როგორც ექსპერტები ამბობენ, 2024 წელს ფერები იმაზე პერსონალური გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შესაბამისად, ინდივიდებსაც მეტად მისცემს თვითგამოხატვის საშუალებას… ჩათვალეთ, რომ კონკრეტული წესები არ არსებობს და აქ ყველაფერი პირად გრძნობებსა და კონკრეტულ მომენტებს ეხება. თუმცა 2024 წელს ტრენდული მეტად მშვიდი გარემოს შექმნაა, რომელიც ცხოვრების სწრაფი ტემპისგან დასვენების საშუალებას მოგვცემს.
სანამ კონკრეტულ ფერებზე გადავალთ, ჯერ გეტყვით, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ფერების შერჩევისას — დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას, არსებული ავეჯის ფერებსა და განწყობას, რომლის შექმნაც კონკრეტულ სივრცეში გსურთ. ღია ტონები, როგორც წესი, მეტად ნათელ სივრცეს ქმნის, როცა მუქი ტონები მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში გეხმარებათ. აქ არც ფერების ფსიქოლოგია უნდა დაივიწყოთ და განიხილოთ, როგორ ზემოქმედებს თითოეული ადამიანის განწყობებსა თუ ქმედებებზე.
ახლა კი 2024 წლის ტრენდულ ფერებზე გადავინაცვლოთ:
1. Cool Blue
ლურჯი პოპულარობას კვლავ ინარჩუნებს, რადგან ბუნებრივ კავშირს გვთავაზობს ლურჯ ცასა და მშვიდ წყლებს შორის. თანამედროვე სახლებშიც ხშირად გვხვდება და მისი გამოყენების უპირატესობა ის არის, რომ ღია ტონები ნათელ სივრცეს ქმნის, რომელიც ოთახში არსებულ დეკორაციებს უსვამს ხაზს.
2. Versatile Purple
იასამნისფერი, როგორც მოდაში, ისე ინტერიერში, კვლავ უკავშირდება სიმდიდრესა და სამეფო ოჯახის ფუფუნებას, ახლა კი თანამედროვე ესთეტიკას ერწყმის… მოკლედ რომ ვთქვათ, მშვიდი და მდიდრული ფერია.
3. Peach Fuzz
იმის გამო, რომ Pantone-მა წელს მთავარ ფერად 13-1023 Peach Fuzz დაასახელა, იგი ყველგან გვხვდება და თბილ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც, თავის მხრივ, კომფორტულობასა და კავშირზე მიგვითითებს. შესაბამისად, მის გამოყენებას სახლის ნებისმიერ სივრცეში გვირჩევენ.
4. Earthy Greens
ინტერიერის დიზაინში მწვანე ფერის განსხვავებული ტონები მუდამ ინარჩუნებს პოპულარობას. ასე თბილი გარემო იქმნება… ხოლო ის ტონი, რომელსაც სურათზე ხედავთ ნათელი, მკაფიო და მდიდრული განწყობებითაა გაჯერებული, რითაც სივრცეს უფრო მეტ სიღრმეს მატებს.
5. Warm Neutrals
ნეიტრალური ფერები ყოველთვის აქტუალურია, თუმცა წელს განსაკუთრებული ყურადღება შეგიძლიათ კრემისფერზე გაამახვილოთ, იქნება ეს ავეჯი, ჭერი, კედლები თუ სხვა რამ, იგი კომფორტული და თბილი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ, რომელიც მრავალ სტილს ესადაგება.
6. Tone-on-tone Color
აქ ერთი სპექტრის სხვადასხვა ტონი მოიაზრება, რომლებიც საბოლოოდ ჰარმონიულ ფერთა პალიტრას გვთავაზობს. საკმაოდ დახვეწილიცაა და თუ მონოქრომულობას გინდათ, თავი აარიდოთ, მაშინ ფერები ინტერიერში ავეჯითა და დეკორატიული ნივთებით დაამატეთ.
7. Black
შავი კი ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ფერია, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ იგი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა სივრცეებისთვის, რადგან დეკორის ნებისმიერ სტილს მარტივად ესადაგება.
8. Soft Pinks
ვარდისფერი ახლა უფრო თანამედროვე ტონით გამოიყენება, რითაც მეტად საინტერესო ატმოსფეროს ქმნის. გვეუბნებიან, რომ დაბალი განათების მქონე პატარა ოთახებისთვის იდეალური არჩევანი იქნება, მშვიდ ატმოსფეროს შექმნის, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის სხვა ფერებს.
9. Rich Brown
თქვენი დიზაინის ნარატივს მეტ სიღრმეს შემატებს, მდიდრულია, თანამედროვე და ტრადიციული ინტერიერის იდეალურ შერწყმას გვთავაზობს, რითაც სივრცეებს მყუდრო ადგილებადაც აქცევს.
10. Soft Terracotta
დაბოლოს, ეს განსაკუთრებული ფერია სამყოფი ოთახებისა და სამზარეულოებისთვის, რომელიც თეთრისა და კრემისფერის ალტერნატივად შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ასე სივრცეს სიმყუდროვესა და ენერგიას ერთდროულად შემატებთ.