in

10 ზოგადი უნარი, რომელიც კარიერულად გაგზრდით

არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლებს თანამშრომლების მიმართ გარკვეული ნაკლოვანების გრძნობა უჩნდებათ — ფიქრობენ, რომ მათ „ვნება“ და ენთუზიაზმი აკლიათ. შესაძლოა, ზუსტად ის გამოცდილება და უნარები გაგაჩნდეთ, რომელსაც პოტენციური დამსაქმებელი ეძებს, მაგრამ თუ ზემოთ ხსენებული ვნება გაკლიათ, დიდი ალბათობით, ვერ მიიღებთ სამსახურს. რეზიუმეში მოცემული უნარები მხოლოდ ისტორიის ნაწილს გვიყვება, ხოლო ადამიანის სამუშაო ეთიკის გაგება, როგორ შეუძლია სირთულეების გადალახვა და თანამშრომლებთან ურთიერთობა, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

LinkedIn-ის გლობალური ნიჭიერების ტენდენციების ანგარიში აჩვენებს, რომ დამსაქმებელთა 92% ასეთ უნარებს ისეთივე ყურადღებას აქცევს, როგორც პროფესიულს. რიგ შემთხვევებში, უფრო პრიორიტეტულიც კია. იმავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89% ახალი თანამშრომლის გამოუცდელობას საჭირო სოციალური უნარების არქონას უკავშირებს.

მუდმივი ინოვაციები, ტექნოლოგიური განახლებები და ახალი ფუნქციების გამოშვება სწრაფად აძველებს ზოგად უნარებს. ამავდროულად, ინტერპერსონალური უნარები არასოდეს ძველდება — ისინი აქტუალურია და ადამიანის ჩართულობასაც აძლიერებს.

სტატიაში მოცემულია 10 ინტერპერსონალური უნარი, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. 

ადაპტაციის უნარი

დაფიქრდით: გარემოსთან ადაპტაცია კარიერული განვითარების რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია. სამუშაო ადგილის ადაპტირება არის თქვენი როლის, პროცესებისა და გარემოს ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი. რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, თქვენი მიზანი უნდა იყოს აკლიმატიზაცია და წარმატება. იმის ნაცვლად, რომ ცვლილებებს დაელოდოთ, განჭვრიტეთ, რა შეიძლება შეიცვალოს. ასევე, დაფიქრდით: როგორ მოერგებით ახალ გარემოს? გაქვთ თუ არა ახალი შესაძლებლობები თქვენი უნარების გასავითარებლად? რა არის საუკეთესო გზა ახალ პროექტებში წვლილის შესატანად? 

ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი არის ადამიანის უნარი, აღიქვას, შეაფასოს და გააკონტროლოს თავისი ემოციები, გააცნობიეროს სხვა ადამიანების გრძნობები. მაღალი EQ-ის მქონე ადამიანი ლაპარაკამდე და მოქმედებამდე ფიქრობს. რაც მთავარია, აფექტურ მდგომარეობაში, ბრაზით არ იღებს გადაწყვეტილებებს — როცა ღელავს, ჩერდება და ერთი ნაბიჯით უკან იხევს, რათა ემოციების დარეგულირებაზე იმუშაოს. მარტივად რომ ვთქვათ, გრძნობებს და ემოციურ მდგომარეობას სამუშაოში ხელის შეშლის უფლებას არ აძლევს.

ეფექტური კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია არის ხელოვნებაც და მეცნიერებაც — ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა. კარგ კომუნიკატორს შეუძლია აზრების მკაფიოდ გამოხატვა და პროდუქტიული შედეგის მოტანა. ასეთ დროს გაუგებრობისთვის ცოტა ადგილი რჩება… ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სიტუაციაში ლაკონიურურობა და მკაფიოობა შეინარჩუნოთ. ეს გააძლიერებს ახალ კავშირებს, გრძელვადიან ურთიერთობებს და თქვენს რეპუტაციას.

მოლაპარაკება

მოლაპარაკება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი ზოგადი უნარია. ის მოიცავს დროის მართვას, აქტიურ მოსმენას, ანგარიშვალდებულებას და კრიტიკულ აზროვნებას.

განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და დააწესეთ მკაფიო, მყარი საზღვრები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლება იყოს განხილული. მოლაპარაკებაში „შესვლისას“ ყოველთვის იმუშავეთ ყველაზე განახლებულ და სანდო ფაქტებთან და გაითვალისწინეთ ინფორმაციის წყარო თუ კონტექსტი.

გუნდური მუშაობა

ბიზნესი გუნდის გარეშე არ მუშაობს. ეფექტურ გუნდურ მოთამაშეს პოზიტიური ატმოსფეროს შექმნაში შეუძლია მონაწილეობის მიღება. გირჩევთ, ყოველთვის იზეიმოთ თქვენი გუნდის წევრების მცირე გამარჯვებები. ეს ბედნიერ სამუშაო კულტურას ქმნის, სადაც თანამშრომლები მხარდაჭერას და აღიარებას გრძნობენ. ხოლო მოტივირებული ადამიანები მზად არიან, მეტი ენერგია და პროდუქტიულობა ჩადონ საქმეში.

პოზიტიური განწყობა

პესიმიზმი არ დაგეხმარებათ კარიერის აშენებაში. იბრძოლეთ პოზიტიური ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდის წევრებთან საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობთ. პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ კორპორატიული კიბეზე უფრო სწრაფად ასვლაში. მოერიდეთ ნეგატიურ აზრებს, ჭორებს და ჩივილებს. ჩივილი არაფერს გარგებთ. ამის ნაცვლად, გადახედეთ პრობლემას და მოიფიქრეთ პრობლემის გადაჭრის ახალი გზები. პოზიტიური ადამიანი შესაძლებლობებს ხედავს და არა — დაბრკოლებებს.

დროის მენეჯმენტი

კარიერული წარმატების სწრაფად მისაღწევად, დროის მართვა ნომერ პირველი პრიორიტეტია. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფრის ერთდროულად  (და, ამავდროულად, კარგად) გაკეთება არ შეგიძლიათ. ამრიგად, საჭიროა, სია შეადგინოთ და ამოცანები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ — „გადაუდებელი“, „მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სასწრაფო“ და „სხვა“.

ზოგიერთი ამოცანის ავტომატიზაციისთვის გამოიყენეთ ინსტრუმენტები. ასევე, შეგიძლიათ, კალენდარში გარკვეული დრო მოინიშნოთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად.

კონფლიქტის გადაწყვეტა

შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტი ორგანიზაციაში, ან, როდესაც კონფლიქტი გარდაუვალია, იმუშავეთ დავების ადრეული გადაწყვეტაზე (სანამ ისინი უფრო სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა). შეგიძლიათ, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები გამოიყენოთ — გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენთვის და კომპანიისთვის მუშაობს. ხშირად კონფლიქტი წარმოიქმნება არასწორი (ან არასაკმარისი) ინფორმაციის გამო, ამიტომ მითითებების, ვადების და პოლიტიკის ნათლად, ზუსტად და დროულად გადმოცემამ შეიძლება თავიდან აგაცილოთ მრავალი კონფლიქტი.

სამუშაო ეთიკა

აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს საქმიანობაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდს მართავთ, გახსოვდეთ, რომ „მოვალეობა შენზე ჩერდება“. ეს ნიშნავს, რომ გუნდის გამარჯვებები, გაცდენები და შედეგები თქვენზე და თქვენს სამუშაო ეთიკაზე აისახება. ასევე, მნიშვნელოვანია პროექტზე დაშვებული შეცდომების შედეგების მიღება. არასოდეს გადააბრალოთ სხვას რაღაცები.

თანამშრომლობა კონკურენციის ნაცვლად

კონკურენცია მოკლევადიანი თამაშია, თანამშრომლობა კი იწვევს გრძელვადიან ურთიერთობებს და ორმხრივ ზრდას. ამასთან, თანამშრომლობა უფრო ღრმა ურთიერთობებს, კრეატიულობის გაზრდას და უფრო ინოვაციურ შედეგებს წარმოქმნის.

ასევე, როდესაც თანამშრომლობთ გუნდის სხვა წევრებთან, შეგიძლიათ ისწავლოთ ამოცანების შესრულების ახალი გზები. ინფორმაციის გაცვლა გუნდებში ჯვარედინი ვარჯიშის საშუალებასაც იძლევა.



„პიტსტოპ მოტომ“ საქართველოში სასწრაფო დახმარების ტრიციკლები ჩამოიყვანა

როგორ განვსაზღვროთ, ვინ ფლობს ძალაუფლებას ახალ სამსახურში?