in

10 წიგნი, რომელიც ყველა მარკეტერმა უნდა წაიკითხოს — უჩა ურუშაძის რჩევები

თუ 2023 წლისთვის წასაკითხი წიგნების სია ჯერ არ შეგიდგენიათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: უჩა ურუშაძე, ბრენდებისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგი, ყველა მარკეტერს, ბრენდისა თუ რეკლამის სპეციალისტს შემდეგი 10 წიგნის წაკითხვას ურჩევს.

უჩას ჩამონათვალს შესაბამისი აღწერებიც დავურთეთ და შეგიძლიათ, კითხვის დასრულების შემდეგ თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესოც შეარჩიოთ:

1. John Grant — The Brand Innovation Manifesto

მწერალ მაიკლ ვოლფის შეფასებით, ეს წიგნი მარტივი, მაგრამ სიღრმისეული შეხედულებებით არის სავსე. თუ ნებას მისცემთ, გააქრობს იმას, რაც უკვე იცით და თქვენს გონებას განახლებული აზრებისთვის ბრენდების, სურვილებისა და იმპულსების შესახებ სივრცესაც დაუტოვებს. The Brand Innovation Manifesto-ში ბრენდების ბუნება ხელახლა არის განსაზღვრული, ნაჩვენებია, რატომ აღარ მუშაობს ძველი მოდელები და წარმატების საიდუმლოდ ადამიანების ცხოვრების წესზე გავლენის ქონა მოიაზრება. პრაქტიკულ მიდგომასაც გთავაზობთ, რათა განავითაროთ ახალი ბრენდის იდეები ან ახალი იდეები არსებული ბრენდებისთვის.

2. Margaret Mark & Carol S. Pearson — The Hero and the Outlaw

ამ წიგნში Nike-ის, Marlboro-ს, Ivory-ისა და სხვა ძლიერი ბრენდების გამოცდილებიდან მიღებული კვლევების გამოყენებით, ავტორები აჩვენებენ, რომ ყველაზე წარმატებული ბრენდები ისინია, რომლებიც არქეტიპებს ყველაზე ეფექტურად პასუხობს. წიგნში მოცემულია ინსტრუმენტები და სტრატეგიები, რომლებიც ნებისმიერი კომპანიისა თუ ბრენდისთვის შესაფერისი და ეფექტური არქეტიპების დადგენაში დაგეხმარებათ. ავტორი იმასაც კი გეტყვით,  როგორ უნდა გამოიყენოთ არქეტიპის ძალა, რათა კორპორატიული სტრატეგია კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად გამოიყენოთ.

3. Pete Barry — The Advertising Concept Book

ეს წიგნი კონცეფციებზეა, გეტყვით, თუ როგორ უნდა აქციოთ რეკლამა განსაკუთრებულად და რომ დიდებული იდეები სამუდამოდ გრძელდება. აგებულია ისე, რომ მოგვაწოდოს რეკლამის სრული კურსი, ასევე სწრაფი მინიშნებები კონკრეტულ საკითხებზე, დაწყებული ე. წ. ქოფის დაწერისა და შემოქმედებითი პროცესის შესწავლით, დამთავრებული, თუ როგორ მუშაობს სააგენტოები და როგორ გამოიყენება განსხვავებული სტრატეგიები ყველა ტიპის მედიაში.

4. Debbie Millman — Brand Thinking and Other Noble Pursuits

დები მილმენის წიგნი თანამედროვე ბრენდინგზე მიმზიდველ შეხედულებას გვთავაზობს, გვიყვება, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებსა და მომხმარებლებს საუკეთესოდ გაიგონ, რატომ ვქმნით ბრენდებს ან რატომ ვიღებთ ყიდვის გადაწყვეტილებას. მილმენი ნათელ, წინასწარმეტყველ პასუხებს 22 ინტერვიუდან იღებს, მათ შორისაა მალკოლმ გლადველის, ტომ პიტერსის, სეთ გოდინისა და უოლი ოლინსის ინტერვიუები.

5. Thom Braun — The Philosophy of Branding

ავტორს მსოფლიოს უდიდესი დასავლელი მოაზროვნეების გონებაში მივყავართ, რათა გაგვიზიაროს, დღეს რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, რას იტყოდნენ ბრენდინგზე. ფილოსოფოსებს შორისაა ჰერაკლიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, დეკარტი, სპინოზა, ლაიბნიცი, ლოკი,რუსო, კანტი, ჰეგელი, ნიცშე, ვიტგენშტაინი და პოპერი.

6. Daniel Chandler — Semiotics

აქ სემიოტიკის ძირითადი ცნებები მარტივი ენით არის გადმოცემული. მკაფიოდ აჩვენებს კომპლექსურ და უაღრესად ინტერდისციპლინარულ სფეროს, ძირითადი კითხვები კი შემდეგია: რა არის ნიშნები და კოდები? რას გვასწავლის სემიოტიკა რეპრეზენტაციისა და რეალობის შესახებ? რა ინსტრუმენტებს გვთავაზობს ტექსტებისა და კულტურული პრაქტიკის გასაანალიზებლად?

7. Marjorie Shostak — Nisa

ამ წიგნში ნისას ცხოვრების ისტორიაა მოთხრობილი. იგი სამხრეთ აფრიკის კალაჰარის უდაბნოს მონადირე-შემგროვებელთა კუნგის ტომის წევრია. მისი დახმარებით კი, ავტორი ენისა და კულტურის უკიდეგანო ბარიერებს არღვევს.

8. Martin Buber — Ich und Du

მარტინ ბუბერი წარმოადგენს პერსონალური დიალოგის ფილოსოფიას, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ შეუძლია პიროვნულ დიალოგს რეალობის ბუნების განსაზღვრა. ავტორი ადამიანის არსებობას იმ გზით განსაზღვრავს, რომლითაც ჩვენ ერთმანეთთან, სამყაროსთან და ღმერთთან დიალოგს ვაწარმოებთ. ადამიანებმა შეიძლება დაიმკვიდრონ ორი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ: მე-შენ ან მე-ის. პირველი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობაზე საუბრობს, მეორე კი განცალკევებულზე.

9. Michel Houellebecq — Plateforme

სიუჟეტი გამოგონილი პერსონაჟის, მიშელ რენოს შესახებაა, პარიზელი საჯარო მოხელე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ტაილანდში ეგზოტიკური სიამოვნებისთვის მიდის, თუმცა ვალერის გაიცნობს და შეუყვარდება… რომანში თანამედროვე ევროპაა აღწერილი, საუბარია ადამიანის მარტოობაზე, კულტურის კომერციალიზაციაზე, ცხოვრების აბსურდულობაზე, სექსსა და ტერორიზმზე, რომელიც საბოლოოდ ყველაფერს ანადგურებს.

10. ახალი აღთქმა

შატო მუხრანში წელს განსაკუთრებული წინასაახალწლო განწყობა დაგხვდებათ

Kontakt Home-ში ციფრული მარკეტინგის მენეჯერს ეძებენ!