ბოლო 25 წლის განმავლობაში კინოში უპრეცედენტო ცვლილებები მოხდა, რამაც შეცვალა ფილმების შექმნის, გავრცელებისა და მაყურებლისგან მათი მიღების კულტურაც კი. სტრიმინგპლატფორმების აღზევებამ რევოლუცია მოახდინა ფილმებზე წვდომაში. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კი, ციფრული კინემატოგრაფიიდან და CGI-დან – ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული, გააფართოვა თხრობის საზღვრები.
გარდა ამისა, პოლიტიკამ და სოციალურმა მოძრაობებმაც მოახდინა გავლენა ინდუსტრიაზე. ამ ყველაფრის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდი კვლავ აგრძელებს დომინირებას, დიდი ბრიტანეთის კინოინდუსტრიამ ძლიერი და გამორჩეული მყოფადობა შექმნა.
2025 წელი დასასრულს უახლოვდება და მეოთხედი საუკუნის ნიშნულს ვაღწევთ, ამიტომ მოდი, გადავხედოთ XXI საუკუნის საუკეთესო ბრიტანულ ფილმებს.
Rocks (2019)

ეს არის დრამა, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონის გაჭირვებულ უბანში მცხოვრები ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას, როქსის შესახებ მოგვითხრობს. მას შემდეგ, რაც მარტოხელა დედა მიატოვებს, ის იძულებულია, თავად იზრუნოს საკუთარ თავზე, იზრუნოს თავის უმცროს ძმაზე და თავიდან აიცილოს სოციალური სამსახურების ზეწოლა.
ეს ფილმი ემოციების გარეშე ნამდვილად ვერ დაგტოვებთ, რასაც სცენართან ერთად მსახიობების შესრულებაც ამძაფრებს. Rotten Tomatoes-ზე მან 97% დააგროვა და უამრავი ჯილდო დაიმსახურა, რის შედეგადაც ბაკი ბაკრეიმ BAFTA-ს ამომავალი ვარსკვლავის აღიარება მოიპოვა, რაც მას 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად აქცევს.
28 Days Later (2002)

კილიან მერფი თამაშობს ველოსიპედისტი კურიერის როლს, რომელიც კომიდან გამოღვიძების შემდეგ აღმოაჩენს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ზომბების შეტევაა. მთლიანობაში, ფილმი საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება, რომელიც სავსეა ემოციური სიღრმით. სტაგნაციური ზომბების ქვეჟანრის ხელახლა გამოცოცხლებით, ფილმი მოულოდნელი წარმატება იყო, რომელმაც მოკრძალებული 8 მილიონი დოლარის ბიუჯეტით 82.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მას შემდეგ 2 გაგრძელება შეიქმნა.
Saltburn (2023)

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფილმია, რომელიც მოგვითხრობს ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტზე. მას უყვარდება პოპულარული, არისტოკრატი თანაკურსელი, რომელიც მოგვიანებით, ზაფხულის გასატარებლად თავის ექსცენტრიულ ოჯახში იწვევს.
მოულოდნელი შემობრუნებებითა და სიურპრიზებით სავსე Saltburn თანამედროვე გოთური თრილერია, რომელიც შავი კომედიის ელფერს ატარებს.მისმა ქარიზმატულმა მსახიობებმა და ულამაზესმა კინემატოგრაფიულმა ნამუშევარმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
Dunkirk (2017)

მეორე მსოფლიო ომის დროს „დუნკერკის“ ევაკუაციის ამსახველი ფილმი ვიზუალური თხრობის მასტერკლასია. რეჟისორი კრისტოფერ ნოლანია, რომელიც მინიმალური დიალოგებით ქმნის უზარმაზარ დაძაბულობის შეგრძნებას. ამას ემატება ჰანს ზიმერის პულსირებადი და დაძაბულობით სავსე მუსიკა.
Bend It Like Beckham (2003)

სახალისო ბრიტანული სპორტული კომედიაა. ის ფოკუსირებულია მეგობრებზე, რომლებიც, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, პროფესიული საფეხბურთო კარიერისკენ მიისწრაფვიან. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მარტივი საყურებელი რომანტიკული კომედიაა, ის ასევე რასიზმის, ქალთა გაძლიერების, კულტურული იდენტობის, სიყვარულისა და ერთგულების თემებს განიხილავს.
მოკრძალებული ბიუჯეტით, დაახლოებით 5.6 მილიონი დოლარით გადაღებული ფილმი სალაროებში ჰიტად იქცა, 76.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და შთამბეჭდავი 85% დააგროვა Rotten Tomatoes-ზე.
Paddington 2 (2017)

პედინგტონის დათვი საყვარელი საბავშვო პერსონაჟია მაიკლ ბონდის 1958 წლის წიგნში „დათვი, სახელად პედინგტონი“. ბევრს არ ეგონა, რომ ფილმის ადაპტაცია ასეთი ბრწყინვალე იქნებოდა.
ეს არ არის უბრალოდ საბავშვო ფილმი, ის ყველა ასაკს ერგება. მისმა მეორე ნაწილმა კი მოახერხა და პირველს აჯობა. ის გახდა ყველაზე მეტი შეფასებით დაჯილდოებული ფილმი Rotten Tomatoes-ზე, რომლის რეიტინგიც 100%-ს შეადგენდა.
Shaun of the Dead (2004)

ეს ფილმი მოგვითხრობს ორი ბრიტანელი უბრალო ადამიანის ცხოვრებას, რომლებსაც საიმონ პეგი და ნიკ ფროსტი თამაშობენ და რომლებიც ზომბების ეპიდემიის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. კინოსურათი დატვირთულია სისხლიანი სცენებით, ჭკვიანური ხუმრობებით, ციტატებითა და მოქმედებითი სცენებით, რასაც ბოლო აკორდად ბრიტანული მშრალი იუმორიც ემატება.
Casino Royale (2006)

ეჭვგარეშეა, რომ ჯეიმს ბონდი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მძაფრსიუჟეტიანი გმირია. ელეგანტურ ბრიტანელ სუპერ ჯაშუშს 27 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის როლს ლეგენდარული მსახიობები ასრულებენ, მათ შორის შონ კონერი, როჯერ მური, ტიმოთი დალტონი და პირს ბროსნანი. მიუხედავად იმისა, რომ ბროსნანის 1995 წლის „ოქროს თვალი“ ბონდის საუკეთესო ფილმად ითვლება, „კაზინო როიალმა“ ყველაფერი შეცვალა.
მან საყოველთაო აღიარება დაიმსახურა, Rotten Tomatoes-ზე თითქმის იდეალური მაჩვენებელი, 97% დააგროვა და დღემდე ამ ფრენჩაიზის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად მიიჩნევა.
In Bruges (2008)

ორ გამოცდილ მკვლელს ბრიუგეში აგზავნიან დავალებით, რომლის მიღმაც, როგორც შემდეგ ირკვევა, ბევრი საიდუმლო იმალება. In Bruges ერთ-ერთი იმ იშვიათ ფილმთაგანია, რომელიც თითქმის ყველა ადამიანურ ემოციას აღწერს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ფილმი ოსტატურად აერთიანებს თითოეულ ამ ტონს, რათა შექმნას თანმიმდევრული და შეკრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ჭკვიანურად არის გაწერილი, კარგად დადგმული რეჟისურა აქვს და დიდებულადაა შესრულებული.
Slumdog Millionaire (2008)

დენი ბოილის ეს ფილმი მუმბაის ღარიბულ უბნებში მცხოვრები მოზარდის ისტორიას გვიყვება, რომელიც ყველას აოცებს. როდესაც პოლიციის მიერ თაღლითობის გამო ეჭვმიტანილი მონაწილეობს ცნობილ ტელეშოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?”, ყოველი კითხვის დასმისას მთავარი გმირი თავისი ცხოვრების ერთ ეპიზოდს იხსენებს.
ნამუშევარმა 2009 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე 8 გამარჯვება მოიპოვა.
შეიძლება მკითხველს ახსენდება სხვა ფილმებიც, რომლებიც მის პირად სიაშია, თუმცა ასე გამოიყურება საუკეთესო ბრიტანული ათეული კინორეიტინგების მიხედვით.











