in

ყველა დროის 10 ყველაზე გაყიდვადი მხატვრული წიგნი

კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი წიგნი დაწერილა, თითოეულ მათგანს კი რაღაც ინდივიდუალურად სახასიათო გამოარჩევს. როგორც ამერიკელმა ნოველისტმა ჯორჯ მარტინმა თქვა, მკითხველები ათასობით სიცოცხლით ცხოვრობენ და ეს მართლაც ასეა — ყოველი ახალ ამბის ნაწილად ვიქცევით და ამა თუ იმ პერსონაჟის როლსაც დიდი ოსტატობით მოვირგებთ ხოლმე. უბრალოდ, არის წიგნები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს და საყვარელი გმირების გაზიარება სხვებთანაც გვიწევს… ასე ვხდებით მეც, თქვენც და ვინმე სხვაც, პირობითად, „მაკონდოს მაცხოვრებელი“.

სტატიაში კი სწორედ ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მხატვრულ წიგნებზე გიამბობთ და თუ რომელიმე მათგანი ჯერ არ წაგიკითხავთ, ჯერი თქვენზეა. ხოლო თუ ჩამონათვალში თქვენთვის საყვარელ ნაწარმოებებს აღმოაჩენთ, ალბათ, კიდევ ერთხელ გააცნობიერებთ, როგორ გვაქცევს კითხვა სრულიად უცნობ ადამიანებს ერთი კონკრეტულის საერთო ნაწილად.

*P.S. რიგითობა რაიმე პრინციპს არ მიჰყვება, უბრალოდ, სხვადასხვა დროის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული წიგნების ათეულია მოცემული.

1. „დონ კიხოტი“ — მიგელ დე სერვანტესი

1605 წელს დაწერილ კლასიკაში მეჩვიდმეტე საუკუნის ესპანეთი ნათელი ფერებითაა წარმოდგენილი, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მთელი სიუჟეტი დონ კიხოტის ცხოვრების, მისი მოგზაურობისა და მეგობრის, სანჩო პანსას ირგვლივ ვითარდება. მთავარ იდეას კი დონ კიხოტის დაუოკებელი სურვილი წარმოადგენს, თავი მოაწონოს სატრფოს, დულსინეას და გმირული საქციელებით რაინდობას მიაღწიოს. ამის გამოა, რომ სანჩო პანსასთან ერთად მრავალ წარმოსახვით მტერს ებრძვის, გზად კი ფანტასტიკურ გამოწვევებს აწყდება.

მთლიანობაში, ნაწარმოები ადამიანის მდგომარეობას ეხება, მეტაფორებისა და გმირის გამოწვევების მეშვეობით. სერვანტესიც ხომ ასეთად წარმოგვიდგენს თავის ქარის წისქვილებთან მებრძოლ პერსონაჟს, რომელიც ჯადოსნური თვალებით უყურებდა სამყაროს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იზიარებდა მის ხედვას — დონ კიხოტი დარწმუნებული იყო, რომ თავად რაინდის როლი ერგო, სხვები კი მტრები და მხეცები იყვნენ, რომელთაც უნდა შეჰბრძოლებოდა. თუმცა, სინამდვილეში, ადამიანებს არანაირი რაინდი არ სჭირდებოდათ, რადგან ეს გამოგონილი მტრები სულაც არ არსებობდნენ.

2. „ფრანით მორბენალი“ — ხალიდ ჰოსეინი

ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ხალიდ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა, რომანით „ფრანით მორბენალი“. წიგნი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ შთამბეჭდავ რიცხვს — 21 მილიონს მიაღწია.

რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა.

„ფრანით მორბენალი“ უაღრესად აქტუალურ თემებზე დაწერილი წიგნია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

3. „ბეჭდების მბრძანებელი“ — ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

ბეჭდების მბრძანებელი არის საგა, რომელიც ფანტასტიკური სამყაროსა და მისი ბოროტებისგან გადარჩენის მცდელობებზე გვიამბობს. ფოლკლორით შთაგონებული ჯადოსნური არსებები და სიზმრისეული დაშვებები ერთი მთლიანობის ნაწილია, აქ ყველაფერი შესაძლებელი ხდება — არაფერს გააჩნია დამაბრკოლებელი საზღვარი. მოჯადოებული ბეჭედი კი ყველა გმირის მამოძრავებელ ძალად გვევლინება, როგორც სანუკვარის და, ამავდროულად, მისგან თავის დაღწევის მცდელობების ერთიანობად.

„ბეჭდების საძმო“, „ორი ციხე-კოშკი“ და „მეფის დაბრუნება“ თანაბრად პოპულარულია მთელ მსოფლიოში — სამივე ნაწილს ერთნაირი აჟიოტაჟი მოჰყვა და, ალბათ, არავის ჰქონია ისეთი განცდა, რომ პირველის შემდეგ მეორე ან მესამე ნაკლებ ღირებული იყო.

 

4. პატრიარქის შემოდგომა — გაბრიელ გარსია მარკესი

„„პატრიარქის შემოდგომა“ ქვაში ნაკვეთი რომანია. ის ერთდროულად ტექსტიცაა და ქანდაკებაც. თუმცა ამ ქანდაკებით ავტორი სკულპტურას ხოტბას არ ასხამს. მას მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების სრული მარტოსულობის ჩვენება უნდა.

გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინოამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი.

გაბრიელ გარსია მარკესს ურთულესი მისია ჰქონდა: მას უნდა დაეწერა რომანი, რომელიც „მარტოობის 100 წელზე“ უკეთესი იქნებოდა, რომანზე, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ლიტერატურას ყველასგან განსხვავებული ხმა შესძინა. გაბრიელ გარსია მარკესი დაჯდა საწერად და შექმნა (ან იქნებ გამოძერწა) ტექსტი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობითა და სამწერლო ოსტატობით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ავტორის მაგნუმ ოპუსს“, — დათო გორგილაძე.

5. „პატარა პრინცი“ — ანტუან დე სენტ ეგზიუპერი

„ღამით ზეცას რომ შეხედავ, მოგეჩვენება, რომ ყველა ვარსკვლავი გიღიმის, რადგან გეცოდინება, რომ ერთ ვარსკვლავზე მე ვცხოვრობ და ვიცინი“… რაღა თქმა უნდა, სენტ-ეგზიუპერის ეს წიგნი, პატარებისა და ზრდასრულებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სხვადასხვაგვარად აღქმადი რომაა, ამ ჩამონათვალში კუთვნილ ადგილს იკავებს.

ეს არის ამბავი ერთმანეთისა და სამყაროს წინაშე არსებულ პასუხისმგებლობაზე, უპირობო სიყვარულსა თუ ბავშვური თვალით დანახულ სიღრმისეულ თემებზე. ამავდროულად, გულუბრყვილოდ მოსაუბრე მთავარი პერსონაჟი საოცარი სიზუსტით, ერთგვარი ირონიითაც კი გვახსენებს ზრდასრულებს, როგორ ვკარგავთ ცნობისმოყვარეობისა და წარმოსახვის უკიდეგანო შესაძლებლობებს — სადღაც ბავშვობაში ვტოვებთ და ვეღარც ვპოულობთ.

ამის ფონზე კი ბავშვების გონებაგახსნილობაზე გვიამბობს… მოხეტიალე ბიჭზე, რომელიც მოუსვენრად სვამს კითხვებს და მზადაა, სამყაროს უხილავი საიდუმლოებების ამოხსნას შეეჭიდოს. წიგნში გამოთქმული აზრების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასეთი ცნობისმოყვარეობაა ბედნიერების გასაღები.

6. „მარტოობის ასი წელიწადი“ — გაბრიელ გარსია მარკესი

„მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში, მაკონდო XIX საუკუნის 40-იან წლებში იბადება და XX საუკუნის 30-იან წლებამდე ძლებს. ამ საუკუნის განმავლობაში დასახლებაში ექვსი თაობა შეიცვლება, თითოეული პერსონაჟის ამბავი კი გამორჩეულად სულისშემძვრელია, ყველას რაღაც ინდივიდუალური სევდა, თავდაუღწეველი ხვედრი დაჰყვება.

მაგიური რეალიზმის ეს შთამბეჭდავი ნიმუში წარმოუდგენელი, ირაციონალური ამბების თავშესაყარია, სადაც ცადამაღლებული რემედიოსი განსხეულებულ მშვენიერებად გვევლინება, ღორისკუდგამობმული ბავშვი კი სიუჟეტის მთავარ შიშად; ხოლო წვიმა, თავისი მარტოობის მეტაფორით, წიგნის განწყობის განმსაზღვრელად — მარტოობა ხომ ყველა პერსონაჟის თანმდევ წყევლას წარმოადგენდა.

„მაკონდო გაბოს ერთი მთავარი რამის სათქმელად დასჭირდა — ექვსი თაობა, განვითარებაც და გადაგვარებაც, თუმცა უკანასკნელი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, სამყარო უკეთესი იქნებოდა. აი ამ ტრაგიკული აზრის თქმა სურდა მარკესს. პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ — ეს მთელი სამყაროს ისტორიაა“, — ლევან ბერძენიშვილი.

7. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ — ჯოან როულინგი

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უნატრია ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრილიყო და რომელიმე საკულტო გმირის როლი მოერგო. მართლაც წარმოუდგენელია, ამ ცდუნებას არ აჰყვე, როგორც პატარაობისას, ისე უკვე ზრდასრულ ასაკში. მერე რა, რომ ჰარი, რონი და ჰერმაინი უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, ყველაზე ბოროტ ძალებთან უწევთ შებრძოლება და სიკვდილის პირასაც არაერთხელ აღმოჩენილან.

მთლიანობაში, ჯოან როულინგმა შეთხზა ამბავი, რომელიც ფანტასტიკურ წარმოსახვებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში გვახედებს, როგორებიცაა ერთგულება, მეგობრობა, უპირობო სიყვარული, გამბედაობა, სიკეთის ძალა და ა. შ. ამიტომაცაა, რომ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ჩამონათვალში არა მხოლოდ პირველი, არამედ სხვა ნაწილებიც სათანადო ადგილს იკავებს.

8. „1984“ — ჯორჯ ორუელი

ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს.

პოლიტიკური თემების, სლოგანების — ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა — ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში (საბჭოთა კავშირი, ჩინეთი) იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. უცნაურია, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა.

უკიდეგანოდ დიდ ქვეყანას, ოკეანიას, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა. „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან… გიცქერდა და ჩაგძახოდა — ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში — მას ვერსად გაექცეოდი“. ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს: საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა — „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა… ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა…“

ჯორჯ ორუელი უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ შეიძლება, სწორედ ასეთი სახე მიიღოს.

9. „ჰობიტი“ — ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

„რომ არ ყოფილიყო ტოლკინი, რომ არ არსებულიყო ზღაპარი, რომელიც სულაც არ არის ზღაპარი — იქნებოდა თუ არა სამყარო ისეთი, როგორიც არის? ვიქნებოდით თუ არა ჩვენ უფრო უკეთესები ან უარესები, ვიდრე ვართ? მართლაც კარგი იქნებოდა, ეს ზღაპარი გვექცია ცხადად, ახალი ენები გვესწავლა და ახლიდან დაგვეწყო კაცობრიობის თავგადასავალი“, — დაიწერა ინგლისური ჟურნალის, „დეილი მირორის“ ერთ-ერთ ნომერში.

ნამდვილად რთულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ერთი რამ აშკარად ცხადია: წიგნი ერთი უბრალო ადამიანის გმირად ქცევის ამბავს გვიყვება. ბილბო, მორცხვი და საკუთარი უსაფრთხო ცხოვრებით კმაყოფილი ბიჭი, ყოველი ჩვენგანის სახეს წარმოადგენს, როგორც შესაძლებლობას იმისა, რომ არაფრით განსაკუთრებული ყოველდღიურობა, სულ სხვაგვარ არსებობად ვაქციოთ.

მთლიანობაში, „ჰობიტი“ შთაგვაგონებს, რომ გავრისკოთ, კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ და დავინახოთ, რეალურად „რისთვის ვართ შექმნილი“. ასე აცნობიერებს ბილბოც, რომ მთელ სამყაროში იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ რიგითი ჰობიტი.

10. „თამაში ჭვავის ყანაში“ — ჯერომ სელინჯერი

რომანში 16 წლის ჰოლდენ კოლფილდის ცხოვრების ორი დღეა აღწერილი მას შემდეგ, რაც მოსამზადებელი სკოლიდან გარიცხეს, დაბნეული და იმედგაცრუებული ჭეშმარიტებას ეძებს და ზრდასრულთა სამყაროს „ხმაურს ეძებს“. მთელ ამ პროცესში კი შინაგანად გამოფიტულ, ემოციურად არასტაბილურ პიროვნებად ყალიბდება.

ჰოლდენი ამბობს: „წიგნი ისეთი უნდა იყოს რო წაიკითხავ უნდა მოგინდეს რო მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რო დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას …“ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ნამდვილად გვიჩნდება სურვილი ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობისა. თუმცა ეს მისი ერთადერთი რომანია, ამიტომ კვლავ მას და მხოლოდ რამდენიმე მოთხრობას უნდა ჩავეჭიდოთ სელინჯერის პიროვნების აღსაქმელად.

აქვე აღსანიშნავია, რომ „თამაში ჭვავის ყანაში“, თავის დროზე, აშშ-ის რამდენიმე შტატსა და რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა, დეპრესიულობისა და უხამსი ლექსიკის გამო, თუმცა დღეს ბევრ ამერიკულ სკოლაში შედის წასაკითხად რეკომენდებულ ლიტერატურაში.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

მეამბოხე, სწრაფი, ამაღელვებელი – როგორ ახასიათებს ახალ Prius-ს მისი ახალი რეკლამა?

რობოძაღლ Spot-ის ნამუშევრები გალერეაში გამოიფინება