in

10 ნამუშევარი, რომლებმაც სკანდალი გამოიწვია

ხელოვნება შემოქმედებითობის თავისუფლად გამოხატვის საშუალებაა, თუმცა სხვადასხვა ეპოქაში მაინც არსებობდა გარკვეული დოგმები თუ ჩარჩოები, რომლებიც აფასებდა, „რა არის კარგი, რა არის მისაღები, რა უნდა მოგვწონდეს“ და ა. შ. რიგ შემთხვევებში კი ამგვარი შეფასებები სკანდალურ სახეს იღებდა — ითხოვდნენ ხელოვნების ნიმუშების აკრძალვას, განადგურებას და „ადამიანთა სათუთი თვალებისგან“ გარიდებას.

BOG
BOG

ალბათ, ისიც გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ მიქელანჯელოს დავითზე მთელი საჩივრებიც რომ შეადგინეს — უხამსია და ბავშვებმა არ უნდა უყურონო… ცხადია, ეს ყველაფერი მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებია და ნეგატიური შეფასებები საერთო კონტექსტად ვერ იქცევა.

მსგავსი შემთხვევების რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ სტატიაში იმ 10 ნამუშევარს წარმოგიდგენთ, რომლებსაც განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოყვა.

1. მარკ ქუინი — Self, 1991

ყოველ ხუთ წელიწადში, ხუთი თვის განმავლობაში, ბრიტანელი მხატვარი მარკ ქუინი 5 ლიტრ საკუთარ სისხლს თავისივე სახის მიხედვით შექმნილ ფორმაში ასხამს, შემდეგ კი ყინავს. ზოგიერთი ადამიანისთვის Self სხვა არაფერია, თუ არა საშინელი და „ვამპირული“ ტრიუკი — ვერ ხვდებიან, რატომ უნდა გამოაცალო შენს თავს სისხლი მხოლოდ იმისთვის, რომ შენივე სახის შემზარავი ანალოგი შექმნა. სხვებისთვის კი ნამუშევარი მძაფრ, გაბედულ ნაბიჯთან ასოცირდება თვითგამოხატვის კუთხით.

2. ალენ ჯონსი — Chair, 1969

ეს ნამუშევარი იმდენად პროვოკაციულია, რომ მის შემქმნელ პოპ-არტისტ ალენ ჯონსს ბევრი რამ დააბრალეს — დაადანაშაულეს ქალის ნივთად და უხამსად აღქმის მოტივებში. 1986 წლის მარტში, ქალთა საერთაშორისო დღეს, სკულპტურის „შოვინისტური სენსიტიურობით“ შეძრწუნებულმა აქტივისტმა წყვილმა მას მჟავა შეასხა. შედეგად, ნამუშევრის სახე და კისერი სრულად ჩამოდნა, სასოწარკვეთილ არსებას დაემსგავსა.

3. პიერო მანძონი — Merda d’Artista, 1961

თუ დიუშანის ადამიანური ნარჩენების გამოუყენებელი ჭურჭელი ხელოვნების სამყარომ თავის ნაწილად მიიღო როგორც ესთეტიკური ობიექტი, გასაკვირი არ არის, რომ რაღაც ეტაპზე პიერომ თავად ეს „ნარჩენები“ აქცია ნამუშევრად. 1961 წელს იტალიელმა ავანგარდისტმა, რომელმაც ერთი წლით ადრე საკუთარი ამონასუნთქით გაჯერებული ბუშტი ხელოვნების ნიმუშად წარადგინა, თუნუქის ქილაში თავისივე განავალი მოათავსა. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ეს არის დახვეწილი პასუხი იმ დამცინავ კომენტარზე, რომელსაც საზოგადოებისგან იღებდა — ხალხი სარკაზმით მიანიშნებდა არტისტს, რომ მამამისს საკონსერვო ქარხანა ჰქონდა.

2016-ში პიეროს შვილის აუქციონზე ქილა 275 000 ევროდ გაყიდა.

4. რობერტ რაუშენბერგი — Erased de Kooning Drawing, 1953

1953 წელს ამერიკელმა მხატვარმა რობერტ რაუშენბერგმა საკუთარი ძალები „გამოსახულებების მოშორების“ ხელოვნებისკენ მიმართა. რობერტმა თავისი მეგობარი, ჰოლანდიელი ამერიკელი აბსტრაქციონისტი ვილემ დე კუნინგი, დაარწმუნა, სრულიად ინოვაციური ხედვა მის ბოლო ნამუშევარზე ეცადათ — კერძოდ, რაუშენბერგს სჯეროდა, რომ ტილოზე რაღაცის დახატვის ნაცვლად, არსებულის წაშლასაც ხელოვნების ნიმუშამდე მივყავართ. შედეგად, მიიღეს ქაღალდი, რომელზეც მხოლოდ ფანქრის მქრალ სილუეტებს ვხედავთ, სრული კომპოზიცია კი წაშლილია.

გალერეაში ვიზიტორების ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ჩარჩოში უბრალოდ ცარიელი ქაღალდი იყო მოთავსებული.

5. ჯუდი ჩიკაგო — Dinner Party, 1979

როგორც თავად ამბობს, ამერიკელი ხელოვანის მიერ სამკუთხედ კომპოზიციად ქცეული მაგიდა კულტურის ისტორიაში ქალების წვლილს ეხება. ინსტალაციაში დომინირებს სექსუალური ხასიათის სიმბოლიკა, ალეგორიული მინიშნებები, თუმცა მათი ვიზუალი იმდენად აშკარაა, მთელი აზრი პირდაპირ ზედაპირზე დევს. მართალია, იდეა კარგად ჟღერს, მაგრამ რამდენიმე კრიტიკოსმა თუ არტისტმა საპირისპირო შეხედულება დააფიქსირა — მაგალითად, ბრიტანელი მხატვარი კორნელია პარკერი წერდა: „ყველაფერი ჯუდი ჩიკაგოდ ეგოზეა აგებული და არა ქალებზე, რომელთა წვლილით ინსტალაციას უნდა გამოეკვეთა“.

6. რიჩარდ სერა — Tilted Arc, 1981

1989 წელს ერთზე მეტი საკულტო კედელი დაინგრა. 15 მარტს, ღამით, რვა თვით ადრე, ვიდრე ბერლინის კედელი დაინგრეოდა, ნიუ-იორკში 36 მეტრის ფოლადის ბარიკადი დაშალეს — ის 8 წლის განმავლობაში იყო აღმართული, როგორც ხელოვნების ნიმუში. ამერიკელი არტისტის, რიჩარდ სერას სკულპტურა ვანდალებისა და მავნებლების თავშესაფრად მიიჩნიეს, რის გამოც მინიმალისტური ნამუშევარი დაშალეს და საწყობში გადაიტანეს.

7. კრისტო და ჟან-კლოდი — Surrounded Islands, 1983

როგორც ჩანს, მაიამის ბისკეინის ყურის 11 კუნძულის ვარდისფერ პოლიპროპილენის ქსოვილში მოქცევა ყველასთვის ზღაპრულ მაგიასთან არ იყო დაკავშირებული. გარემოსდამცველები აქტიურად აპროტესტებდნენ მთელ პროცესს, ვინაიდან სინთეზური პლასტმასას გრძელვადიანი ეფექტები აშინებდა.

8. ტრეისი ემინი — My Bed, 1998 

მიუხედავად იმისა, რომ საწოლი, როგორც არქეტიპული ობიექტი, შეუცვლელი საყრდენი იყო დასავლური ხელოვნების ზოგიერთ უდიდეს ნამუშევარში, ტრეისის ინსტალაციამ დიდი აღშფოთება და ინტენსიური კრიტიკა გამოიწვია. მხატვრის ცხოვრების დეპრესიული ეპიზოდის ადგილი, რომელიც გარშემორტყმული იყო მატერიალური ნამსხვრევებით, დაქუცმაცებული ნივთებით… და ამ ყველაფრის სინთეზი საყრდენ ექსპონატად იქცა მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ თანამედროვე ხელოვნებამ გზა დაკარგა.

საპირისპიროდ, ინსტალაციის დამცველებს აკვირვებდათ ის ფაქტი, რომ მარსელ დიუშანის პისუარიდან 80 წლის შემდეგ საწოლის რეალურმა სახემ ასეთი კრიტიკა გამოიწვია.

9. დევიდ ჩერნი — Shark, 2005

ბევრისთვის ეს უჩვეულო და შემზარავი ინსტალაცია ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ჩამოგდებასთან ასოცირდებოდა. მხატვარს ამასთან დაკავშირებით არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია და უფრო მეტად დემიენ ჰირსტის ინსტალაციის სახეცვლილ ფორმას წარმოადგენს, რომელშიც ანალოგიურ აკვარიუმში ზვიგენია მოთავსებული. თუმცა 2006 წელს ჩერნის ნამუშევრის გამოფენაზე უარი თქვეს, რადგან იყო შანსი, მოსახლეობის ზოგიერთ ჯგუფს ზედმეტად პროვოკაციულად მიეღო ის.

10. პოლ მაკკართი — Tree, 2014

წარმოიდგინეთ ადამიანების რეაქცია, როცა საშობაო განწყობით აღტაცებულები რაღაც ჯადოსნურ ნაძვის ხეს ელიან, ადგილზე მისულებს კი მაკკართის გასაბერი სკულპტურა ხვდებათ. ერთია კრიტიკა, განაწყენება და არმოწონება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისე გაბრაზდა, რომ მოედანზევე დააზიანეს — ნამუშევარი ჩაიფუშა. ამავდროულად, ზოგიერთმა კრიტიკოსმა ხე სექსუალურ კონტექსტში მოაქცია, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა საზოგადოების დამოკიდებულება და თავად ხელოვანსაც კი გაარტყეს სახეში…

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონის, სებასტიან ფეტელის კარიერული გზა

Heinz-მა სასოწარკვეთილების განცდა სახალისო რეკლამად აქცია