ეკრანთან გატარებული დრო რომ საზიანოა ბავშვებისთვის, ეს კარგად ვიცით, სწორედ ამიტომ, დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სათამაშოები, რომელთაც ბავშვების ყურადღების მიპყრობა და თვალების ეკრანიდან საინტერესო ობიექტებზე გადატანა შეუძლია. ისეთების, რომლებიც ერთდროულად შემოქმედებითიცაა, საგანმანათლებლოც და მოწინავე ტექნოლოგიებსაც აერთიანებს.
ალფა თაობის საჭიროებების გააზრებაც უმნიშვნელოვანესი საკითხია, ძლიერი დიზაინის შესაქმნელად ბაზრის კარგად კვლევა და ბავშვების ფსიქოლოგიის ცოდნაც საჭიროა იმ ტრენდებთან ერთად, რომლებსაც რევოლუციურ სათამაშო ინდუსტრიაში ვაწყდებით:
1. აუგმენტური რეალობა
ტენდენციებს თამაშში ციფრული ელემენტების ჩართვისკენ მივყავართ, რაც იმერსიულ და ინტერაქციულ გამოცდილებას ვირტუალური და ფიზიკური სამყაროების შერწყმით ქმნის. ეს ინოვაციური სათამაშოები სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენებით ინტერაქციულ გრაფიკას, ანიმაციებსა და ინფორმაციებს რეალურ სამყაროში გვთავაზობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამაშის ტრადიციულ გზებს მეტად დინამიკურ თავგადასავლად აქცევს, რაც შემოქმედებითობასაც აძლიერებს და ნებისმიერი ასაკის ბავშვს ახალი, ამაღელვებელი გზით სწავლას სთავაზობს.
ერთ-ერთი ასეთია AR ჩაფხუტი ბავშვებისთვის, რომელიც მათ ციფრულად ხატვის შესაძლებლობას აძლევს:
2. ეკომეგობრული სათამაშოები
ტრადიციული პლასტმასა განახლებადი რესურსებით ნაცვლდება, იქნება ეს მდგრადი მოპოვების შედეგად მიღებული ხე, ბამბუკი თუ ინოვაციური ბიოპლასტმასა. ამასთან, მდგრადი დიზაინის პრინციპებსაც ეფუძნება, იქმნება გამძლე ან მარტივად შესაკეთებელი სათამაშოები, რომლებიც ადვილად გადამუშავდება ან სხვა მიზნისთვის გამოიყენება.
Debris კი ზღვიდან მოპოვებული პლასტმასისგანაა დამზადებული და ბავშვებს კოშკის აგებას სთავაზობს:
3. STEM და საგანმანათლებლო თამაშები
მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და მათემატიკით შთაგონებული სათამაშოები რევოლუციას გვთავაზობს იმ გზებში, რომლითაც ბავშვები სწავლობენ. კვლევისა და აღმოჩენებისკენ უბიძგებს მათ, რითაც პრობლემების გადაჭრის უნარსა და კრიტიკულ აზროვნებასაც აუმჯობესებს. JMBricklayer-ის Steampunk Marble Run ერთ-ერთი მათგანია:
4. ტექნოლოგიებით გაძლიერებული სათამაშოები
ტექნოლოგიები ახალი თაობის კომპანიონად გვევლინება, AI-ით აღჭურვილი სათამაშოები პერსონალიზებულ ინტერაქციებს სთავაზობს მათ, ბავშვის სწავლის სტილს ერგება და კარგ უკუკავშირსაც აწვდის მათ. დისტანციურად მართვადი გაჯეტები კი კვლევისკენ უბიძგებთ. ასე ინტერაქციულ გამოცდილებას იღებენ, მათი უნარებიც უმჯობესდება და არც ტექნოლოგიების პოტენციალის დანახვა უჭირთ სამყაროში. მაგალითად musicBOT შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც ბავშვებს ინტერაქციულ მუსიკალურ გამოცდილებას ჰპირდება:
5. გათანამედროვებული კლასიკური თამაშები
ახალი თაობის მოსახიბლად კლასიკური თამაშების გათანამედროვებაც გადაწყვიტეს, რაშიც მდგრადი მასალების გამოყენებაც შეგვიძლია, მოვიაზროთ და არსებულის AR-ით გაძლიერებაც. ასე, კლასიკა ეკრანის უკეთეს ალტერნატივად აქციეს, რაშიც Taras Yoom-ის Another Kingdom: Light Stage-ის ჭადრაკის დაფაც დაგარწმუნებთ:
6. კოლექციის სათამაშოები
ონლაინ შოპინგისა და სოციალური მედიის განვითარებამ კიდევ უფრო გააუმჯობესა კოლექციონერების სათამაშოების ბაზარი, დინამიკურ ეკოსისტემად აქცია, სადაც ენთუზიასტები ერთმანეთს უკავშირდებიან, ყიდულობენ ან ყიდიან და უზიარებენ საერთო ინტერესებს. ქვემოთ ერთ-ერთ ასეთ ნივთს, Not Wheels-ის სედანს გაჩვენებთ:
7. 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებული სათამაშოები
თამაშის კონცეფციის რევოლუციას გვთავაზობს და ბავშვებს უბიძგებს, დიზაინერებად და კრეატორებად ჩამოყალიბდნენ, გააცოცხლონ თავიანთი შემოქმედებითი სამყაროები, რითაც მათი კრეატიულობაც ძლიერდება, პრობლემების გადაჭრის უნარებიც და, ამასობაში, დიზაინის პრინციპებსაც ეუფლებიან. ერთ-ერთი ასეთია Dr. Operator, 3D ტრანსფორმერებს გვთავაზობს, რომელთა დაბეჭდვა ჩვეულებრივ შეიძლება:
8. პერსონაჟების სათამაშოები
სატელევიზიო შოუების, კინოებისა თუ ვიდეოთამაშების პერსონაჟები აქტუალურობას არ კარგავს, წარმოსახვით თამაშებს გვთავაზობს და სთორითელინგის უნარებსაც აუმჯობესებს. დღეს კი ამ გამოცდილებას AR და VR ტექნოლოგიები ემატება, რითაც ბავშვებს საყვარელი პერსონაჟების ახლებური გზებით აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს, მათ შორისაა ლეგოს ნაკრები:
9. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნით შექმნილი სათამაშოები
ტოპ ტრენდებს შორის ისეთ სათამაშოებსაც ვხვდებით, რომელთა მიზანიც ბავშვთა ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, იქნება ეს ინტერაქციული ფიტნესსათამაშოები თუ მედიტაციის ნაკრები. ასე, ჯანსაღი ჩვევების სახალისო გზით დაუფლებას სთავაზობენ ბავშვებს. Singing Bottle წამლების კონტეინერია 6-დან 10-წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც მათ პატარა ბარათების სახით გზავნილებს აწვდის, თუ რატომ უნდა დალიონ წამლები სტრესის გარეშე:
10. ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მიზნით შექმნილი სათამაშოები
დაბოლოს, ბაზარზე ისეთ სათამაშოებს ვხვდებით, რომლებიც მრავალფეროვან კულტურას, უნარებსა და იდენტობებს ასახავს, რათა ასე ემპათია და მიმღებლობა გააძლიეროს. მათ შორისაა განსხვავებული კანის ფერის, სპეციალური საჭიროებისა თუ შესაძლებლობების მქონე თოჯინები. ამ გზით ბავშვებს ადამიანთა მრავალფეროვან სამყაროს აცნობენ, თანაგრძნობას უჩენენ და მათ სოციალურ თუ ემოციურ განვითარებასაც უზრუნველყოფენ. ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მიზნით შექმნილ სათამაშოებს შორის LEGO Braille Bricks ვხვდებით: