in

10 საინტერესო ფაქტი FORD-ის შესახებ, რომლებიც შეიძლება არც იცოდით

Ford Motor Company-ს ყველა იცნობს. მისი ისტორია საუკუნეზე მეტია, იწერება. ამ ხნის განმავლობაში მან გვაჩუქა საკულტო მანქანები და ამას გარდა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ავტოისტორიაში, როგორც ინოვაციურმა ბრენდმა.

ეს ის ფაქტებია, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ყველა დიდ ბრენდს აქვს სხვა საინტერესო მხარეებიც, რომლებიც შესაძლოა ნაკლებად იყოს გახმაურებული ან მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილმა იცოდეს. სწორედ ამიტომ დღეს გაგიზიარებთ 10 საინტერესო ფაქტს „ფორდის“ შესახებ.

1. Ford – აშშ-ის პრეზიდენტების ხშირი არჩევანი

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტომობილი, რომელიც თეთრ სახლში წლების განმავლობაში, სხვადასხვა პრეზიდენტის მმართველობის დროს ჩნდებოდა, სწორედ „ფორდი“ იყო. ცნობილია, რომ ბილ კლინტონს მოსწონდა კლასიკური ავტომობილები და მისი საყვარელი ვინტაჟური ავტომობილიც სწორედ 1967 წლის Ford Mustang იყო.

Ford Escape Hybrid ჰყავდა ბარაკ ობამასაც. ბევრი ამბობდა, რომ პრეზიდენტის მიერ ამ მანქანის არჩევა ე.წ. „მწვანე გზავნილს” ატარებდა და გარემოსდაცვითი მესიჯი იყო, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – პრეზიდენტის არჩევანი იყო Ford.

2. GT-40 და ლე-მანის რბოლა

1966 წელს Ford-მა დიდი ფურორი მოახდინა თავისი სპორტული მოდელით, სახელად, GT40. ამ მოდელმა მონაწილეობა მიიღო „ლე-მანის” რბოლაში, სადაც გაარღვია Ferrari-ს მოგებების სერია და გახდა პირველი ამერიკელი მწარმოებელი, ვინც ეს რბოლა მოიგო.

3. Ford, როგორც ინოვატორი დამსაქმებელი

“Five-Dollar Day” – ასე დაერქვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს შრომის ისტორიაში, რომელიც ჰენრი ფორდმა მიიღო. 1914 წლის 5 იანვარს ფორდმა გააკეთა უპრეცედენტო განცხადება, რომელმაც მოახდინა რევოლუცია ინდუსტრიული დასაქმების პრაქტიკაში: მან გააორმაგა თავისი მუშების ხელფასი დღეში 5 დოლარამდე, რაც იმ დროს გაბატონებული ქარხნის ხელფასზე ორჯერ მეტი იყო. მან ასევე შემოიღო დასვენების დღეები, რითაც ასევე ჩაეწერა ინოვატორთა სიაში.

4. რას ნიშნავს სიტყვა „მუსტანგი”

სიტყვაზე „მუსტანგი” ყველას Ford-ის საკულტო მოდელი გვახსენდება, თუმცა მისი ამოსავალი მნიშვნელობის შესახებ ბევრმა არაფერი იცის.

ცხენის ჯიში, რომელიც მე-16 საუკუნეში ესპანელმა მკვლევრებმა ჩაიყვანეს აშშ-ში, ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და თავისუფალი ბუნების მქონე ცხენი. Ford-ის მანქანისთვის ამ სახელის შერჩევა ნიშნავდა მოუთვინიერებელი ცხენის იმიჯს, რითაც ამ მოდელის შესრულება და სტილი გამოხატეს.

5. Ford Mustang-ის პირველ სერიაში 22 000 მოდელი გაიყიდა

სახელის გარდა ამ მოდელს კიდევ აქვს საინტერესო ისტორია. 1964 წლის 17 აპრილს ამ მანქანის პირველი სერია გამოვიდა. როგორც ცნობილი ხდება, პირველივე დღეს, როცა დებიუტი შედგა, Ford-მა მიიღო დაახლოებით 22,000 შეკვეთა. ამ ძლიერმა მოთხოვნამ ბევრად გადააჭარბა Ford-ის მოლოდინს და მოდელის პოპულარობასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

6. Ford ავიაციაში

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მანქანებითაა ცნობილი, Ford Motor Company-მ დიდი როლი ითამაშა ავიაციაში. 1920-იანი წლების დასაწყისში ჰენრი ფორდმა დააარსა Ford Airplane Division, რომელმაც აწარმოვა თვითმფრინავის რამდენიმე მოდელი, მათ შორის, Ford Trimotor, პოპულარული სამგზავრო თვითმფრინავი 1920-იან და 1930-იან წლებში. ეს მოდელი ასევე ცნობილი იყო, როგორც “Tin Goose”. ეს იყო ერთ-ერთი პირველი თვითმფრინავი, რომელიც ცნობილია თავისი გამძლეობითა და საიმედოობით.

7. ინოვატორი უსაფრთხოების სისტემებში

Ford Motor Company საავტომობილო უსაფრთხოების სისტემების შექმნაშიც ინოვატორად გვევლინება. Ford იყო ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც შემოიტანა უსაფრთხოების ღვედები, როგორც სტანდარტული აღჭურვილობა.

Ford-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამგზავრო მანქანებში აირბალიშების პოპულარიზაციაშიც. 1971 წელს მან შემოიტანა ექსპერიმენტული საჰაერო ბალიშების სისტემა, რომლის განვითარებაც პარალელურად გააგრძელა და 1990-იან წლებში მის მანქანებში აირბალიშები უსაფრთხოების სტანდარტულ მახასიათებლებად იქცა.

8. საკულტო პარტნიორობა

ბიზნესისტორიას ბევრი წარმატებული პარტნიორობა ახსოვს, მაგრამ ფორდისა და შელბის ურთიერთობა მაინც ცალკეა აღსანიშნი, მით უფრო, როცა სტატიას Ford-ზე ვამზადებთ.

მათი ყველაზე ცნობილი თანამშრომლობის შედეგია Shelby Cobra. კეროლ შელბი ყოფილი მრბოლელი იყო, რომელიც მანქანების დიზაინერი გახდა და ფორდთან დაიწყო პარტნიორობა, რათა მაღალი ხარისხის სპორტული ავტომობილი მასთან ერთად შეექმნა. Shelby Cobra სწორედ ასეთი იყო – სისწრაფითა და გამორჩეული დიზაინით შექმნილი მანქანა.

9. ახალი რეინჯერი ყოველ ორ წუთში

სამხრეთ აფრიკაში Ford Motor Company-ს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმო, რომელიც აწარმოებს Ford Ranger მოდელებს. პიკაპის კლასში ეს მოდელი ბრენდის ფლაგმანია და პოპულარულია, როგორც აფრიკაში, ისე მთელ მსოფლიოში. სწორედ ეს ქარხანა ამარაგებს რეინჯერებით სხვა ქვეყნებს და ასევე, აღსანიშნავია, რომ აქ ყოველ 2 წუთში ერთი ახალი რეინჯერი იწარმოება.

10. Ford, ელექტრომანქანების მწარმოებელი

Ford აქტიურადაა ჩართული ელექტრომოდელების შექმნაში. მან ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა საავტომობილო ინდუსტრიაში მდგრადობისა და ინოვაციებისადმი თავისი ერთგულება.
Ford Mustang Mach-E მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტრო SUV-ია, რომელიც 2020 წლიდან გამოდის. მას სახელიც სპეციალურად შეურჩიეს, რომ გამოეხატა საკულტო მოდელი და ამავდროულად ყოფილიყო სიახლეების ინოვატორი.
2025 წლისთვის იგეგმება Mustang GTD-ს გამოშვება, რომელიც Mustang-ის ხაზის ახლებური ვარიაცია იქნება. ის აქცენტს გააკეთებს ტექნოლოგიასა და მდგრადობაზე. ავტოექსპერტები უკვე ვარაუდობენ, რომ ეს მოდელი ბრენდის ახალი ფლაგმანი გახდება. Ford-ის თქმით, GTD-ს ექნება 760 ცხენის ძალა და პოზიციონირდება, როგორც სარბოლო მანქანა.

რუბრიკა ავტოისტორიას წარმოგიდგენთ GT Motors.

თბილისში ნორვეგიული საღებავების პრემიუმბრენდის, Jotun-ის მაღაზია გაიხსნა

ვინ იქნება Young Lions Georgia 2024-ის ჟიური