in

10 ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორია — რას ეფუძნება ისინი?

M2
M2

„ახსნა, რომელიც ეხება ფარულ, ბოროტ ძალებს, რაიმე ბოროტი მიზნის მიღწევისკენ მიდრეკილი“, — ასე განმარტავენ პოლიტოლოგები ერიკ ოლივერი და თომას ვუდი შეთქმულების თეორიას. შეთქმულების თეორია არ უნდა იყოს ყალბი, მაგრამ ის აუცილებლად ეწინააღმდეგება იმავე მოვლენის ან ფენომენის ჩვეულებრივ, ზოგადად მიღებულ ვერსიას.

როგორც კი შეთქმულების თეორია მიღებულ ახსნად იქცევა, ის ისტორიულ ფაქტად ყალიბდება. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ადამიანები განაგრძობენ დაუჯერებელი აზრების რწმენას — ისინი იმედოვნებენ, რომ მათი შეხედულებები საბოლოოდ ჭეშმარიტი აღმოჩნდება. რეალურად, რწმენის ეს საკმაოდ აპოკალიფსური რეჟიმი სამყაროს მუდმივ არეულობაში განიხილავს, სადაც მხოლოდ მას შეუძლია თავის დაცვა, ვისაც შეთქმულება ესმის… მისი ვალია, „გაანადგუროს მტერი და გადაარჩინოს კაცობრიობა“.

ასეთ თეორიებს განიხილავენ, როგორც ერთგვარ მაგიურ აზროვნებას, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, აუხსნელი მოვლენით გამოწვეულ რთულ ემოციებს გაუმკლავდეს. ყოველწლიური კვლევების თანახმად, ამერიკის მოსახლეობის ნახევარს მინიმუმ ერთი შეთქმულების თეორიის სჯერა. სტატიაში კი 10 ყველაზე პოპულარულ შეთქმულების თეორიას გაგიზიარებთ.

1. საიდუმლო ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს სამყაროს

ამ შეთქმულების თეორიის თანახმად, სამყაროს „ილუმინატის“ ჯგუფი აკონტროლებს და ცდილობს, მსოფლიოს ერთიანი მთავრობა შექმნას. მისი საბოლოო მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს და ადამიანურ იდენტობებს გაანადგურებს. საბოლოოდ კი სრულ ავტორიტარულ კონტროლს მოიპოვებს.

ამ თეორიის ერთი ვერსია სხვა ჯგუფების მსოფლიო ბატონობასაც განიხილავს — მაგალითად, ებრაელების ან გლობალისტების.

2. პრეზიდენტი ობამა არ დაბადებულა შეერთებულ შტატებში და, შესაძლოა, მუსლიმი იყოს

ამ ცრუ ვარაუდს აქტიურად ემხრობოდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თეორია იმის შესახებ, რომ ბარაკ ობამა რეალურად დაიბადა კენიაში და არ არის ამერიკელი, მისი დელეგიტიმაციისთვის გამოიყენებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ობამამ დაბადების მოწმობაც კი წარმოადგინა, რათა ეჭვები გაეფანტა, 2016 წლის NBC News/SurveyMonkey-ის გამოკითხვაში რესპუბლიკელების 72% კვლავ სკეპტიკურად იყო განწყობილი…

ამ შეთქმულების კიდევ ერთი ასპექტი ირწმუნება, რომ ობამა სინამდვილეში მუსლიმია — რეალურად კი ქრისტიანია. ამ იდეას ამყარებს ის ფაქტი, რომ ბარაკ ობამა ბავშვობაში მუსლიმ მამასთან ერთად ცხოვრობდა.

3. 9/11 თავდასხმები „უბრალო დადგმა“ იყო

ე. წ. „სიმართლის კაცების“ თანახმად, 11 სექტემბრის თავდასხმები აშშ-ის მთავრობის მიერ იყო დადგმული. მათ მიაჩნიათ, რომ ბუშის ადმინისტრაციამ წინასწარ იცოდა თავდასხმების შესახებ, თუმცა ხელი არ შეუშლია ამისთვის… მიზეზი კი ავღანეთში შეჭრის სურვილი და წინასწარ განზრახული გეგმების განხორციელება იყო.

რა თქმა უნდა, ეს თეორია ფართოდ იქნა უარყოფილი, მაგრამ მაინც განაგრძობს არსებობას. ამ იდეას განამტკიცებენ იმ მოსაზრებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეტად შეძლო ეროვნული პრინციპების სტიგმატიზაცია.

4. სამყაროს რეპტილოიდები მართავენ

2013 წლის გამოკითხვის თანახმად, 12 მილიონი ამერიკელი ემხრობა იდეას, რომ სამყაროს რეპტილოიდები აკონტროლებენ. უფრო კონკრეტულად, ისინი მართავენ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას იკავებენ. ამ შეთქმულების თეორიის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ ქვეწარმავლები ნებისმიერ პიროვნებას უგონო მონებად, მარიონეტებად აქცევენ.

5. ჯონ კენედის მკვლელობა

ამერიკელთა 51%-ს სჯერა, რომ პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის უკან შეთქმულება დგას. ამ კონკრეტული თეორიის პოპულარობა 1963 წლიდან იღებს სათავეს, რადგან საზოგადოებამ დამაჯერებელი და მკაფიო ახსნა ვერ მიიღო, თუ რეალურად ვინ დგას ამ დანაშაულის მიღმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პასუხისმგებლობა მსროლელს ლი ჰარვი ოსვალდს ეკისრებოდა, საზოგადოების გონებაში ისეთი მრავალფეროვანი ორგანიზაციები იყო ჩართული, როგორიცაა CIA, კგბ ან მაფია. თეორიის მიხედვით ყურადღება გამახვილებულია ანალიზზე — იყო თუ არა მხოლოდ ერთი მსროლელი ან უფრო მეტი გასროლა, ვიდრე ოფიციალურ ჩანაწერებშია ნათქვამი.

6. უცხოპლანეტელები გვიკავშირდებიან

სოციუმის ნაწილს სჯერა, რომ დედამიწაზე მიმდინარე გარკვეული მოვლენები უცხოპლანეტელებს უკავშირდება. მათ შორისაა ისეთი საიდუმლოებები, როგორებიც არის სავარაუდო მფრინავი თეფშის ჩამოვარდნა როსველში 1947 წელს. ამ ინციდენტის „დაფარვას“ კი Area 51-ს უკავშირებენ — მეტისმეტად გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზას, სადაც ექსპერიმენტული კვლევები ტარდება. ეს კი მეტად აძლიერებს ჭორებს, რომ იქ უცხოპლანეტელებსა და მათ ტექნოლოგიებზე ტარდება კვლევები.

7. მთვარეზე დაშვება ყალბი იყო

გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პოლიტიკური მიღწევა, მთვარეზე დაშვება, ხშირად ხდება „თავდასხმის ობიექტი“. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მთვარეზე რეალურად არავინ გაფრენილა და ეს NASA-სა და აშშ-ის მთავრობის ერთობლივი დადგმა იყო, როგორც ცივი ომის ნაწილი, ეროვნული სიამაყის ასამაღლებლად და საბჭოთა კავშირთან უპირატესობის დასამტკიცებლად.

ამ იდეის მხარდამჭერები მიუთითებენ ისეთ დეტალებზე, როგორებიც არის დროშის ფრიალი, რადგან კოსმოსში ქარი არ არის… თუმცა ასტრონავტებმა ეს მოვლენა იმით გაამართლეს, რომ დროშა მხოლოდ ზედაპირზე განთავსების მომენტში მოძრაობდა.

აღნიშნული თეორიის ვარიანტი იქამდეც კი მიდის, რომ ყალბი სადესანტო კადრების უკან ცნობილი კინორეჟისორი, სტენლი კუბრიკი დგას…

8. FDA არ აქვეყნებს კიბოს წამალს

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ FDA-მ და Big Pharma-მ უკვე მიაკვლიეს კიბოს განკურნების საშუალებას, მაგრამ ჯერ კიდევ საიდუმლოდ ინახავენ. ამას იმით უარყოფენ, რომ მსგავსი მასშტაბის შეთქმულება ათასობით ადამიანის მონაწილეობას მოითხოვს, როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ სექტორში.

ამასთან, შეთქმულების გასაბათილებლად ამბობენ, რომ რეალურად, წამლის გაყიდვა ძალიან დიდ ფულს მოიტანს სამედიცინო სექტორში. ისიც ძნელი დასაჯერებელია, რომ „მედიცინის ეს ბოროტი მუშაკები“ წამლებს საკუთარი თავის ან ოჯახის წევრებისთვის არ იყენებენ.

9. ქიმიური ბილიკები ცაზე

კიდევ ერთი შეთქმულების თეორიის თანახმად, ცაზე თვითმფრინავის მიერ დატოვებული ხაზები რეალურად „ქიმიური ბილიკებია“. ანუ, ერთგვარი ქიმიკატი, რომელსაც მთავრობა მთელ მოსახლეობას ასხურებს — იქნება ეს ვირუსის გავრცელების მიზნით თუ ადამიანების გასაკონტროლებლად, როგორც ამას თავად ამბობენ.

10. ჰოლოკოსტი არ ყოფილა

როგორც ჩანს, სოციუმის ნაწილს დღემდე ეჭვი ეპარება გერმანელი ნაცისტების მიერ 6 მილიონი ებრაელის განადგურების ისტორიულ ფაქტში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ათასობით ფოტოთი, დოკუმენტური ფილმითა და უშუალოდ მონაწილე ადამიანების ისტორიით დასტურდება, მსგავსი შეთქმულების თეორია მაინც არ კარგავს აქტუალობას.

ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგის მიერ 100 ქვეყანაში ჩატარებული ძირითადი გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 54%-ს სმენია ჰოლოკოსტის შესახებ. და მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ჰოლოკოსტი სწორად არის გადმოცემული.

„უსასრულო მატარებელი“ გრავიტაციით დაიმუხტება

როგორ გადავიაზროთ მიზნები, პანდემიის შემდეგ?