შფოთვა სერიოზული პრობლემაა და ის ცხოვრების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ვერც ხვდება, რომ საქმე შფოთვასთან აქვს და სპეციალისტის დახმარება სჭირდება.
როგორია შფოთვის სიმპტომები და რა შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს ექიმთან კონსულტაცია? ამ სტატიაში მოცემულია 10 გზა შფოთვის ამოსაცნობად.
1. ზედმეტი ფიქრი
ფიქრი რამდენადაც სასარგებლო და საჭირო აქტივობაა, იმდენად სახიფათოც შეიძლება გახდეს, თუკი ტოქსიკურობამდე მივყავართ. თუ მსგავსი აზრები ყოველდღე გაწუხებთ: „რა იქნებოდა, თუ…”; „რა მოხდება, თუ მეტროში ჩავჯდები და ის მიწისქვეშ გაჩერდება?”; „რა მოხდება, თუ გავაგრძელებ ამ ურთიერთობას ჩემს პარტნიორთან და ვერასოდეს გავარკვევ, არის თუ არა ვინმე უკეთესი?”; “რა მოხდება, თუ საკმარისად არ ვისწავლი და ტესტს ჩავაგდებ?”
პირველი ნაბიჯი არის იმის აღიარება, რომ თქვენ ზედმეტად ფიქრობთ ყველაფერზე. კარგად თუ დაუკვირდებით, ამ ფიქრებს არანაირი სარგებელი არ მოაქვს და ცხოვრებაზეც უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან ზედმეტად იღლებით, გონება ნეგატივით ივსება და შეიძლება პროდუქტიულობაშიც ხელი შეგიშალოთ.
2. თავის არიდება
სხვადასხვა სიტუაციისთვის თავის არიდებაც შფოთვის მანიშნებელია. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილა, რომ თქვენ ან თქვენს ახლობლებს უარი უთქვამთ პრეზენტაციის, ან რაიმე საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობაზე პუბლიკის წინ გამოსვლის შიშით…არსებობენ ადამიანები, რომლებიც პაემნებზეც კი ვერ მიდიან ნერვიულობის გამო და კიდევ ბევრი ასეთი სიტუაციის ჩამოთვლა შეგვიძლია.
რაღაც ჩვენთვის უსიამოვნოსთვის თავის არიდება იმ მომენტში საოცარ შვებას გვგვრის და თავს უკეთ გვაგრძნობინებს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ხელს გვიშლის ცხოვრებაში და სოციალიზაციაში, რაც გარკვეული დროის შემდეგ ჩვენში იწვევს შფოთვას. ამიტომ პირველი, რაც ამ დროს უნდა ვიფიქროთ და გავაკეთოთ, გაბედვაა.
3. ოფლიანობა
ოფლიანობა შფოთვის ერთადერთი მახასიათებელი არ არის, რადგან ის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ თუ ადამიანი ნორმაზე მეტად ოფლიანობს, ან ნერვიულობის დროს, ეს უკვე შფოთვის ნიშანია. ჩვენი სხეული ხშირად ფსიქიკური მდგომარეობის გამომხატველია, ამიტომ მიაქციეთ მას ყურადღება და დაფიქრდით, შფოთვასთან ხომ არ გაქვთ საქმე?
4. პანიკური შეტევები
პანიკური შეტევები ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია. ის შფოთვის ფორმაა, რომელიც აუცილებელი არაა, რომ შფოთვის დროს აუცილებლად დაგემართოთ, მაგრამ თუ პანიკური შეტევა გაქვთ, ესე იგი, შფოთვაც გაქვთ.
პანიკური შეტევით შფოთვას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამის გარკვევა დამოუკიდებლად ძალიან რთულია და ხშირად შეიძლება მიზეზს სულ სხვაგან ვეძებდეთ, ამიტომ ამ ფორმამდე მისვლისას სპეციალისტის გარეშე ნურაფერს მოიმოქმედებთ და ნურც განაჩენს გამოუტანთ თავს. პანიკური შეტევები მართვადია, როცა იცით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს.
5. დარწმუნების საჭიროება
არის რაღაც ჩვევები, რომლებიც ადამიანს უბრალოდ თვისება ჰგონია და ეჭვიც არ მიაქვს შფოთვაზე. ასეთ ადამიანებს ხშირად სჭირდებათ დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი რიგზეა, ამას კი ახლობლებისგან, ექიმებისგან ან სხვა ადამიანებისგან იღებენ. ერთი სიტყვით, მუდმივად ეძებენ წყაროს, რომელიც მათ დაუდასტურებს და ეტყვის, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება. დამოუკიდებლად კი ამ აზრამდე მისვლა უჭირთ. ეს შფოთვის ფორმაა და უნდა ვიცოდეთ, როგორ გავთავისუფლდეთ მისგან.
6. მოთმინების ნაკლებობა
არც ეს არის მთლად თანდაყოლილი თვისება. ადამიანი ზოგადად მოუთმენელი არსებაა და ყოველთვის ყველაფერი ეჩქარება, მაგრამ დააკვირდით, ზედმეტად ხშირად ხომ არ ხდება ისე, რომ თქვენი მოუთმენლობის გამო ხელი გეშლებათ? კარგავთ მოთმინებას, ღიზიანდებით…ეს უკვე შფოთვაზე მიუთითებს. კარგი იქნება, ფსიქოთერაპევტის ჩართულობა, რათა იმუშაოთ საკუთარ იმპულსებზე.
7. კონცენტრაციის გაფანტვა
თუ გეუბნებიან, რომ ხშირად ცვლით საუბრის თემას, წყვეტთ საუბარს, რაღაცები გავიწყდებათ, დავალებებში შეცდომებს უშვებთ, ვერ ახერხებთ მოდუნებას და გეფანტებათ ყურადღება, ეს კონცენტრაციის ნაკლებობას ნიშნავს, რომელიც, თავის მხრივ, შფოთვის მაჩვენებელია.
8. მუდმივი ნერვიულობა სხვადასხვა რამეზე
შფოთვის ერთ-ერთი სიმპტომია ყველაფერზე ნერვიულობა. შეიძლება ნერვიულობდეთ ნებისმიერ რამეზე: როგორ იყიდოთ პროდუქტები, როგორ აარჩიოთ საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის, თქვენი მშობლების ჯანმრთელობაზე, კარიერულ განვითარებაზე, სამსახურში დავალების შესრულებაზე…ერთი სიტყვით, ყველაფერზე.
მუდმივი წუხილი შფოთვიდან მოდის და აუცილებელია სპეციალისტისთვის დახმარების თხოვნა, რადგან ეს აუცილებლად შეგიშლით ხელს პროდუქტიულობაში და ცხოვრების ხარისხსაც შეამცირებს.
9. თავის ტკივილები
თავი შეიძლება ბევრი რამისგან აგვტკივდეს, მაგრამ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შფოთვაც არის. ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც სტრესია, რადგან როცა ექიმთან მივდივართ თავის ტკივილის ჩივილით, პირველი, რასაც გვეკითხება, არის: ხომ არ გადაგვიტანია ბოლო პერიოდში სტრესი.
დააკვირდით საკუთარ თავს და ტკივილის გამომწვევ მიზეზს. თუ იმ დღეს ან კვირაში ბევრი სტრესული საქმე გქონდათ, მაშინ თავის ტკივილი სწორედ შფოთვისგან მოდის. ყველა ვარიანტში, სპეციალისტთან მისვლა და გადამოწმება იდეალური რჩევა იქნება.
10. ინსომნია
და ბოლოს, შფოთვის ერთ-ერთ ყველაზე განუყრელ „მეგობარსაც” მივადექით. როცა შფოთვა გვაქვს, ძილის ხარისხი იკლებს და შეიძლება ღამეც კი გავათენოთ. თუ არანაირი სხვა დაავადება არ გვაქვს, რაც შეიძლება უძილობას იწვევდეს, მაშინ უძილობა შეიძლება იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ამ დროს მნიშვნელოვანია, ძილის რეჟიმის დარეგულირება, რადგან ის ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და ორგანიზმზე.
შფოთვის მართვა მარტივი არ არის და ექიმები სპეციალისტის ჩართვას ყოველთვის გვირჩევენ. „ექიმოს” აპლიკაციაში შეგიძლიათ სასურველი ფსიქოთერაპევტი მოძებნოთ და დანიშნოთ მასთან ვიზიტი ან სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ გაიაროთ კონსულტაცია.
რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი