5
Sep
2019

ყველა დროის 10 ყველაზე ძვირადღირებული ნახატი

5 Sep 2019

ბევრი ამბობს, რომ ხატვა ემოციებისგან დაცლაა.. თვითგამოხატვის ხერხი, რომელშიც არანაირ ბარიკადებს არ ხვდები, უბრალოდ შენს შთაგონებას განხორციელების საშუალებას აძლევ.. მოგწონს თუ არ მოგწონს შენი ნახატები, მაინც გეძვირფასება, რადგან ისინი შენ მიერ შექმნილია და, ალბათ, სწორედ ამიტომაა ხოლმე, რომ ბევრ მხატვარს თავისი ნამუშევრის გაყიდვა/გაჩუქება უჭირს. და მაინც.. რითი ფასობს ნახატები? მხატვრის მიერ გამოგონილი აბსტრაქციებით, თუ იმ რეალობის ზუსტად აღბეჭდვით, პორტრეტების შექმნისას რომ ვხვდებით..

დღესდღეობით ნახატი ბევრი კრიტერიუმით შეიძლება შევაფასოთ: მასზე დახარჯული საათებით, სახატავი მასალებით, სიგრძით, სიგანით და ა.შ თუმცა, ყველაზე ხშირად, რითიც ნახატები ფასდება – პრესტიჟია. სახელგანთქმულ მხატვრებს, რასაკვირველია, უფრო მარტივად და უფრო დიდ ფასად ეყიდებათ ნახატები, ვიდრე დამწყებებს, სულაც რომ დიდი იყოს მათ ნამუშევრებს შორის სხვაობა.. თუმცა, ოდესღაც დიად შემოქმედებსაც საკმაო დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ ეტაპამდე მიეღწიათ. ზოგმა საერთოდაც სიკვდილის შემდეგ მიაღწია..

დღეს რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნახატებს გადავავლოთ თვალი, აღმოვაჩენთ, რომ მათ შორის თანაბრადაა იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის, არტ ნუვოს მიმდევრებისა და რენესანსისდროინდელი მხატვრების ნამუშევრები. თუმცა, არც თანამედროვე შემოქმედებს აკლდებათ დიდება – მაგალითად, 2 წლის წინ ბასკიას ნამუშევარი 110 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რაც დრო გადის, მით უფრო იცვლება ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სია, ამჟამად კი პირველი 10 ნახატის ჩამონათვალი ამგვარია:

Salvator Mundi – ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩიმ ეს ნახატი 1500 წელს დახატა. მასზე რენესანსისდროინდელი სამოსით შემოსილი იესოა გამოსახული. 2017 წლის 15 ნოემბერს, ნიუ იორკში გამართულ ერთ-ერთ აუქციონზე იგი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Interchange – უილიამ დე კუნინგი

ამერიკული და გერმანული წარმოშობის მხატვარმა, უილიამ დე კუნინგმა, ეს ნახატი 1955 წელს ზეთით შეასრულა. მისი ზომები 2 მეტრი 1.75 მეტრზეა. საკმაო მოცულობის ნახატი 2015 წლის სექტემბერში 300 მილიონ დოლარად შეიძინეს.

Card Players – პოლ სეზანი

ზეთშივეა შესრულებული 1892 წლით დათარიღებული “კარტის მოთამაშეები”. იგი ცნობილი პოსტ იმპრესიონისტის, პოლ სეზანის პოპულარული ნამუშევარია. 2011 წლის აპრილში იგი 250 მილიონ დოლარად გაიყიდა.

When Will You Marry? – პოლ გოგენი

“როდის დაქორწინდები?” ცნობილი პოსტ იმპრესიონისტის, პოლ გოგენის ნამუშევარია. გოგენმა იგი 1892 წელს შეასრულა და მასზე ტაიტის მკვიდრები გამოსახა. 2014 წელს ეს ნახატი 210 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Number 17A – ჯექსონ პოლოკი

“ნომერი 17ა” ამერიკელი მხატვრის, ჯექსონ პოლოკის შემოქმედების ნაწილს წარმოადგენს. ეს მხატვარი თავისი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმითაა განთქმული. აღნიშნული ნახატი მან 1948 წელს შექმნა. 2015 წლის სექტემბერში კი იგი ქენეთ გრიფინმა 200 მილიონ დოლარად შეიძინა.

Wasserschlangen II – გუსტავ კლიმტი

წყალში მცხოვრები ქალები გუსტავ კლიმტმა 2-ჯერ დახატა და ერთ სერიაში გააერთიანა. ზემოთ ნაჩვენები ნახატი კი მათგან ერთ-ერთია. ეს ნახატი 1904-07 წლებით თარიღდება და ავსტრიელი მხატვრის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ნამუშევარს წარმოადგენს. იგი დიმიტრი რიბოლოვლევმა 2013 წელს 183.8 მილიონ დოლარად შეიძინა.

No.6 (Violent, Green, Red) – მარკ როთკო

“ნომერი ექვსი” ამერიკულ-რუსული წარმომავლობის ექსპრესიონისტის, მარკ როთკოს ნამუშევარია. მან იგი 1951 წელს შეასრულა და სამ ფერს აერთიანებს. 2014 წლის აგვისტოში ნახატი 186 მილიონ დოლარად გაიყიდა.

portraits of Maerten Soolmans and Oopjen Coppit – რემბრანდტი

ცნობილი გერმანელი მხატვრის, რემბრანდტის ეს ნახატი მისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა. მასზე ორი ადამიანის პორტრეტია გამოსახული. მხატვარმა იგი 1634 წელს დახატა. 2015 წლის სექტემბერში კი ნახატი 180 მილიონ ევროდ გაიყიდა.

Les Femmes d’Alger (“Version O”) – პაბლო პიკასო

“ალჟირის ქალები” – ასე ჰქვია ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევრების სერიას, რომელიც მან 1954-55 წლებში შექმნა. ზემოთ ნაჩვენები ნახატიც სწორედ ამ სერიიდანაა, იგი 1955 წლით თარიღდება. ნიუ-იორკის ერთ-ერთ აუქციონზე ეს ნამუშევარი 179.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Nu Couche – ამედეო მოდილიანი

ეს ნახატი 1917 წელს ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა, ამედეო მოდილიანმა დახატა და მას მერე მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს წარმოადგენს. 2015 წლის 9 სექტემბერს იგი ნიუ იორკში 170.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა