in

10 ფაქტი ალფა თაობის შესახებ

თაობა ზეტის წევრები უკვე ზრდასრულები ხდებიან, ამიტომ აქცენტი 2010-2024 წლებში დაბადებული პირებისკენ ინაცვლებს, რომლებიც ჩვენთვის ალფა თაობის (თაობა A) სახელით არის ცნობილი. მათი რაოდენობა უკვე ორ მილიარდამდე აღწევს… ამიტომ, ჩნდება კითხვა: რა უნდა იცოდნენ ალფა თაობის შესახებ შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებმა? ქვემოთ ზუსტად ამაზე მოგიყვებით:

1. ვინ არიან ისინი?

სოციალურ მკვლევარ მარკ მაკკრინდლს თუ დავეყრდნობით, თაობა ალფას წევრები 2010-2025 წლებში დაბადებული ადამიანები არიან, რაც მათ პირველ თაობად აქცევს, რომელიც სრულად 21-ე საუკუნეში დაიბადა. თუმცა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ამ თაობის ბოლო წევრები 2024 წელში დაიბადნენ… ასეა თუ ისე, თაობა ალფა თაობა ზეტს (1997-2009) მოსდევს, რასაც წინ უსწრებს მილენიალები (1981-1996), თაობა X (1965-1980) და ე. წ. ბუმერების თაობა (1946-1964). თაობა ალფას მშობლები კი უმეტესად მილენიალები არიან.

2. რატომ ეძახიან მათ iPad-ის ბავშვებს?

როგორც უკვე გითხარით, პირველი თაობაა, რომელიც სრულად ციფრულ ეპოქაში დაიბადა, რომელმაც არც კი იცის, როგორია სმარტფონის გარეშე ცხოვრება… ამიტომ, მათთვის ტექნოლოგია უბრალო ხელსაწყო კი არა, ყოველდღიურობის ნაწილია. რაც შეეხება სახელს, ალფა თაობის პირველი წევრები 2010 წელს დაიბადნენ, ზუსტად მაშინ, როცა პირველი iPad გამოვიდა, სწორედ ამ მიზეზით უწოდებენ მათ iPad-ის ბავშვებს.

3. ვები მათი სამყაროა

ციფრულ ეპოქაში გაზრდა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მარტივად შეუძლიათ დაგუგლვა, არამედ ისინი უკვე ონლაინ სახლებსა და სასაუბრო სივრცეებს აწყობენ ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Roblox, Minecraft, Twitch, TikTok, Instagram და YouTube. აქ მეტად თავისუფლად საუბრობენ და იმაზე უფრო ნაკლებ კონტენტსაც მოიხმარენ, ვიდრე თავად ქმნიან.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ტელევიზორს საერთოდ არ უყურებენ, უბრალოდ ეს მათთვის, წინა თაობებთან შედარებით, ბევრად ნაკლები მნიშვნელობის მქონეა, როგორც კულტურული გავლენის, ისე ტელევიზორთან გატარებული საათების კუთხით.

4. ისინი ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ

უფრო მეტად დროს ეკრანთან ატარებენ და უნდა ითქვას, რომ ამას ხელი პანდემიამაც შეუწყო. ზოგი ფიქრობს, რომ ფსიქოლოგიურად არ არიან მზად ცოცხალი გამოცდილებების მისაღებად, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, დრო გვაჩვენებს, რა გავლენა ექნება იზოლირებას მათსავე განვითარებაზე…

5. ისინი სასაცილოდ საუბრობენ

ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა გავლენა იქონია თაობა ალფაზე ინტერნეტკულტურამ მათსავე გამოყენებულ სლენგებში შეგვიძლია, ვეძებოთ, იქნება ეს Delulu, Skibidi, Cap cap თუ სხვა. აქ კი ორი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი, კარგი იქნება, თუ მათ მიერ გამოყენებული სლენგების მნიშვნელობა გეცოდინებათ, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, დიდები მათ თავისთვის ვერ გამოიყენებენ და მეორე, სლენგები მუდმივად იცვლება, როგორც კი დაისწავლით, რაღაც ახალი გამოჩნდება და იგი უვარგისი დარჩება.

6. ისინი კულტურულად უფრო მრავალფეროვანნი არიან

ამას მრავალ ფაქტორს მიაწერენ, მათ შორის მასობრივ მიგრაციასა და კულტურათაშორისი ურთიერთობების ზრდას. მართალია, ისინი რეალურ ცხოვრებაში დიდად აქტიურები არ არიან, მაგრამ ონლაინ სივრცეში ნამდვილად იმაზე უფრო მრავალფეროვნად არიან წარმოდგენილნი, ვიდრე წინა თაობები.

7. კანის მოვლა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია

ამ თაობის წარმომადგენლები შეპყრობილნი არიან კანის მოვლით, მათ Sephora-ს ბავშვებსაც კი ეძახიან… მშობლებს ძვირიან თავის მოვლის პროდუქტების ყიდვას სთხოვენ და ხშირად შეგხვდებიან სოციალურ პლატფორმებზე Beauty ინფლუენსერების როლში. ისინი თაობა ზეტის გაბრაზებასაც ახერხებენ, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ თაობა A-ს წარმომადგენლები მაღაზიებში ცუდად იქცევიან, უხეშები არიან კონსულტანტების მიმართ და ტესტერებსაც აფუჭებენ… თუმცა, ამ ტენდენციის შეფასებისგანაც თავს იკავებენ და ჯერ ელოდებიან, რას გვაჩვენებს დრო.

8. ზოგიერთი საკმაოდ ცნობილია

დიახ, ალფა თაობის ზოგიერთი წევრი უკვე საკმაოდ ცნობილი გახლავთ, თუმცა ეს უფრო მეტად მათ ოჯახის დამსახურებაა. მაგალითად ინგლისის მომავალი მეფე შეგვიძლია ავიღოთ, დედმამიშვილებთან და ბიძაშვილებთან ერთად. აქ არც კარდაშიანები უნდა დაგვავიწყდეს… ამ თაობიდან კიდევ არაერთი ინფლუენსერის გახსენება შეიძლება, რომლებმაც, მშობლების მცირე დახმარებით, მილიონები იშოვეს.

9. შესაძლოა, მათთვის ტვირთს წარმოვადგენდეთ

აკვირდებით, თქვენგან განსხვავებით, რამხელა თავისუფლება აქვთ ამ ბავშვებს? გახსოვდეთ, რომ ალფა თაობის პირველი ტალღა სრულწლოვანი 2030 წლისთვის გახდება, რა დროსაც ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი 60 წელს გადაცილებული ადამიანი იქნება. თუ ასეა, გამოდის, მათ ტვირთად დაბერებული მოსახლეობა დააწვება…

10. თაობა ალფამ პიკს მიაღწია

თუ გგონიათ, რომ თაობა ალფა ჰორიზონტზე სულ ახლახან გამოჩნდა, გეტყვით, რომ ციფრებში მათ უკვე მიაღწიეს თავისსავე პიკს. 2025 წელს დაბადებული პირები კი უკვე ახალი თაობა ბეტას წევრები გახდებიან…

რა უნდა გაითვალისწინონ მარკეტერებმა, წელს?

რა ხდება, როდესაც ლიდერის ალღო სუსტდება?