in

„შენშია ყველა ფერი“ — პროექტი, რომელიც მოზარდებს პროფესიული არჩევანის წნეხისგან ათავისუფლებს

პროფესიის არჩევისას ხშირად აწყდებიან მოზარდები ერთგვარ ჩარჩოებს — თითქოს ვალდებულები არიან, ე. წ. „პრესტიჟული მიმართულებები“ აირჩიონ… ეს კი, რა თქმა უნდა, ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია, თუნდაც იმიტომ, რომ ის, რაც ვიღაცისთვის საინტერესოა, მეორე პიროვნებისთვის სრულიად უინტერესო მოცემულობას წარმოადგენს. მით უმეტეს, დღევანდელ სამყაროში გამუდმებით ახალ-ახალ პროფესიებს ეყრება საფუძველი და ჩვენი უნარების გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია.

სწორედ ამ იდეას ემსახურება სარკე ჯგუფის ახალი პროექტი 10 talk თემაზე: „შენშია ყველა ფერი“. ამ კონკრეტულ პროექტს მე-10 აუდიტორია წარმოგვიდგენს — არაფორმალური განათლების პლატფორმა, სივრცე სალექციო კურსების, ვორკშოპებისა და სემინარებისთვის. სწორედ ამ სივრცეში გაჩნდა „მულტისტეკ სკოლის“ იდეა, რომლის ორგანიზებითაც ხორციელდება აღნიშნული პროექტი.

„გონებას არ ადევს კონკრეტული ერთი მიმართულებით მზერის ლიმიტი, როდესაც რაიმე საგანს უყურებ, ამ საგანზე უნდა ფოკუსირდე, მაგრამ სწორედ პერიფერიული ფართო მზერა გაძლევს უამრავ საჭირო ინფორმაციას ამ საგნის რეალურად აღქმისთვის. „შენშია ყველა ფერი” გულისხმობს პოტენციას, თავად განსაზღვრო მიმართულება, აღმოაჩინო და აკეთო ის, რაც გიყვარს, იყო ფერთა პალიტრაზე უნიკალური ანაბეჭდი საკუთარი გზის კვლევისას“, — აცხადებს სარკე ჯგუფი.

შეხვედრების სერიას 25 სპიკერი ჩაატარებს და ისინი 11-დან 16 წლამდე მოზარდებს საკუთარ მულტისტეკურ გამოცდილებაზე უამბობენ — იმაზე, თუ როგორ გამოიყენეს ცოდნა და უნარები საკუთარი უნიკალური პიროვნებისა და კარიერის შექმნაში. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი საუბრები იმ ფაქტის პრევენციას ემსახურება, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან მათთვის ცნობილი ვიწრო არჩევანიდან ფოკუსირდებიან პროფესიებზე. მათ არ ეძლევათ არჩევანის მრავალფეროვნება და თვითგამორკვევისთვის სივრცეები.

„შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, სადაც პროფესია ხდება შაბლონი და არა საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია პიროვნებად ფორმირების გზაზე მოზარდმა იცოდეს, რომ პოტენციალი შეიძლება გამოვლინდეს და რეალიზდეს დიდი მრავალფეროვნებით და ეს არჩევანი გააკეთოს მისთვის საინტერესო არა ერთ, არამედ რამდენიმე სფეროში. ასე მივიღებთ თავისუფალ, ბედნიერ და ბევრ დისციპლინაში განვითარებულ ადამიანს“. 

ორგანიზატორთა თქმით, იდეა, რომ შენ მრავალი პროფესიის ნაზავი ხარ, გარკვეულწილად გათავისუფლებს კონკურენციისგან, რომ იყო საუკეთესო. „თავისუფლდები, რაც საშუალებას გაძლევს, განვითარდე  და სწორედ საკუთარი მრავალფეროვნებით ხდები, არა საუკეთესო არამედ უნიკალური. სწორედ ამ დეფინიციის გარშემო გაერთიანდა მე-10 აუდიტორიის გუნდი და მოწვეული სპიკერები, რომლებიც ერთობლივი ძალებით მოზარდებს ახალ, განსხვავებულ და საინტერესო პროექტს სთავაზობს“. 

შეხვედრები გაიმართება ბეთლემის 10-ში არსებულ მულტისტეკურ სივრცეში, კონკრეტულად კი მე-10 აუდიტორიაში. შეხვედრების ფორმატი შერეული იქნება, როგორც ვორქშოპების, ასევე სალექციო და სასემინარო დიზაინით. ბავშვები იქნებიან ჩართული დისკუსიებში, სააზროვნო პროცესებში.

საგულისხმოა, რომ 10 talk-ის სპიკერები ერთი საერთო ნიშნით გამოირჩევიან — მათი კარიერა და პიროვნებები მრავალი ინტერესისა და პროფესიული უნარის სინთეზს წარმოადგენს. მოწვეულ სპიკერებს შორის არიან დეა ყოლბაია, ანდრო დგებუაძე, დავით გორგილაძე, ლუკა ნაჭყებია და სხვა.

რა გავითვალისწინოთ, კონტენტ მარკეტინგის დაწყებამდე?

დაიფინანსე სწავლა გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში