in

10 კითხვა, რომლებიც უნდა დავსვათ ბიზნეს პარტნიორობის დაწყებამდე

ბიზნესის კეთებას ზოგიერთი ადამიანი ქორწინებას ადარებს, თუმცა საქმიანი პარტნიორობა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ოჯახური. ბიზნეს პარტნიორობის დაახლოებით 50-80% საწყის ეტაპზე, პირველ რამდენიმე წელიწადში კრახს განიცდის.

თუმცა, როგორც ქორწინებაშია მნიშვნელოვანი პიროვნული და პროფესიული ურთიერთობები, საერთო ფინანსური კეთილდღეობა, ისეა საქმეშიც. დიდი შანსია, საქმიანმა პარტნიორებმა უფრო მეტი დრო გაატარონ ერთად, ვიდრე პოტენციურ მეუღლესთან. 

როგორც ქორწინებაში, საქმიანი პარტნიორობის დაწყების დროსაც, ხშირად გარკვეული ნაბიჯები ფხიზელი ხედვის გარეშე იდგმება, რასაც შემდეგ მტკივნეული შედეგები მოჰყვება ხოლმე, ამიტომ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე ისეთი კითხვები დავსვათ, რამაც შეიძლება შეამსუბუქოს ან თავიდან აგვარიდოს პოტენციური პრობლემები და ზედმეტი დრამატულობა.

საერთო სურვილები გვამოძრავებს?

როგორც წესი, საერთო მოტივაცია ფულია, მაგრამ მთავარი იმის განხილვაა, როგორ ჯდება ფულის შოვნის სურვილი სხვა ისეთ საკითხებთან, როგორიცაა სამუშაო-ცხოვრების ბალანსი. 

ხშირად პარტნიორებს განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. არსებობს ასეთი მაგალითები, როდესაც სტარტაპერებიდან ერთ-ერთს უკვე ჰქონდა წარმატებული ფინანსური მდგომარეობა და ეს სტარტაპი მისთვის ცოტა აზარტული იყო. მეორე პარტნიორს კი არ გააჩნდა ფინანსური უსაფრთხოება და ნამდვილად სჭირდებოდა საწარმოს მუშაობა. ამის გამო მათ შორის თავიდანვე იყო დაძაბულობა, რის გამოც, საბოლოოდ, ერთმანეთს დაშორდნენ.

რამდენად დატვირთულად ვაპირებთ მუშაობას?

ორ ადამიანს ყოველთვის აქვს განსხვავებული დატვირთვა, ამიტომ თავიდანვე უნდა იყოს განხილული, ვინ როდის და რამდენს იმუშავებს. საწყის ეტაპზევე უნდა დაისვას შემდეგი კითხვები: კვირაში რამდენ საათს ვიმუშავებთ? ღამით ან შაბათ-კვირას მეილებს გავაგზავნით? შვებულების დროს, საჭიროების შემთხვევაში, ვიმუშავებთ? 

იმისთვის, რომ კონკრეტული მოლოდინები ჩამოყალიბდეს და ყველაფერზე შეთანხმდეთ, აუცილებელია ასეთ დეტალებზე მოლაპარაკება. 

შეტანილი წვლილის დაფასება

ვის რა წვლილი შეაქვს კომპანიაში, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც თავიდანვე უნდა დაისვას. მაგალითად, თუ გაქვთ ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია, ერთი პარტნიორი შეიძლება მუშაობდეს დიზაინზე, ხოლო მეორე ბიზნესს მართავდეს. კომპანია წარმატებულია, მაგრამ პარტნიორებს ერთმანეთში დაძაბულობა აქვთ, რადგან ისინი ერთმანეთის შრომას არ აფასებენ. „ჩემი დიზაინის გარეშე,” – ამბობს ერთი, – “არაფერი გვექნებოდა”. აქედან მეორე ეუბნება, რომ მისი დიზაინი არაფერი იქნებოდა, სწორად რომ არ გაეყიდათ პროდუქტი. პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ ყველა შეტანილი წვლილი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია და უფრო მეტად უნდა დააფასონ ერთმანეთი.

როგორ მივიღებთ რთულ გადაწყვეტილებებს?

პარტნიორულ ურთიერთობებში, როგორც წესი, რთული გადაწყვეტილებების დროც დგება. პარტნიორები მზად უნდა იყვნენ ამისთვის და როცა ამის დრო დადგება, უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ. ამ დროს ისიც მნიშვნელოვანია, მათ სწორად გაანაწილონ, ვინ რა გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, თუ თქვენი პარტნიორი მარკეტინგის სფეროშია ძლიერი, ეს მისი მოწოდებაა და უნდა აცადოთ ფიქრი. თავიდანვე უნდა იქნეს განხილული ისეთი სიტუაციები, რა ხდება მაშინ, როცა პარტნიორები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ერთმანეთს.

როგორ გავუმკლავდეთ კონფლიქტს?

პირველი სერიოზული კონფლიქტის დაწყებამდე იმაზე უნდა იფიქროთ, რომ შეიმუშაოთ ასეთი სიტუაციების მართვის თქვენეული მიდგომა. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ბუნებით კონფლიქტურები არიან და ყველა სიტუაციას ასე აგვარებენ. ყველა ვარიანტში მნიშვნელოვანი ისაა, რომ პარტნიორები პატივს სცემდნენ ერთმანეთს და იცოდნენ პრობლემის მოგვარება მაშინაც, როცა ის ჯერ კიდევ ზედაპირულ ფაზაზეა.

რა არის თქვენი გეგმა?

ყველა კომპანიას აქვს თავისი მთავარი ბიზნეს სტრატეგია, რომელზეც დგას მისი განვითარების გეგმა. როცა პარტნიორები განსხვავებულად უყურებენ ყველაფერს, ეს გეგმა ზოგჯერ ირღვევა, ამიტომ არის აუცილებელი, რომ ძირითადი კითხვები თავიდანვე დაისვას და ამოიწუროს. ეს კითხვები უნდა ეხებოდეს გეგმის ნაწილს, მათ შორის ისეთსაც, როგორიცაა: რას ვაკეთებთ, როცა დასახული გეგმა არ მუშაობს ან მასში ცვლილების შეტანაა საჭირო?

სად არის უთანასწორობა?

ნებისმიერი ტიპის პარტნიორობას თან ახლავს უთანასწორობის შეგრძნება. ზოგი მათგანი მატერიალურია, ზოგი კი ინტერპერსონალურია, როგორც ძალაუფლება. ასეთ დროს მთავარია პარტნიორებმა შეინარჩუნონ ნდობა და ურთიერთვალდებულება. 

ვინ რას იღებს?

მოგების გაზიარება და კომპენსაცია, როგორც წესი, ბიზნესის უმნიშვნელოვანესი საკითხებია. მოგების თანაბრად გაზიარება საუკეთესო გამოსავალია, მაშინაც კი, როდესაც თავდაპირველი შენატანი შესაძლოა რომელიმე პარტნიორისა უფრო მეტი იყო. ეს ძალიან დელიკატური საკითხია, თუმცა აუცილებელია, რომ თავიდანვე დადგინდეს მოგების გაზიარების ძირითადი პრინციპები.

შეთანხმებების დოკუმენტირება

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყოს ან აცდენილები იყვნენ ერთმანეთს. როდესაც ნებისმიერ შეთანხმებას წერილობითი ფორმა აქვს, საქმე გაცილებით მარტივადაა. 

როგორ დასრულდება ეს ყველაფერი

ადრეულ ეტაპზე იმის გარკვევა, როგორ დასრულდება ესა თუ ის პარტნიორობა, ძალიან რთულია, რადგან სტარტი, როგორც წესი, საქმიან ურთიერთობაშიც და ქორწინებაშიც მხიარულია ხოლმე. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტნიორს საქმიდან გასვლა მოუნდება, ეს საკითხებიც მათ წინასწარ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთში გავლილი. რა ინტელექტუალური საკუთრება, კონტაქტები და სხვა აქტივები შემოიტანა მეორე ადამიანმა კომპანიაში? – ეს ამ დროს უმნიშვნელოვანესი კითხვაა. მკაფიო შეთანხმებების ქონა შეიძლება დაეხმაროს პარტნიორებს მეგობრულად დაშორდნენ, როცა დრო მოვა და თავიდან აიცილონ თავის ტკივილი, სტრესი და გაჭიანურებული სამართლებრივი ბრძოლები.

ბოლოს გახსოვდეთ, რომ კარგ პარტნიორებს შეუძლიათ ერთად გაერთონ, საქმე აკეთონ და მოგებაც ნახონ. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ერთმანეთის გატანას და ამით ორივე მხარე დარჩეს კმაყოფილი.



გრინვოში 4 წლისაა!

ChatGPT Enterprise — უსაფრთხო და უფრო მძლავრი ჩეტბოტი ბიზნესისთვის