in

10 ვებსაიტი, რომელიც საქმიან ადამიანებს ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ

როცა ყოველდღიურობა სავსეა დავალებებით, საქმეებით, დედლაინებითა და შესასრულებელი გეგმების სიით, ჩვენი ქვეცნობიერი მუდმივად ეძებს გზას, რითაც ცხოვრებას სულ ოდნავ მაინც გაიმარტივებს. ინტერნეტი ის ადგილია, რომელიც სავსეა საინტერესო ხელსაწყოებით. აქ შეგიძლია იპოვო უამრავი სუპერ სასარგებლო ვებსაიტი, რომელიც გაზრდის შენს პროდუქტიულობას, დაგეხმარება ახალი საგნების სწავლაში, საქმეების გამარტივებაში, გაძლევს საშუალებას, მიაღწიო მიზნებს ან უბრალოდ კონცენტრირებაში გიწყობს ხელს.

ასეთ ვებსაიტი ბევრია, თუმცა დღევანდელი სტატიისთვის სხვადასხვა კატეგორიის ათეული მოგიმზადეთ. ვფიქრობთ, ეს ის ხელსაწყოებია, რომლებიც თუ აქამდე არ იცოდით, ამიერიდან თქვენი სანიშნეების სიაში მოხვდება.

imageresizer.com

ფოტოების მარტივი დამუშავებისთვის არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ფოტოშოპის ცოდნა. მაგალითად, თუ ხართ საიტის ადმინისტრატორი, რომელიც კონკრეტული რეზოლუციის ფოტოებს ითხოვს, imageresizer.com დაგეხმარებათ, ის სასურველ ზომაზე დააყენოთ. 

Toggl track

თუ ერთდროულად ბევრ პროექტზე მუშაობთ და დრო თქვენთვის ძალზე ძვირფასია, მაშინ ყველაფრის მოსწრება, ყველაფრის დამახსოვრება საკმაოდ რთული ამოცანაა. Toggl track არის პლატფორმა, რომელიც გეხმარებათ, გაწეროთ შესასრულებელი ამოცანები დღეებისა და საათების მიხედვით. მისი დახმარებით, გაზომავთ დროს, რომელსაც ხარჯავთ სხვადასხვა აქტივობაზე. ის ინტეგრირდება ათობით პროექტების მართვის სისტემასთან, ასე რომ, შეგიძლიათ ავტომატურად გაზომოთ პროდუქტიულობა თქვენს საყვარელ პლატფორმებზე და იყოთ კონცენტრირებული მნიშვნელოვან სამუშაოზე.

reviewmeta.com

ამაზონიდან ნივთებს ბევრი ჩვენგანი იწერს, თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ყოველთვის არაა მარტივი, დარწმუნებული იყო იმ პროდუქტში, რომელიც თვალით არ გინახავს. მიმოხილვების შემოწმება ამ დროს იდეალური ვარიანტია, თუმცა გადამოწმება იმასაც სჭირდება, ეს მიმოხილვები რამდენად რეალურია. ReviewMeta-ს შეგიძლიათ შეაფასებინოთ, თუ რამდენად „რეალურია“ მიმოხილვები თითოეული პროდუქტისთვის.

ShortlyAI

ShortlyAI არის AI წერის შესანიშნავი ინსტრუმენტი ორიგინალური შინაარსის ავტომატურად შესაქმნელად. მაგალითად, თუ არ გყოფნით დრო მეილის დასაწერად, ShortlyAI ასისტენტობას გაგიწევთ. თქვენ გევალებათ მხოლოდ საკვანძო სიტყვების შეთავაზება, თუ რაზე გსურთ ტექსტის აწყობა, დანარჩენზე ინსტრუმენტი იზრუნებს.

Pixabay

Pixabay გახლავთ პლატფორმა, რომელზეც შეიძლება მიიღოთ მილიონობით ფოტო, ილუსტრაცია, გრაფიკა უფასოდ. თუ აწარმოებთ ბლოგს, ან რაიმე სხვა ტიპის კონტენტს ქმნით და გჭირდებათ კარგი ხარისხის ვიზუალური მასალა, სადაც მრავალფეროვანი არჩევანია, მაშინ ეს საიტი თქვენთვისაა.

Snopes

გადაუმოწმებელი ინფორმაცია დღევანდელი თანამედროვე სამყაროს ხშირი პრობლემაა. დროის სიმცირის გამო ზოგჯერ უბრალოდ არ ვამოწმებთ და ერთ წყაროზე დაყრდნობით ვავრცელებთ ამა თუ იმ ინფორმაციას, რასაც ხშირად უხერხულობამდე მივყავართ. Snopes არის ვებსაიტი, რომელიც გეტყვით, რამდენად მართალია ესა თუ ის სიახლე, რომელიც ონლაინ სივრცეში იდება. 

1Password

პაროლების დამახსოვრება არც ისე იოლი საქმეა. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ისინი არ უნდა იყოს მარტივი და ასევე, სხვადასხვა პლატფორმაზე არ უნდა გამოვიყენოთ ერთი და იგივე პაროლი. ვერც მაინცდამაინც ბლოკნოტში ჩაწერას გირჩევთ, რადგან შეიძლება ის შემთხვევით სხვა ადამიანის ხელში აღმოჩნდეს. 1Password არის პლატფორმა, რომელზეც დარეგისტრირების შემდეგ შეძლებთ თქვენი პაროლების შენახვას. ეს არის დაშიფრული მონაცემთა ბაზა, რომელიც ზოგავს თქვენს დროს და ერთ ადგილას ათავსებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ერთადერთი, რაც აქ უნდა დაიმახსოვროთ, თავად 1Password-ის ანგარიშზე შესასვლელი პაროლია.

The Lonely Planet Shop

დაკავებული ადამიანები ხშირად განა იმიტომ ვერ ახერხებენ სამოგზაუროდ წასვლას, რომ არ შეუძლიათ დროის გამონახვა შვებულებისთვის, არამედ იმიტომ, რომ შვებულების დასაგეგმად არ სცალიათ. The Lonely Planet Shop არის ვებგვერდი, რომელიც ძალიან დიდი სახელმძღვანელოა მოგზაურებისთვის. ის ინფორმაციას გაწვდით სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, რა უნდა მოინახულოთ ამა თუ იმ ადგილზე, რაზე გეყოფათ ბიუჯეტი და ასევე გთავაზობთ იმ ნივთების სიას, რომლებიც შეიძლება მოგზაურობისას დაგჭირდეთ.

spellchecker.ge

spellchecker.ge ქართული პლატფორმაა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ასწორებს თქვენს ტექსტებს. თუ გამოგრჩათ ან ზედმეტი ასოები დაწერეთ რომელიმე სიტყვაში, ან გრამატიკული შეცდომა გაგეპარათ, გასაჯაროებამდე ჩააგდეთ ტექსტი ამ პლატფორმაზე და ის გააწითლებს ყველა შეცდომას, რაც „თვალში” მოხვდება. 

tinywow

ბოლოსთვის გემრიელი ლუკმა შემოვინახეთ, რომელიც არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე ხელსაწყოს აერთიანებს. ამ ვებსაიტზე შეძლებთ, ვორდის დოკუმენტები გადაიყვანოთ პდფ ფორმატში, ვიდეო აქციოთ გიფად, დააპატარაოთ ვიდეოს ან ფოტოს მოცულობა, შეუცვალოთ ფორმატები სხვადასხვა ფაილს. ერთი სიტყვით, ეს არის ნაკრები, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაიმარტივოთ ყოველდღიური სამუშაო პროცესები.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ჯიფსი მხოლოდ არქელებისთვის

იცი, რა უნდა გადააფასო?