გაჯეტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათგან მობილური ტელეფონების დასახელება ალბათ ცოტა სასაცილოდაც კი მოგეჩვენებათ, რადგან ის მუდამ ჩვენ გვერდითაა და დიდი ხანია გასცდა მხოლოდ საკომუნიკაციო დანიშნულებას.
უსადენო ყურსასმენები, სმარტსაათები, ბლუთუზ დინამიკები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ყოველდღიური საქმეების გამარტივებაში გვეხმარება და ჩვენს ყოფას მეტად კომფორტულს ხდის. საქმიანი ადამიანები ხშირად ვწუწუნებთ იმაზე, რომ დრო არაფრისთვის გვრჩება, რომ გვჭირდება დამხმარე მოწყობილობები, რომლებიც თუნდაც მინიმალურ დახმარებას მაინც გაგვიწევენ ან უბრალოდ, კომფორტის მოწყობაში შეგვიწყობენ ხელს, რადგან ისედაც დაღლილებს, ათასი საფიქრალით დაძაბულებს ზოგჯერ ისიც კი გვაბედნიერებს, რომ მოხერხებულად მოვუსმინოთ საყვარელ მუსიკას.
როგორც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, ახლაც ვეცადეთ, სასარგებლო სია შეგვედგინა, რომელიც გაჯეტების მოძიებას გაგიადვილებთ. ზოგიერთი ნივთი ამ სიიდან ალბათ ნაცნობია, მაგრამ ბევრი მათგანის არსებობის შესახებ შეიძლება არც იცოდით. როცა დრო ცოტაა და საქმე ბევრი, სწორად შერჩეული თანამედროვე გაჯეტები ცხოვრებას გვიადვილებს.
სიის შედგენაში „ზუმერის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინა ნადარაია დაგვეხმარა და მას უცვლელად წარმოგიდგენთ:
SSD მყარი დისკი
HDD და SSD დისკებს საოფისე ცხოვრებაში ინფორმაციის უსაფრთხოდ შესანახად იყენებენ. ისინი სხვადასხვა მოცულობით არის ხელმისაწვდომი და დაცვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, Onemodern-ის SSD, რომელზეც ინფორმაციასთან წვდომა თითის ანაბეჭდით ხდება.
ეკრანის გაზიარების მოწყობილობა
ერთი მოწყობილობიდან მეორეზე ეკრანის გაზიარება ხშირად საქმეს ძალიან სჭირდება. ამისათვის Google Chromecast 3 გამოდგება, ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად მარტივი გაჯეტი. Chromecast გვაძლევს შესაძლებლობას „დავსთრიმოთ“ მასალა ანდროიდიდან და აიფონიდან, დავინახოთ ლეპტოპის ეკრანი ტელევიზორში, ვმართოთ ტელევიზორი ჩვენი სხვა მოწყობილობებიდან.
ჭკვიანი ზარი
ჭკვიანი სახლის ვრცელ ეკოსისტემაში გამორჩეული ნივთი კარის ჭკვიანი ზარია. ჭკვიანი ზარის მეშვეობით შეგვიძლია დავინახოთ, ვინ არის კართან და სმარტფონიდან მივცეთ შემოსვლის ნებართვა.
გარე დამტენი
გარე დამტენებმა თავიანთი პრაქტიკული მნიშვნელობა დიდი ხანია დაამტკიცა. როცა ხაზზე ყოფნა გადამწყვეტია, სმარტფონის გათიშვისგან და უსიამოვნო მოულოდნელობებისგან თავი უნდა დავიზღვიოთ, ამიტომ ის საქმიანი ადამიანებისთვის აუცილებელ ატრიბუტად იქცა.
მულტიფუნქციური ჰაბი
თანამედროვე ლეპტოპებს ნაკლები პორტი აქვთ, ვიდრე ადრე და იმაზე ნაკლები, ვიდრე გვჭირდება ხოლმე. მულტიფუნქციური ჰაბის ლეპტოპში შეერთებით ბევრი შესაძლებლობა ერთბაშად ჩნდება. მაგალითად, Baseus-ის ამ ჰაბს 3 USB 3.0 პორტი, 1 USB-C, 1 HDMI, 1 VGA და 1 ეთერნეტის პორტი აქვს. სწრაფი დატენა, ფაილების სწრაფი გადატანა და რამდენიმე მოწყობილობის ლეპტოპთან დაერთება ან დატენა, პრობლემა აღარაა.
რობოტი მტვერსასრუტი
საქმიანი ადამიანებისათვის განსაკუთრებით საყვარელი ნივთი რობოტი მტვერსასრუტია. ალაგებს დამოუკიდებლად, მუშაობისას ბინის გეგმას ადგენს, მშრალი და სველი წმენდის რეჟიმები აქვს და იმაზე დიდი სიმძლავრე, ვიდრე ერთი შეხედვით, წარმოგვიდგენია.
რობოტი მტვერსასრუტები სმარტფონიდან იმართება. ასე რომ, შეგიძლიათ სახლი დაალაგოთ მაშინაც, როცა სახლში არ ხართ.
უსადენო ყურსასმენები
მაღალი სტრესის პირობებში სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ არის. თუმცა არსებობს მოწყობილობები, რომელიც ამაღლებული განწყობის შექმნაში და სხვადასხვა სირთულის ამოცანის გადაჭრაში გვეხმარება.
ერთ-ერთ მაგალითად მოგიყვანთ Sony-ს უსადენო ყურსასმენებს ხმის ჩახშობის ფუნქციით. Sony-სთვის დამახასიათებელი ხარისხი, სუფთა ხმა და რაც მთავარია, ხმის ჩახშობის ფუნქცია დაგეხმარებათ დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო და საყვარელი მუსიკის ჰანგებში გაეხვიოთ.
ჰაერის დამატენიანებელი
კონდიციონერი და ერთ ადგილას დიდი ხნით ყოფნა, ჩვენს კანზე და ჯანმრთელობაზე საუკეთესოდ არ მოქმედებს. გამოშრობას და გაძნელებულ სუნთქვას რომ თავი ავარიდოთ, სამუშაო სივრცეში ჰაერის დამატენიანებლის ქონა ცუდი იდეა არაა.
ბადსები
საქმიან ზარებთან გასამკლავებლად ბადსები აუცილებელი ატრიბუტია. ეფლის მიმდევრები AirPods-ებს, ანდროიდის მომხმარებლები კი სხვადასხვა ბრენდის ბადსებს ირჩევენ ხოლმე.
სმარტსაათი
საქართველოში უკვე Apple Pay-ც ხელმისაწვდომია და Google Pay-ც. ამიტომაც, სმარტსაათები NFC ფუნქციონალით და შესაბამისად, უკონტაქტო გადახდის შესაძლებლობით, უფრო საინტერესო გახდა.
მოკლეტექსტური შეტყობინებების წაკითხვა, ზარებზე პასუხი, ნაბიჯების თვლა და გულისცემის კონტროლი – ეს და სხვა ფუნქციები საქმიანი ადამიანების ინტერესის სფეროში შეიძლება აღმოჩნდეს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი