსმენის უნარი.

M2
M2

ამ ფონზე საინტერესო კითხვა ჩნდება: ხომ არ ღირს ზოგიერთი ძველი, თითქმის მივიწყებული ჩვევის დაბრუნება?

ტექნოლოგიამ უამრავი ზედმეტი სირთულე მოგვაშორა და ამის უკან დაბრუნების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ინსტრუმენტი არა მხოლოდ ზედმეტ სამუშაოს გვაცილებს, არამედ იმ უნარის ვარჯიშის შესაძლებლობასაც გვიკარგავს, რომელსაც ეს საქმიანობა გვივითარებდა.

1. ხელით წერა

სერიოზული სამუშაოს დიდი ნაწილი დღეს კლავიატურაზე, ხმოვანი შეყვანით ან AI-ისთვის მიწერილი მითითებებით კეთდება. ეს გაცილებით სწრაფია, მაგრამ სიჩქარე ყოველთვის მთავარი მიზანი არ არის.

2024 წელს ჩატარებულმა EEG კვლევამ აჩვენა, რომ ხელით წერისას სტუდენტების ტვინში უფრო ფართო კავშირები აქტიურდებოდა, ვიდრე კლავიატურაზე აკრეფისას, მათ შორის ის პროცესებიც, რომლებიც მეხსიერების ჩამოყალიბებას უკავშირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ხელით წერა ავტომატურად უკეთ გვაქცევს, მაგრამ აჩვენებს, რომ წერა და ბეჭდვა ტვინისთვის ერთი და იგივე პროცესი არ არის.

ხელით წერა აზრსაც ოდნავ ანელებს. წინადადების გადაადგილება ერთი მოძრაობით აღარ შეგიძლია, არც „autocomplete“ გისრულებს აზრს. ზოგჯერ სწორედ ეს მცირე „უხერხულობა“ გიბიძგებს, უფრო კარგად დაფიქრდე.

2. ცუდად ხატვაც კი

იდეის გადასაცემად კარგი მხატვარი არ უნდა იყო. ზოგჯერ საკმარისია კვადრატი, ისარი, რამდენიმე ხაზით დახატული ადამიანი ან სამი კადრი, რომლებიც აჩვენებს, როგორ უნდა იმუშაოს იდეამ.

გენერაციულმა AI-მ ნახევრად ჩამოყალიბებული იდეის რამდენიმე წამში ძალიან ეფექტურ ვიზუალად ქცევა შესაძლებელი გახადა. მაგრამ სილამაზე ზოგჯერ იდეას ნაადრევად აძლევს დასრულებულ სახეს. ადამიანმა შეიძლება უკვე განათებაზე, ფერზე ან ტანსაცმელზე დაიწყოს კამათი მაშინ, როცა ჯერ თავად იდეა არ არის ბოლომდე გააზრებული.

უხეში ესკიზის მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მისი შეცვლა მარტივია. ის ჯერ კიდევ აზროვნების ნაწილია და არა საბოლოო პროდუქტი.

3. გრძელი ტექსტის სრულად წაკითხვა

ზოგჯერ უბრალოდ ღირს მთლიანი ტექსტის წაკითხვა. არა მხოლოდ მოკლე შეჯამების, ხუთი მთავარი პუნქტის ან AI-ს მიერ მომზადებული დასკვნების. თუ საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია, საჭიროა სრული არგუმენტის, კონტექსტისა და დეტალების ნახვაც.

შეჯამება ძალიან სასარგებლოა მაშინ, როცა კონკრეტული ინფორმაცია გვჭირდება. მაგრამ გაგება ყოველთვის შეკუმშვას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანი ნიუანსი შეიძლება 26-ე გვერდზე აღმოჩნდეს, არგუმენტის ძალა კი იმაში იყოს, როგორ მივიდა ავტორი დასკვნამდე.

სიღრმისეული კითხვა კიდევ ერთ უპირატესობას გვაძლევს: როცა ყველა ერთსა და იმავე შეჯამებულ ინფორმაციას იღებს, განსხვავებული აზრი ხშირად სწორედ იქიდან მოდის, რაც სხვებმა ბოლომდე არ წაიკითხეს.

4. იმდენი მათემატიკის ცოდნა, რომ შეცდომა შეამჩნიო

კალკულატორთან შეჯიბრი საჭირო არ არის. მნიშვნელოვანი შეფასების უნარია. თუ 12.50-ლარიან პროდუქტზე 20%-იანი ფასდაკლებაა და საბოლოო ფასი 11.80 გამოდის, უნდა იგრძნო, რომ რაღაც არასწორია. თუ AI გეუბნება, რომ 200,000 ნახვიდან 1%-იანი კონვერსიით 20,000 მომხმარებელი მიიღე, ეჭვი უნდა გაგიჩნდეს.

მთავარი სწრაფი გამოთვლა კი არა, პასუხის რეალისტურობის შემოწმებაა. ტექნოლოგია შეიძლება ბევრად უკეთ ითვლიდეს, მაგრამ ადამიანს მაინც სჭირდება უნარი, შეამჩნიოს, როცა სისტემა მცდარ მონაცემებს ან არასწორ შედეგს გვაძლევს.

5. რაღაცების დამახსოვრება

არგუმენტი, რომ არაფრის დამახსოვრება აღარ გვჭირდება, რადგან ყველაფრის მოძებნა შეგვიძლია, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე გვაყენებს: აზროვნებისთვის რაღაც ინფორმაცია თავშიც უნდა გვქონდეს.

კრეატიულობა ხშირად ერთმანეთისგან შორეული იდეების დაკავშირებაა. სტრატეგია კავშირების დანახვას მოითხოვს. საუბარიც უფრო ბუნებრივია, როცა ყოველ რამდენიმე წუთში ინფორმაციის მოძებნა არ გვჭირდება.

ადამიანს, რომელსაც ახსოვს ფილმი, სტატისტიკა, ძველი კამპანია, წიგნის ფრაზა, ისტორიული შემთხვევა და კლიენტის რამდენიმე თვის წინ ნათქვამი ფრაზა, უკვე აქვს მასალა, რომლის ერთმანეთთან დაკავშირებაც შეუძლია.

ინტერნეტს ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ასოციაცია ჯერ კიდევ ვიღაცამ უნდა შექმნას.

6. გზის პოვნა GPS-ის გარეშე

GPS-ის უარყოფა საჭირო არ არის. განსხვავება უფრო იმაშია, ვიყენებთ მას რუკად თუ სრულად ვაბარებთ მიმართულების არჩევას.

ერთმა კვლევამ GPS-ის ხშირი გამოყენება სუსტი სივრცითი მეხსიერების მაჩვენებლებთან დააკავშირა. ამიტომ ზოგჯერ სასარგებლოა, მარშრუტს წინასწარ შევხედოთ, დავიმახსოვროთ ორიენტირები და გავიგოთ, როგორ უკავშირდება ქუჩები ერთმანეთს.

ტექნოლოგია დანიშნულების ადგილზე მიგიყვანს, მაგრამ შეიძლება საერთოდ ვერ გაიგო, სად იმყოფები.

7. ნამდვილი საუბარი

არა networking. არა „stakeholder engagement“. უბრალოდ საუბარი. მოსმენა იმდენ ხანს, რომ გაიგო, ადამიანმა შენთვის მოსალოდნელი პასუხი საერთოდ არ გასცა. ისეთი დამატებითი კითხვის დასმა, რომელიც წინასწარ არ გქონდა მომზადებული. ტელეფონისთვის ხელის არწავლება მაშინვე, როგორც კი რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდება.

AI-ს შეუძლია ელფოსტის, პრეზენტაციის, შეხვედრის შეჯამებისა და გამართული პასუხის შექმნა. ამიტომ ნამდვილი ყურადღება და მოსმენა შეიძლება კიდევ უფრო იშვიათ და ღირებულ უნარად იქცეს.

განსაკუთრებით კრეატიულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად სწორედ იმ დეტალებში იმალება, რომლებიც ტრანსკრიპტში აშკარად არ ჩანს: ყოყმანში, ტონში, მოულოდნელ პასუხში ან იმაში, რაც ადამიანმა საერთოდ არ თქვა.

8. ნივთის შეკეთება გადაგდებამდე

ღილაკის ჩასმა, სკამის გამაგრება, ველოსიპედის მარტივი პრობლემის მოგვარება ან დაზიანებული ნივთის დიაგნოსტიკა მხოლოდ პრაქტიკული უნარი არ არის. შეკეთება პრობლემის დაშლას გასწავლის: რა გაფუჭდა? რომელი ნაწილი რომელთანაა დაკავშირებული? რა არის აუცილებელი და რა შეიძლება შეიცვალოს?

ეს ფაქტობრივად სისტემური აზროვნებაა ხელსაწყოებით. რა თქმა უნდა, ელექტროენერგიასთან, გაზთან ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაო სპეციალისტს უნდა დავუტოვოთ. მაგრამ ყველაფრის პირდაპირ ჩანაცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ნივთის ყიდვა მარტივია, პრაქტიკული დამოუკიდებლობის ნაწილსაც გვართმევს.

9. საჭმლის მომზადება აპლიკაციის მუდმივი მითითებების გარეშე

კულინარია ერთდროულად ქიმია, ბიუჯეტის მართვა, ხელობა, ზრუნვა და იმპროვიზაციაა.

კარგი მზარეული მხოლოდ ინსტრუქციას არ მიჰყვება. ის ამჩნევს, საკმარისად ცხელია თუ არა ტაფა, აკლია თუ არა კერძს მჟავიანობა, ზედმეტად სველია თუ არა ცომი და შეიძლება თუ არა სახლში დარჩენილი რამდენიმე პროდუქტისგან ნორმალური ვახშმის გაკეთება.

საჭმლის მომზადება გვაძლევს არჩევანს და ამცირებს დამოკიდებულებას მზა პროდუქტებზე ან მიტანის სერვისებზე. ამასთანავე, ის საკმაოდ კრეატიული პროცესია: შეზღუდვები, ექსპერიმენტი, შეცდომა, კორექტირება და ბოლოს ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანიც განიცდის.

10. იდეის ახსნა პრეზენტაციის გარეშე

თანამედროვე პრეზენტაციებში ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არგუმენტს სლაიდები აკეთებს და არა ადამიანი. ახლა AI-ს პრეზენტაციის შექმნაც შეუძლია. შესაბამისად, კიდევ უფრო ღირებული ხდება უნარი, ადგე და იდეა უბრალოდ, გასაგებად ახსნა.

ამისთვის TED Talk-ის დონის ორატორობა სულაც არაა საჭირო. საჭიროა იცოდე, რას ფიქრობ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ აუხსნა ადამიანს, რომელსაც პროექტის შიგნით ექვსი კვირა არ გაუტარებია. ასევე, უნდა შეგეძლოს მოულოდნელ კითხვაზე პასუხი და მიხვდე, როცა აუდიტორიამ რაღაც ვერ გაიგო.

რაც უფრო მარტივი ხდება სრულყოფილად აწყობილი სლაიდების გენერირება, მით უფრო აშკარა შეიძლება გახდეს, როცა ადამიანს ამ სლაიდების მიღმა სათქმელი აღარაფერი აქვს.

ტექნოლოგია უნარებს პირდაპირ არ გვართმევს

ამ ათივე მაგალითს ერთი რამ აერთიანებს. ტექნოლოგია არ გვართმევს უნარებს ერთ დღეში. უბრალოდ სულ უფრო იშვიათად გვიწევს მათი გამოყენება.

GPS-ის ერთხელ გამოყენება სივრცით აზროვნებას არ გაგვიქრობს. AI-ის ერთი შეჯამება გრძელი ტექსტის წაკითხვის უნარს არ დაგვაკარგვინებს. პრობლემა დროთა განმავლობაში ჩნდება, როცა ამ უნარების გამოყენების მიზეზი სულ უფრო ნაკლები ხდება. ამიტომ, ტექნოლოგიის გავლენაზე საუბრისას მხოლოდ შედეგზე არ უნდა ვიფიქროთ.

ხელით წერა მხოლოდ ტექსტის შექმნა არ იყო. გზის პოვნა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლა არ იყო. კულინარია მხოლოდ კალორიების მიღება არ არის. საუბარი მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა არ არის. თითოეულ ამ პროცესში მეხსიერება, დაკვირვება, კოორდინაცია, პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება მუშაობს.

AI-ის განვითარება ამ საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მომავლის სამუშაო გარემოში ტექნოლოგიური ცოდნა ნამდვილად აუცილებელი იქნება, მაგრამ დამსაქმებლები პარალელურად კრეატიულ აზროვნებას, ცნობისმოყვარეობას, ლიდერობასა და ანალიტიკურ განსჯასაც სულ უფრო მნიშვნელოვან უნარებად მიიჩნევენ. World Economic Forum-ის შეფასებით, 2030 წლისთვის თანამშრომლების 59%-ს გარკვეული სახის გადამზადება დასჭირდება.

ამ ძველი უნარების დაბრუნება ტექნოლოგიის უარყოფას არ ნიშნავს. იდეა არც სმარტფონების გადაყრაა და არც ყველაფრის ხელით კეთება. უფრო გონივრული მიდგომა ორივეს გაერთიანებაა. შეგიძლია ჩანაწერი ხელით გააკეთო და შემდეგ AI-ს გააანალიზებინო. იდეა ქაღალდზე დახატო და საბოლოო ვიზუალი ციფრულად შექმნა. GPS დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად გამოიყენო, მაგრამ გარემოსაც დააკვირდე. AI-ს პირველი ვერსია შეაქმნევინო და შემდეგ საკუთარი სიტყვებით ახსნა.

ტექნოლოგიამ შესაძლებლობები უნდა გაგვიფართოოს და არა ისე გაგვიმარტივოს ყველაფერი, რომ საბოლოოდ მის გარეშე ყველაზე მარტივ საქმეზეც დამოკიდებული გავხდეთ. მომავლისთვის მზადყოფნა ამიტომ შეიძლება ერთდროულად ნიშნავდეს AI-ის ცოდნასაც და რამდენიმე ძალიან ძველი უნარის შენარჩუნებასაც: წაიკითხო სრული ტექსტი, დაიმახსოვრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მოუსმინო ადამიანს, შეამოწმო პასუხის რეალისტურობა, თავად ახსნა საკუთარი აზრი და ზოგჯერ უბრალოდ გააკეთო რაღაც ხელით.

ეს უნარები წარსულის ნოსტალგიის გამო არ არის მნიშვნელოვანი. მათი ღირებულება იმაშია, რომ ტექნოლოგიის გამოყენებისასაც გვიტოვებს განსჯის, დამოუკიდებლობისა და პროცესის გაგების უნარს.

რატომ უნდა მოვამზადოთ ახალი თაობა მუდმივი ცვლილებებისთვის

თუ AI-ს ყველაფერი შეუძლია, რატომ უხდის კლიენტი ფულს სააგენტოს?